ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და აზიაში მკვეთრად იმატა ორ სხვადასხვა ბაქტერიასთან ასოცირებულმა ფატალურმა შემთხვევებმა. ტერმინი “ხორცისმჭამელი ბაქტერია” ტექნიკურად არაზუსტია, თუმცა ის კარგად აღწერს დაავადების აგრესიულ ბუნებას, რადგან ინფექცია იმდენად სწრაფად ანადგურებს რბილ ქსოვილებს, რომ ხშირად კიდურების ამპუტაცია რამდენიმე საათში ხდება აუცილებელი.
ეს პოპულარული სახელწოდება სინამდვილეში აერთიანებს რამდენიმე ბაქტერიულ სახეობას, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნეკროზული ფასციიტი, რაც კანქვეშა ქსოვილებისა და კუნთების გარსის პროგრესირებად კვდომას ნიშნავს. დღეს მეცნიერები ყველაზე მეტად ორ მათგანს აკვირდებიან, ესენია Vibrio vulnificus, რომელიც ზღვის ორგანიზმია, და A ჯგუფის სტრეპტოკოკი (Streptococcus pyogenes), რომელიც ადამიანებს შორის ვრცელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ორ ბაქტერიას საერთო ზედმეტსახელი აქვს, მათი ბიოლოგია და გავრცელების გზები რადიკალურად განსხვავდება. Vibrio vulnificus ბინადრობს თბილ, მლაშე წყლებში, სადაც მდინარეები ზღვას უერთდებიან. ადამიანის ორგანიზმში ის ორი გზით ხვდება: ღია ჭრილობის კონტაქტით დაბინძურებულ წყალთან ან უმი ზღვის პროდუქტების, განსაკუთრებით ხასტამებისა და კრევეტების მიღებით. ჯანმრთელ ადამიანებში ის მხოლოდ კუჭ-ნაწლავის მსუბუქ დარღვევებს იწვევს, თუმცა რეალური საფრთხე ექმნებათ რისკ-ჯგუფებს, მათ შორის ღვიძლის დაავადებების მქონე პირებს, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებს, დიაბეტიანებსა და ხანდაზმულებს. მათში ბაქტერიამ შეიძლება რამდენიმე საათში გამოიწვიოს სეფსისი და ქსოვილების ნეკროზი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, მძიმე ინფექციის მქონე ყოველი ხუთი პაციენტიდან ერთი რამდენიმე დღეში კვდება.
Streptococcus pyogenes-ს სრულიად განსხვავებული ბიოლოგია აქვს. ეს ბაქტერია სასუნთქი გზებით ან კანის ჭრილობების მეშვეობით გადადის და ზღვის წყალთან კავშირი არ აქვს. მისმა ყველაზე საშიშმა ფორმამ შეიძლება გამოიწვიოს სტრეპტოკოკული ტოქსიკური შოკის სინდრომი (STSS), რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ის ათწლეულებია ცნობილია და კარგად რეაგირებს ისეთ ანტიბიოტიკებზე, როგორებიცაა პენიცილინი ან ამოქსიცილინი, ბოლო პერიოდში მძიმე შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოდ გაიზარდა.
აშშ-ში Vibrio vulnificus-ის გავრცელება ტრადიციულად სამხრეთ სანაპიროზე, ფლორიდისა და ლუიზიანის შტატებში ფიქსირდებოდა. თუმცა, 2024 წელს ქარიშხალმა “ჰელენმა” გამოიწვია სანაპიროების ძლიერი დატბორვა, რის გამოც ფლორიდაში ინფექციის რეკორდული 82 შემთხვევა და 19 სიკვდილი დაფიქსირდა, წლის განმავლობაში ჯამში კი 89 გარდაცვალება გამოვლინდა. ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა, რადგან აგვისტოსთვის ლუიზიანაში, სადაც წელიწადში საშუალოდ მხოლოდ ერთი ფატალური შემთხვევა ხდებოდა, 4 გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც სიკვდილიანობის 400%-იანი ზრდაა.
აზიაში შეშფოთების საგანი A ჯგუფის სტრეპტოკოკი გახდა. იაპონიაში STSS-ის შემთხვევებმა 2023 წელს რეკორდულ ნიშნულს, ანუ 941 შემთხვევას მიაღწია, ხოლო 2024 წელს ეს ციფრი სულ რაღაც ექვს თვეში გადაიფარა. ქვეყნის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა წლის პირველ ნახევარშივე დაადასტურა 977 ინფიცირება და 77 გარდაცვალება.
ევროპა საფრთხეს ძირითადად საზღვაო მიმართულებიდან აწყდება. 2014-2017 წლებში კონტინენტზე Vibrio-ს ინფექციების წლიური საშუალო მაჩვენებელი 126 იყო, ხოლო 2018 წლის განსაკუთრებით ცხელ ზაფხულს ეს ციფრი გასამმაგდა და 445 შემთხვევა შეადგინა, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებში, როგორებიცაა ნორვეგია, შვედეთი, დანია, ფინეთი, პოლონეთი და ესტონეთი. ესპანეთში, კერძოდ გალიციაში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირდა სამი მსხვილი აფეთქება, რომლებიც სრულად უკავშირდებოდა გაფუჭებული ზღვის პროდუქტების მიღებას.
მთავარი მიზეზი, რის გამოც ინფექციების სტატისტიკა იზრდება, წყლის ტემპერატურის მატებაა. Vibrio-ს ჯგუფის ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან 20°C-დან 35°C-მდე ტემპერატურის მქონე და ზომიერი მარილიანობის წყალში. კლიმატის გლობალური ცვლილების გამო, ეს პირობები, რომლებიც ადრე მხოლოდ ტროპიკული ზონებისთვის იყო დამახასიათებელი, ახლა ჩრდილოეთ განედებზეც ვრცელდება.
შვედეთის უმეოს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა იან კარლო სემენცამ დაადასტურა პირდაპირი კავშირი ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მატებასა და ინფექციების ზრდას შორის. ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს შეფასებით, ევროპის ზღვების ზედაპირის ტემპერატურა 4-7-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მსოფლიო ოკეანის საშუალო მაჩვენებელი. ხმელთაშუა ზღვაში სიცხის გამო წყლის აორთქლება და წყლის მასების შემცირება იწვევს ბაქტერიების კონცენტრაციის ზრდას დარჩენილ მოცულობაში.
ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) გამოაქვეყნა რისკების ყოვლისმომცველი შეფასება, სადაც ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად ზღვის პროდუქტებში ამ ბაქტერიების გავრცელება კიდევ უფრო გაიზრდება მსოფლიო მასშტაბით. საფრთხის პრევენციისთვის, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) შეიმუშავა თანამგზავრულ მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც რეალურ დროში ადგენს რისკის რუკებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბაქტერიების გავრცელების ახალი ცხელი წერტილები შავი ზღვა, ჩრდილოეთის ზღვა და ბალტიის ზღვა გახდება.
წყარო: Euronews




