მართლა ვყლაპავთ თუ არა ობობებს ძილში? საბედნიეროდ, არა. ექსპერტების განმარტებით, ეს ხმები სიცრუეა.
ძირითადი ფაქტები ძილში ობობების გადაყლაპვის შესახებ:
-
ექსპერტების თანახმად, ჩვენ ძილში ობობებს არ ვჭამთ. მკვლევრებმა ზუსტად არ იციან, საიდან გაჩნდა მითი იმის შესახებ, თითქოს ადამიანი წელიწადში საშუალოდ 8 ობობას ყლაპავს.
-
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, ობობების უმეტესობა ადამიანისთვის ტოქსიკური არ არის. თუმცა, თუ გადაყლაპვამდე მათ პირის ღრუში გიკბინეს, უმჯობესია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
-
ობობები, სავარაუდოდ, თავს არიდებენ მძინარე ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ პირს, რადგან ჩვენი სხეულის ტემპერატურა და ჰაერის ნაკადი (სუნთქვა) მათთვის ზედმეტად მაღალი და არაკომფორტულია დასამალად.
ისევე როგორც არსებობს ირაციონალური შიშები ქვიშაში ჩაძირვისა ან პირანიებით სავსე მდინარეში ჩავარდნის შესახებ, მილენიალების გონებაში ასევე ღრმად არის გამჯდარი “ზღაპრები” ძილში ობობების შემთხვევით გადაყლაპვაზე. ეს ლეგენდა ნამდვილად კოშმარულად ჟღერს, მაგრამ აქვს თუ არა მას რაიმე საფუძველი?
გამოცემა “Discover” ესაუბრა არა ერთ, არამედ სამ ექსპერტს ობობების საკითხებში. სამივე მათგანი აცხადებს, რომ ეს ურბანული ლეგენდა მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია.
“შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ოდესმე მომხდარიყო? შესაძლოა. ხდება თუ არა ეს ხშირად? აბსოლუტურად არა”, – ამბობს უილიამ ჰეიბორნი, ბიოლოგიის პროფესორი სამხრეთ იუტას უნივერსიტეტიდან. “ეს აშკარად მითია, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია ცირკულირებს. მისი ზუსტი წარმომავლობა უცნობია”.
მართლა ვჭამთ ობობებს ძილში?
მიშელ ტრემბლეი ჯორჯიის სამხრეთ უნივერსიტეტის ობობების ექსპერტია. მას წლების განმავლობაში ესმოდა ამ საეჭვო მტკიცების სხვადასხვა ვარიაცია – თითქოს ადამიანი წელიწადში მინიმუმ 8 ობობას ჭამს, ან მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯამში ნახევარ კილოგრამამდე ობობას ყლაპავს.
“მაგრამ რეალური წყარო? ეს საიდუმლოა”, – ამბობს ტრემბლეი. “ვფიქრობ, მითი იმიტომ ცოცხლობს, რომ ის საოცრად უცნაურია. ის ქმნის ცხად სურათს და ეხება ადამიანების დიდ ნაწილში არსებულ ობობების შიშს”.
არის თუ არა ობობების ჭამა ტოქსიკური?
ჯოის ფასბენდერი, ფლორიდის ყურის სანაპირო უნივერსიტეტის ენტომოლოგი, ამბობს, რომ ეს ურბანული ლეგენდა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია.
ჰეიბორნი, ტრემბლეი და ფასბენდერი თანხმდებიან, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, თითქოს ადამიანები რეგულარულად ყლაპავენ ობობებს. თუ ამ არაქნიდების (ობობასნაირების) გადაყლაპვა ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, იარსებებდა დოკუმენტირებული შემთხვევები, ან, სულ მცირე, ადამიანები დროდადრო აღმოაჩენდნენ ნაკბენებს პირის ღრუში.
“ეს უბრალოდ არ ხდება”, – ამბობს ტრემბლეი.
