COVID-ის ვაქცინებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თუმცა, ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ადამიანთა მცირე ნაწილს სხეულის უჩვეულო ადგილებში თრომბები განუვითარდა.
ეს შემთხვევები მხოლოდ იმ ვაქცინების (მაგალითად, AstraZeneca-ს ვაქცინის) მიღების შემდეგ ფიქსირდებოდა, რომლებიც გენეტიკური მასალის გადასატანად მოდიფიცირებულ ადენოვირუსს იყენებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, თუ რატომ ჩნდებოდა ეს თრომბები (არსებობდა ვარაუდები და სხვადასხვა მიგნება) – ახლა კი მეცნიერებმა ეს ფენომენი მტკიცებულებებით ახსნეს. კვლევა The new England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
ამ მდგომარეობას ვაქცინით გამოწვეული იმუნური თრომბოციტოპენია და თრომბოზი (VITT) ეწოდა. ის მაშინ ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს სხეულის ერთ-ერთ საკუთარ ცილას – თრომბოციტების ფაქტორი 4 (PF4).
ამ ცილის ამომცნობი ანტისხეულები ზოგადად ნორმალური იმუნური პასუხის ნაწილია. მაგრამ VITT-ის შემთხვევაში ისინი განსაკუთრებულად “წებოვანი“ ხდება. ისინი ძლიერად ებმება თრომბოციტების ფაქტორ 4-ს, აერთიანებს მრავალ მოლეკულას და ქმნის დიდ ცილოვან გროვებს – ე.წ. იმუნურ კომპლექსებს, რაც საბოლოოდ საშიში თრომბების წარმოქმნას იწვევს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერები აქტიურად სწავლობდნენ VITT-ის ბიოლოგიას, განსაკუთრებით იმას, თუ როგორ ააქტიურებენ ეს ანტისხეულები თრომბოციტებს. თუმცა ყველაზე დიდ საიდუმლოდ მაინც ის რჩებოდა, როგორ იწვევს ვაქცინაცია ამ ანტისხეულების წარმოქმნას.
ახლა ავსტრალიის, კანადისა და გერმანიის მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ამ კითხვას პასუხი გასცა. ექსპერიმენტების სერიაში მათ აჩვენეს, რომ VITT-ის მქონე თითქმის ყველა პაციენტის ანტისხეულებს ერთნაირი, უნიკალური სტრუქტურული ნიშანი აქვს.
მკვლევრებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან VITT-ის მქონე 100 პაციენტი შეისწავლეს. შემთხვევით აღმოჩნდა, რომ მათგან ორმა პაციენტმა წარსულში სისხლი ჩააბარა, რის გამოც გერმანიის სისხლის ბანკის საყინულეებში მათი სისხლის ნიმუშები ვაქცინაციამდე პერიოდიდან ინახებოდა. სწორედ ამ ნიმუშებმა გახსნა ამ დაავადების საიდუმლო.
კვლევამ აჩვენა, რომ VITT-ში ჩართული ანტისხეულები თავდაპირველად წარმოიქმნება იმ ანტისხეულებისგან, რომლებიც ადენოვირუსის ერთ ცილას – protein VII – ამოიცნობს. სავარაუდოდ, ეს ანტისხეულები იმუნური სისტემის “მეხსიერებიდან“ მოდის, რომელიც ბავშვობაში გადატანილ ადენოვირუსულ ინფექციებს უკავშირდება. ასეთი ინფექციები საკმაოდ ხშირია და, როგორც წესი, მსუბუქ გაციებას იწვევს.
ინფექციებზე და ვაქცინებზე რეაგირების დროს ანტისხეულების წარმომქმნელ უჯრედებში ხშირად ხდება მცირე, შემთხვევითი გენეტიკური ცვლილებები. ეს ნორმალური პროცესია და იმუნურ სისტემას ეხმარება, ანტისხეულები ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტიანი გახადოს.
VITT-ის ყველა პაციენტში მეცნიერებმა ერთი და იგივე ცვლილება აღმოაჩინეს. ანტისხეულის მცირე მონაკვეთის შეცვლამ მას მოულოდნელად მისცა უნარი, ძალიან ძლიერად დაკავშირებოდა თრომბოციტების ფაქტორ 4-ს.
იმავე კვლევითი ჯგუფის წინა სამუშაოებმა უკვე აჩვენა, რომ VITT-ის მქონე პაციენტების უმეტესობას აქვს კონკრეტული იმუნური გენის ვარიანტი, რომელიც მათ მიერ წარმოქმნილი ანტისხეულების სტრუქტურას განსაზღვრავს. ახალი კვლევა განმარტავს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. აღმოჩენილი მუტაცია ჩნდება მხოლოდ იმ ანტისხეულებში, რომლებიც სწორედ ამ გენეტიკურ საფუძველზეა აგებული, რის შედეგადაც ისინი თრომბოციტების ფაქტორ 4-ს განსაკუთრებით ძლიერად ებმება.
ეს აღმოჩენა ასევე ხსნის, რატომ არის VITT ასეთი იშვიათი მოვლენა. დაავადების განვითარებისთვის ერთდროულად უნდა მოხდეს ორი ნაკლებად სავარაუდო მოვლენა:
• ადამიანს უნდა ჰქონდეს აღნიშნული იმუნური გენის ვარიანტი
• ანტისხეულების წარმომქმნელ უჯრედში ადენოვირუსზე პასუხის დროს უნდა განვითარდეს იშვიათი მუტაცია
იმუნური სისტემა თრომბოციტების ფაქტორ 4-ზე შეტევას მხოლოდ ამ ორი ფაქტორის ერთად არსებობის შემთხვევაში იწყებს.
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – რატომ არის ეს დღეს მნიშვნელოვანი, როცა პანდემია დასრულებულია?
საქმე იმაშია, რომ ადენოვირუსზე დაფუძნებული ვაქცინები კვლავ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა. ისინი შედარებით იაფია, მარტივად წარმოებადია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება. მომავალ პანდემიებში ასეთი ვაქცინები კვლავ შეიძლება მილიონობით სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროს.
ასევე ზოგჯერ გვხვდება შემთხვევები, რომლებიც VITT-ს ძალიან ჰგავს, მაგრამ ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვთ. ისინი შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულმა ვირუსულმა ინფექციებმა, მათ შორის ადენოვირუსმა და ციტომეგალოვირუსმა.
მსგავსი მექანიზმი ასევე აღწერილია იმ ადამიანებში, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში განმეორებითი თრომბები უვითარდებათ, ხშირი სპონტანური აბორტები აქვთ, ან რომელთა ახალშობილებში ინსულტი დედისგან გადაცემული იმ ანტისხეულებით არის გამოწვეული, რომლებიც თრომბოციტების ფაქტორ 4-ს უტევს.
ზუსტად იმის გაგება, თუ როგორ ვითარდება VITT, მეცნიერებს საშუალებას აძლევს მომავალში ვაქცინები ისე შეცვალონ, რომ ასეთი იშვიათი იმუნური რეაქციის გამოწვევა თავიდან აიცილონ.




