გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმლის გადანერგვის შემდეგ თირკმლის ბოლო სტადიის უკმარისობის მქონე ამერიკელ პაციენტს 271 დღე დიალიზის აღარ დასჭირვებია, რის შემდეგაც მას ადამიანის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. შემთხვევა ქსენოტრანსპლანტაციის ისტორიაში პირველ დადასტურებულ მაგალითს წარმოადგენს, როდესაც ცხოველის ორგანო ადამიანის დონორულ ორგანომდე დროებითი “ხიდის“ სახით გამოიყენეს.
პაციენტ იყო ტიმ ენდრიუსი, 66 წლის მამაკაცი ნიუ-ჰემფშირიდან, რომელსაც თირკმლის ბოლო სტადიის დაავადების გამო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დიალიზი სჭირდებოდა. O ჯგუფის სისხლის გამო ადამიანის დონორულ თირკმელზე მისი მოსალოდნელი ლოდინის პერიოდიც შედარებით ხანგრძლივი იყო.
2025 წლის 25 იანვარს Massachusetts General Hospital-ში მას გენეტიკურად შეცვლილი ღორის თირკმელი გადაუნერგეს. პროცედურა FDA-ს Expanded Access პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტს ექსპერიმენტულ მკურნალობაზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
ორგანო კომპანია eGenesis-ის მიერ გენეტიკურად შეცვლილი ღორისგან იყო მიღებული და სულ 69 გენომურ ცვლილებას შეიცავდა.
მეცნიერებმა სამი ღორის გენი გათიშეს, რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მიერ სწრაფად ამოსაცნობი შაქრის მოლეკულების წარმოქმნაში მონაწილეობს. დამატებით ჩასვეს შვიდი ადამიანის გენი, რათა შემცირებულიყო იმუნური რეაქცია, ანთება და სისხლის შედედებასთან დაკავშირებული შეუთავსებლობა. ასევე გაუქმდა ღორის გენომში არსებული ენდოგენური რეტროვირუსების 59 ასლი, რათა შემცირებულიყო მათი ადამიანზე შესაძლო გადაცემის რისკი.
გადანერგილმა თირკმელმა მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო და ენდრიუსს დიალიზი აღარ სჭირდებოდა.
ადრეულ პერიოდში მას T-უჯრედებით გამოწვეული უარყოფის ეპიზოდი განუვითარდა, თუმცა ექიმებმა იმუნოსუპრესიული მკურნალობის გაძლიერებით მისი კონტროლი შეძლეს. კვლევის განმავლობაში ღორიდან ადამიანზე პათოგენების გადაცემის შემთხვევა არ გამოვლენილა.
პრობლემა დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გაჩნდა. ინფექციის ფონზე ექიმებს იმუნოსუპრესიის შემცირება დასჭირდათ. მოგვიანებით ღორის თირკმელში განვითარდა მცირე სისხლძარღვების დაზიანება და ანთება, რომელიც თანდათან პროგრესირდა და საბოლოოდ ორგანოს ფუნქციის დაკარგვა გამოიწვია.
თირკმელი 2025 წლის ოქტომბერში ამოიღეს და ენდრიუსი დროებით ისევ დიალიზს დაუბრუნდა.
შემდეგ მოხდა ის, რაც შემთხვევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
2026 წლის იანვარში მას გარდაცვლილი ადამიანის დონორის თირკმელი გადაუნერგეს. ახალი ორგანო დაუყოვნებლივ ამუშავდა. მკვლევრებმა შემდგომი დაკვირვებისას ვერ აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ ღორის ორგანოს წინა ტრანსპლანტაციას ისეთი იმუნური სენსიტიზაცია გამოეწვია, რომელიც ადამიანის თირკმლის მიღებას ხელს შეუშლიდა.
ეს მნიშვნელოვანი კითხვაა ქსენოტრანსპლანტაციისთვის. თუ ღორის ორგანო მხოლოდ დროებით უნდა გამოიყენონ, აუცილებელია დარწმუნება, რომ ის პაციენტს მომავალში ადამიანის ორგანოს მიღების შესაძლებლობას არ დაუკარგავს.
ენდრიუსის შემთხვევამ პირველად აჩვენა, რომ ასეთი გზა რეალურად შესაძლებელია.
271 დღე იმ დროისთვის ცოცხალ ადამიანში ღორის თირკმლით დიალიზის გარეშე ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო. ახალი მონაცემების მთავარი მნიშვნელობა კი მხოლოდ დღეების რაოდენობა არ არის. კვლევა პირველად აღწერს მთლიან გზას – ღორის ორგანოს გადანერგვიდან, ხანგრძლივი ფუნქციონირებისა და მისი საბოლოო დაკარგვის გავლით, ადამიანის დონორული თირკმლის წარმატებულ ტრანსპლანტაციამდე.
ქსენოტრანსპლანტაცია ნიშნავს ორგანოს ერთი სახეობიდან მეორეში გადანერგვას. ღორი ამ მიმართულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო დონორია, რადგან მისი ორგანოების ზომა ადამიანისას ჰგავს და თანამედროვე გენური რედაქტირების საშუალებით იმუნოლოგიური შეუთავსებლობის ნაწილის შემცირება შესაძლებელია.
თუმცა ენდრიუსის შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ღორის თირკმლები უკვე ადამიანის ორგანოების ალტერნატივაა.
პაციენტს ძლიერი იმუნოსუპრესია სჭირდებოდა, ორგანომ საბოლოოდ ფუნქცია დაკარგა და გვიანი მიკროსისხლძარღვოვანი დაზიანების მექანიზმები ჯერ სრულად ამოსახსნელია. კვლევა ერთი ადამიანის გამოცდილებას აღწერს და უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი ეფექტიანობის დასადგენად კონტროლირებული კლინიკური კვლევებია საჭირო.
ამ ეტაპზე მეცნიერებისთვის განსაკუთრებით რეალისტური სცენარი შეიძლება სწორედ “ხიდის“ მოდელი იყოს – ღორის თირკმელმა ადამიანს მისცეს პერიოდი დიალიზის გარეშე, სანამ შესაბამისი ადამიანის დონორი გამოჩნდება.
თუ უფრო დიდ კვლევებში ეს მიდგომა უსაფრთხო და საიმედო აღმოჩნდება, მან მომავალში დონორული ორგანოების მწვავე დეფიციტის პირობებში ტრანსპლანტაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეიძლება გააფართოოს.