მიუხედავად იმისა, რომ ობობების უმეტესობა გადაყლაპვის შემთხვევაში ტოქსიკური არ არის, “მეიოს კლინიკის” (Mayo Clinic) ცნობით, ზოგიერთმა მწერმა შემთხვევით გადაყლაპვისას შესაძლოა გიკბინოთ. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
რატომ არ ძვრებიან ობობები თქვენს პირში ძილის დროს?
ობობების ქცევა ამ მითს კიდევ უფრო აბათილებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ჩვეულებრივ ეშინიათ რვაფეხა არსებების (კლივლენდის კლინიკის მონაცემებით – მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს), ობობები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, თავი აარიდონ ადამიანებს.
“ობობებს სურთ ხელუხლებელი, წყნარი კუთხეები და ნაპრალები სწორი ტემპერატურითა და ტენიანობით, სადაც მსხვერპლს წაიხემსებენ. ადამიანები (მაშინაც კი, როცა სძინავთ) ამის სრულიად საპირისპირონი არიან. ჩვენ ვართ ხმაურიანი, ცხელი, დიდი და ზედმეტად ბევრს ვმოძრაობთ ობობის უსაფრთხოებისთვის”, – განმარტავს ტრემბლეი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ობობები ისევე არაკომფორტულად გრძნობენ თავს ადამიანების გარემოცვაში, როგორც ადამიანები – ობობების გარემოცვაში.
“ობობებს უყვართ დასამალად წყნარი, განცალკევებული ადგილები. ღია პირი ნამდვილად არ არის ასეთი ადგილი. ჰაერის მოძრაობა, ნესტი და მძინარე ინდივიდის გაღვიძების ალბათობა ამ გარემოს ძალიან არასტუმართმოყვარეს ხდის ისეთი ფარული ცხოველისთვის, როგორიცაა ობობა. მხოლოდ სველი პირის ლორწოვანი გარსიც კი საკმარისი იქნებოდა ობობის შესაჩერებლად, რომელიც დასამალ ადგილს ეძებს”, – ამბობს ჰეიბორნი.
გარდა ამისა, რადგან ადამიანის საწოლში, როგორც წესი, არ არის მსხვერპლი (საკვები), ობობებს არ აქვთ დიდი მოტივაცია, მიუწვნენ ადამიანს გვერდით ან შეძვრნენ მის შიგნით.
“არაფერია ისეთი, რაც მათ ჩვენი პირისკენ მიიზიდავდა, ხოლო ჩვენი პირიდან გამომავალი სუნთქვა მათ სავარაუდოდ დააფრთხობდა”, – ამატებს ფასბენდერი.
ობობების თვითგადარჩენის ინსტიქტი
ადამიანის ქცევა, სავარაუდოდ, შეაკავებდა ობობას. ადამიანმა შეიძლება ძილშიც კი იგრძნოს სახეზე მცოცავი ობობა და მოიშოროს ის მანამ, სანამ ის პირს მიუახლოვდება. გარდა ამისა, ადამიანები ძილში მოძრაობენ.
“ობობებს აქვთ იგივე თვითგადარჩენის ინსტიქტები, რაც ყველა ცხოველს და ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ვიბრაციისა და მოძრაობის მიმართ. ისინი ჩვენ აღგვიქვამენ ლანდშაფტის ნაწილად და თავს აარიდებენ მსუნთქავ, მოძრავ, საშიშ პერსონას, რათა თავიდან აიცილონ დაზიანების ან გაჭყლეტის საფრთხე”, – ამბობს ფასბენდერი.
ლეგენდა საკმარისად შემზარავია იმისთვის, რომ ადამიანის გონება ააღელვოს და ამბის გაზიარების სურვილი გააჩინოს, მაგრამ ის უბრალოდ არ ეფუძნება სიმართლეს.
“ეს მხოლოდ სახალისო, შემზარავი ჭორია. რეალობა კი ისაა, რომ ობობებს არაფერი ესაქმებათ ჩვენთან და ჩვენს სახეებთან”, – აცხადებს ტრემბლეი.




