შეერთებულმა შტატებმა პარასკევს დაამტკიცა პირველი სისხლის ანალიზი ალცჰაიმერის დაავადებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადრეული დიაგნოსტიკა პაციენტებს მკურნალობის დროულად დაწყებაში დაეხმარება— განსაკუთრებით იმ ახალ პრეპარატების ფონზე, რომლებიც ამ ნევროლოგიური დაავადების პროგრესის შენელებას უზრუნველყოფენ.
სისხლის ახალი ანალიზი, რომელიც შეიმუშავა კომპანია Fujirebio Diagnostics-მა, ბევრად მარტივ და ხელმისაწვდომ გზას გვთავაზობს ალცჰაიმერის დაავადების სავარაუდო ნიშნების გამოსავლენად.
როგორ მუშაობს გამოკვლევის ახალი მეთოდი
რომ გავიგოთ როგორ მუშაობს ეს ტესტი, უნდა ვიცოდეთ, რა არის ამილოიდური ფოლაქები. ამილოიდური ფოლაქები — ეს არის ცილოვანი გროვები, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის გროვდება ალცჰაიმერის დაავადების დროს. ისინი წარმოქმნიან წებოვან, უჩვეულო სტრუქტურებს, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის ჩნდება და ხელს უშლის მათ შორის კომუნიკაციას. ამილოიდური ფოლაქები ითვლება ალცჰაიმერის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს დაგროვებული ცილები აზიანებს ნერვულ უჯრედებს, აჩერებს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას და საბოლოოდ იწვევს მათ სიკვდილს. შედეგად, ადამიანს ეწყება მეხსიერებისა და აზროვნების პრობლემები — რაც ალცჰაიმერის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომებია. შესაბამისად, ალცჰაიმერის დიაგნოსტიკრებისთვის სწორედ ამილოიდური ფოლაქების აღმოჩენაა მნიშვნელოვანი. აქამდე ასეთი ფოლაქების გამოვლენა შეიძლებოდა მხოლოდ ორი, საკმაოდ რთული მეთოდით:
-
ტვინის სკანირებით (PET სკანი) – საკმაოდ ძვირი ტექნოლოგიაა და ხელმისაწვდომი არ არის ყველგან.
-
ზურგის ტვინის სითხის ანალიზით – მტკივნეული და ინვაზიური პროცედურაა.
Fujirebio Diagnostics-ის მიერ შემუშავებული ანალიზი იყენებს უბრალო სისხლის ნიმუშს და ზომავს ორი განსაკუთრებული ცილის რაოდენობას. შემდეგ ამ მონაცემებს ერთმანეთს ადარებს — ანუ ითვლება მათი შეფარდება.
საუბარია ორ კონკრეტულ ცილაზე:
-
ფოსფორილირებული ტაუ (p-Tau 181)
-
ბეტა-ამილოიდი 1–42 (Aβ1-42)
p-Tau 181 – ეს არის ტაუ ცილის ფორმა, რომელიც ფოსფორილირებულია — ანუ შეიცავს ფოსფორის მოლეკულას. ალცჰაიმერის დროს ტვინში ტაუ ცილა არასწორად გროვდება და ქმნის ნარიერებს ნერვულ უჯრედებს შორის. p-Tau 181-ის მომატებული დონე არის ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი მარკერი.
Aβ1-42 (ბეტა-ამილოიდი 1–42) – ეს ცილა ტვინში გროვდება ამილოიდურ ფოლაქებად. ალცჰაიმერის დროს მისი დონე სისხლში ჩვეულებრივ დაბალია, რადგან ცილა უკვე დაგროვებულია ტვინში.
ანალიზი ითვლის p-Tau 181-ისა და Aβ1-42-ის შეფარდებას, თუ ეს თანაფარდობა მაღალია, ეს ნიშნავს, რომ ტვინში, დიდი ალბათობით, მიმდინარეობს ის ცვლილებები, რაც ალცჰაიმერს ახასიათებს.
ალცჰაიმერი – გლობალური პრობლემა
დღეს ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მზარდ გლობალურ ჯანდაცვით გამოწვევას. ის აღარ არის მხოლოდ ხანდაზმული მოსახლეობის პრობლემა — ის უკვე ეხება მთელ საზოგადოებას, ჯანდაცვის სისტემას, ეკონომიკას და ოჯახებს.
გლობალური მონაცემების მიხედვით, ალცჰაიმერის დაავადება და სხვა დემენციები სიკვდილობის მთავარ მიზეზებს შორის შედის. მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უახლესი სტატისტიკით, ალცჰაიმერი და მასთან დაკავშირებული დემენციები მსოფლიოში სიკვდილობის მეშვიდე წამყვანი მიზეზია, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკაში, ის ხშირად პირველ სამეულში შედის.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გლობალურად იზრდება და იზრდება რისკებიც, მაგ. 2050 წლისთვის მსოფლიოში ალცჰაიმერით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდება, რაც ასახავს იმ რეალობას, რომ საკითხი მხოლოდ მედიცინის პრობლემა აღარ არის — ის სტრატეგიული გეგმარებისა და საზოგადოების მზაობის საკითხი ხდება.
ამჟამად FDA-ის მიერ დამტკიცებულია ალცჰაიმერის მკურნალობის ორი მეთოდი: ლეკანემაბი და დონანემაბი. ეს პრეპარატები მიმართულია ამილოიდურ ფოლაქებზე და კვლევებით დადგენილია, რომ ისინი ხელს უწყობენ კოგნიტური ფუნქციის გაუარესების შენელებას, თუმცა დაავადებას ვერ კურნავენ.
ეს ტესტი დამტკიცებულია მხოლოდ კლინიკურ გარემოში გამოყენებისთვის, იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებათ კოგნიტური ფუნქციის დარღვევის ნიშნები. შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად.
ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ის პროგრესირებს თნელ-ნლეა, ადამიანი კარგავს მეხსიერებას და დამოუკიდებლად ცხოვრებისა უნარს.




