ახალ წიგნში დოქტორი ენტონი ფაუჩი იხსენებს კარიერას, როდესაც ის კონსულტაციას უწევდა შვიდ პრეზიდენტს. დონალდ ტრამპის შესახებ თავის სათაურია “მას ვუყვარვარ, მას არ ვუყვარვარ”.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სამი თვის თავზე, დოქტორი ენტონი ფაუჩი ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც ტელეფონზე უპასუხა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც მას ყვირილითა და უწმაწური სიტყვებით ეჩხუბებოდა. მან პრეზიდენტის რისხვა დაიმსახურა შენიშვნით იმის შესახებ, რომ შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინები შესაძლოა ხანგრძლივ იმუნიტეტს არ უზრუნველყოფდა.
ეს იყო დღე, 2020 წლის 3 ივნისი, “როდესაც პირველად გამოვცადე პრეზიდენტის რისხვის სიმძიმე”, წერს დოქტორი ფაუჩი თავის მომავალ ავტობიოგრაფიაში.
დოქტორი ფაუჩი დიდხანს ერიდებოდა ბატონ ტრამპისადმი საკუთარი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვას. თუმცა წიგნში “On Call: A Doctor’s Journey in Public Service” ის გულახდილად წერს მათ ურთიერთობაზე, რომელსაც “რთულს” უწოდებს.
თავში, სათაურით “მას ვუყვარვარ, მას არ ვუყვარვარ”, დოქტორმა ფაუჩიმ აღწერა, თუ როგორ ეუბნებოდა ტრამპი განმეორებით, რომ ის “უყვარდა”, და ამავდროულად აკრიტიკებდა მას უწმაწური სიტყვებით გაჯერებული ტირადებით.
“პრეზიდენტი განრისხებული იყო და ამბობდა, რომ მე არ შემეძლო მისთვის ამის გაგრძელება”, წერს დოქტორი ფაუჩი. “მან თქვა, რომ ვუყვარდი, მაგრამ ქვეყანა განსაცდელში იყო და მე ვითარებას ვუარესებდი. მან დასძინა, რომ საფონდო ბაზარი ვაქცინის პირველი ფაზის პოზიტიურ სიახლეზე მხოლოდ 600 პუნქტით გაიზარდა, მაშინ როცა 1 000 პუნქტით უნდა გაზრდილიყო, და ამრიგად მე ქვეყანას ‘ერთი ტრილიონი დოლარი’ დავუჯექი”. (პრეზიდენტმა უწმაწური სიტყვა დაამატა).
“საკმაოდ სქელი კანი მაქვს”, დასძინა დოქტორმა ფაუჩიმ, “მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან საყვედურების მოსმენა, იმის მიუხედავად, თუ რამდენჯერ გეტყვით, რომ უყვარხართ, სასიამოვნო არ არის”.




