ყოველი მეხუთე მოსწავლე გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ემოციური მხარდაჭერის ან პირადი რჩევის მისაღებად იყენებდა, ხოლო ამ ჯგუფში ფსიქოლოგიური სირთულეები მნიშვნელოვნად უფრო ხშირად ფიქსირდებოდა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანადელი მკვლევრები თითქმის 40 000 ბავშვისა და მოზარდის მონაცემების შესწავლის შემდეგ. კვლევა JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.
კვლევაში ონტარიოს ოთხი სასკოლო ოლქიდან მე-4-დან მე-12 კლასის ჩათვლით 39 761 მოსწავლე მონაწილეობდა. მათი საშუალო ასაკი დაახლოებით 13 წელი იყო. მონაცემები 2025 წლის მაისიდან 2026 წლის მარტამდე შეგროვდა.
მკვლევრებმა ერთმანეთისგან განასხვავეს AI-ის ორი ტიპის გამოყენება. ფუნქციურ გამოყენებაში შედიოდა სასკოლო დავალებებისა და სწავლისთვის AI-ის გამოყენება, ხოლო ემოციურ გამოყენებაში – საკუთარ გრძნობებზე საუბარი და მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ რჩევის მოთხოვნა.
8 408 მოსწავლემ, ანუ 21.1%-მა, აღნიშნა, რომ AI ამ მეორე მიზნითაც გამოუყენებია.
განსხვავება ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებლებში საკმაოდ დიდი იყო. იმ მოსწავლეების 57.7%-ს, რომლებიც AI-ს ემოციური მხარდაჭერისთვის იყენებდნენ, კვლევის სკალით კლინიკურად მნიშვნელოვანი ემოციური პრობლემების ნიშნები ჰქონდა. მათ შორის, ვინც AI-ს ამ მიზნით არ მიმართავდა, შესაბამისი მაჩვენებელი 29.2% იყო.
AI-ს ემოციური მხარდაჭერისთვის მომხმარებლები ასევე უფრო ხშირად აღწერდნენ მარტოობას და უფრო ნაკლებად გრძნობდნენ, რომ სხვებისთვის მნიშვნელოვანი იყვნენ.
მკვლევრებმა ანალიზში ასაკი, სქესი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები, მარტოობა, საკუთარი მნიშვნელობის განცდა და სასკოლო მიზნებისთვის AI-ის გამოყენებაც გაითვალისწინეს. ამ ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც AI-ს ემოციური მხარდაჭერისთვის გამოყენება ფსიქოლოგიურ სირთულეებთან დამოუკიდებლად დაკავშირებული დარჩა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ასეთ მომხმარებლებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ემოციური პრობლემების ალბათობა კორექტირებულ ანალიზშიც დაახლოებით 26%-ით მაღალი იყო.
თუმცა ამ შედეგის ინტერპრეტაციისას ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა არსებობს.
კვლევა ერთ კონკრეტულ მომენტში შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა და ამიტომ ვერ გვიჩვენებს, რომელი იყო პირველი – ფსიქოლოგიური სირთულეები თუ AI-ის გამოყენება.
შესაძლებელია, AI-ს ემოციური მხარდაჭერისთვის გამოყენება თავად არ აუარესებდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და უბრალოდ უკვე შფოთვის, მარტოობის ან სხვა სირთულეების მქონე ახალგაზრდები უფრო ხშირად ეძებდნენ ანონიმურ და მარტივად ხელმისაწვდომ სივრცეს საუბრისთვის.
სწორედ ამიტომ ავტორები AI-სთან ემოციურ საუბარს შესაძლო “სიგნალად“ განიხილავენ და არა პრობლემის დადასტურებულ მიზეზად. მათი შეფასებით, მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ კითხვა, იყენებს თუ არა ბავშვი AI-ს, არამედ რისთვის იყენებს მას.
JAMA Pediatrics-ის თანმხლებ სარედაქციო სტატიაშიც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებში AI-ის გამოყენება სწრაფად სცდება მხოლოდ სასკოლო დავალებებს და ემოციური დახმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ რჩევების სფეროშიც გადადის.
კვლევის მთავარი გზავნილი AI-ის აკრძალვა არ არის. უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმის ამოცნობა, როდესაც ახალგაზრდა ჩატბოტს ადამიანური მხარდაჭერის შემცვლელად იყენებს. ასეთ შემთხვევაში AI-ს გამოყენებაზე მკაცრი რეაქციის ნაცვლად, მკვლევრები ღია საუბარსა და საჭიროების შემთხვევაში რეალურ ადამიანურ და პროფესიულ მხარდაჭერასთან დაკავშირებას ურჩევენ.




