ჩვენ უკვე ვწერდით, რომ აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტი (HHS) მიმდინარე თვეში ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავდა, რომელიც აუტიზმის გამომწვევ მიზეზს ადგენდა. ასეც მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჯანდაცვის მდივანმა რობერტ ფ. კენედი უმცროსმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს კავშირი აუტიზმსა და ორსულობის დროს აცეტამინოფენის (ცნობილი როგორც ტაილენოლი), იგივე პარაცეტამოლის მიღებას შორის. ეს განცხადება ეწინააღმდეგება სამეცნიერო მტკიცებულებების უდიდეს ნაწილს და მან სამედიცინო საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
“და მე მინდა, ეს ახლავე ვთქვა… ნუ მიიღებთ მას”, – განაცხადა ტრამპმა. “არ მიიღოთ. არაფერს დაკარგავთ, თუ არ მიიღებთ… თუ ვერ ითმენთ, თუ არ შეგიძლიათ, მაშინ მიიღებთ ტაილენოლს, მაგრამ ძალიან იშვიათად”.
ეს განცხადება წარმოადგენს კენედის მიერ დაანონსებული კვლევის კულმინაციას, რომელსაც სექტემბერში “აუტიზმის ეპიდემიის გამომწვევი მიზეზები” უნდა დაედგინა.
ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურნენ წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციები. მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეგიის (ACOG) პრეზიდენტმა, სტივენ ფლეიშმანმა, აღნიშნა: “დღევანდელი განცხადება არ არის გამყარებული სამეცნიერო მტკიცებულებების სრული სპექტრით და სახიფათოდ ამარტივებს ბავშვებში ნევროლოგიური პრობლემების მრავალ კომპლექსურ მიზეზს. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ჩვენი ფედერალური ჯანდაცვის უწყებები მზად არიან, გააკეთონ განცხადება, რომელიც მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას შეეხება, სანდო მონაცემების გარეშე”.
ტაილენოლის მწარმოებელმა კომპანია “Kenvue”-მაც უარყო ეს მტკიცებულება და განაცხადა: “დამოუკიდებელი, მყარი მეცნიერება ნათლად აჩვენებს, რომ აცეტამინოფენის მიღება აუტიზმს არ იწვევს… ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ რისკით, რომელსაც ეს განცხადება უქმნის ორსულ დედებს”, რომლებმაც შესაძლოა, უარი თქვან საჭირო ტკივილგამაყუჩებელზე.
მეცნიერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ პარაცეტამოლსა და აუტიზმს შორის კავშირი, საუკეთესო შემთხვევაში, მინიმალურია. შვედეთში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელშიც 2 მილიონზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა, დაადგინა, რომ “ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენება არ ასოცირდებოდა ბავშვებში აუტიზმის, ADHD-ის ან ინტელექტუალური შეზღუდვების რისკთან”.
განცხადების დროს ტრამპმა ასევე გაიმეორა დიდი ხნის წინ უარყოფილი თეორიები ვაქცინებში ვერცხლისწყლის არსებობისა და აუტიზმთან მისი კავშირის შესახებ.
აუტიზმის მეცნიერთა კოალიციის ხელმძღვანელმა, ჰელენ ტაგერ-ფლუსბერგმა, ასევე გააკრიტიკა ადმინისტრაციის მიერ ლეიკოვორინის (ფოლიუმის მჟავის ფორმა) რეკომენდაცია აუტიზმის სამკურნალოდ და მას “ზედმეტად ნაადრევი” უწოდა, რადგან არ არსებობს შესაბამისი მასშტაბური კლინიკური კვლევები.




