პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჯანდაცვის მდივან რობერტ კენედი უმცროსის მიერ გაკეთებული გახმაურებული განცხადების საპასუხოდ, მეან-გინეკოლოგთა ამერიკულმა კოლეგიამ (ACOG) გაავრცელა ოფიციალური პოზიცია, რომლითაც ორსულობის პერიოდში აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) უსაფრთხოებასა და სარგებელს კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ეს განცხადება პირდაპირი პასუხია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელმაც აცეტამინოფენის გამოყენება აუტიზმის განვითარებას დაუკავშირა.
ACOG-ის განცხადებაში ნათქვამია: “ორ ათწლეულზე მეტი ხნის კვლევებმა ვერ აღმოაჩინა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის (პარაცეტამოლის) გამოყენებასა და ბავშვებში აუტიზმის, ADHD-ის ან ინტელექტუალური შეზღუდვების განვითარებას შორის”.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ აცეტამინოფენი რჩება ტკივილისა და სიცხის მართვის მნიშვნელოვან და უსაფრთხო საშუალებად ორსულობის პერიოდში. ACOG-ის თანახმად, თავად ეს მდგომარეობები – მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ტკივილი – თუ მათ არ ვუმკურნალებთ, შეიძლება სერიოზულ რისკებს შეიცავდეს როგორც ორსულისთვის, ისე ნაყოფისთვის.
ეს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის რჩევას, რომელმაც ორსულებს მოუწოდა, “მოითმინონ” ტკივილი და სიცხე და მაქსიმალურად შეიკავონ თავი ტაილენოლის მიღებისგან. ACOG-ის განცხადება, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ ასეთმა “მოთმენამ” შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელმა.
მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეგია ორსულობის საკითხებში ქვეყნის წამყვანი სამედიცინო ავტორიტეტია.
ტრამპი ორსულებს პარაცეტამოლის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს და მას აუტიზმს უკავშირებს




