ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გლობალურ ფინანსურ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება: ჩინეთმა გამოაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ორგანიზაციას დამატებით 500 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს განცხადება ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, ვიცე-პრემიერმა ლიუ გოუოჟონგმა გააკეთა. ამით ჩინეთი ხდება WHO-ს უმსხვილესი სახელმწიფო დონორი, მას შემდეგ რაც აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას ტოვებს.
ვიცე-პრემიერმა ლიუმ ხაზი გაუსვა მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევების დასაძლევად და აღნიშნა, რომ ერთპიროვნული მოქმედებები და ძალაუფლების პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანმრთელობას. მისი სიტყვა სოლიდარობისა და ურთიერთდახმარებისკენ მიმართული “მესიჯბოქსებით” იყო დახუნძლული. თუმცა, რიტორიკა, ცხადია, შეიძლება ნიღბავდეს ჩინეთის, როგორც პოლიტიკურად და ეკონომიკურად მზარდი მნიშვნელობის მქონე ქვეყნის მხრიდან გავლენების გაძლიერების ამბიციას.
WHO-ს ბიუჯეტი 21%-ით არის შემცირებული და 2026-2027 წლებისთვის 4.2 მილიარდ დოლარამდე ეცემა აშშ-ის ორგანიზაციიდან გასვლის გამო. მოსალოდნელი ფინანსური დეფიციტის შესავსებად, წევრი ქვეყნებმა შეთანხმდნენ, რომ მომდევნო ორ წელიწადში სავალდებულო შენატანები 20%-ით გაიზრდება. ჩინეთის მნიშვნელოვანი დახმარება სავარაუდოდ ამ “ნაპრალს” დაჩქარებული ტემპით შეავსებს და გააძლიერებს მის გავლენას ორგანიზაციაში.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის გაზრდილი მონაწილეობა არის მისი გლობალური სტატუსის გაძლიერებისა და საერთაშორისო ნორმების გადახედვის სტრატეგიის ნაწილი. აშშ-ის მიერ დატოვებული ლიდერობის ვაკუუმში შესვლით, ჩინეთი მიზნად ისახავს გააფართოოს თავისი გავლენა საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის WHO-ში.
მიუხედავად იმისა, რომ WHO მიესალმება ჩინეთის ფინანსურ დახმარებას, ზოგიერთი წევრი ქვეყანა შეშფოთებულია ორგანიზაციის მმართველობასა და პრიორიტეტებზე ჩინეთის შესაძლო გავლენით. საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება, როგორ იმოქმედებს ჩინეთის გაზრდილი გავლენა WHO-ს ოპერაციებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებზე.




