ბადურაში ადამიანის საკუთარი მიტოქონდრიების ინექცია უსაფრთხო იყო, თუმცა მხედველობის აღდგენაზე მხოლოდ დროებითი ეფექტი ჰქონდა.
მეცნიერებმა ქალის ფეხის კუნთებიდან მიტოქონდრიები გამოაცალკევეს და მძიმე სიბრმავის მკურნალობის მცდელობისას ისინი მისი თვალის მინისებრ სხეულში შეიყვანეს. პროცედურას არ გამოუწვევია ანთება ან გვერდითი მოვლენები, თუმცა თვალში სინათლეზე რეაქციის აღდგენაზე შეზღუდული ეფექტი ჰქონდა და ქალს მხედველობა არ აღუდგინა.
ჯანსაღი მიტოქონდრიების – უჯრედებში ენერგიის მწარმოებელი ორგანელების – ტრანსპლანტაცია განიხილება იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ქსოვილებში ამ ორგანელებს აზიანებს. ჯანსაღი მიტოქონდრიები შესაძლოა დაზიანებულმა უჯრედებმა შეითვისონ და, ზოგიერთ შემთხვევაში, გაზარდონ უჯრედების გადარჩენის შანსი და ნაწილობრივ აღადგინონ ქსოვილის ფუნქციები. ადამიანებზე ჩატარებულ წინა კვლევებში მიტოქონდრიები გადაუნერგეს გულსა და თავის ტვინს. ახლა მეცნიერები თვალში მსგავსი ტრანსპლანტაციის პირველ შემთხვევას აღწერენ.
თებერვალში თავის ტვინში სისხლჩაქცევამ ქალის მხედველობის ნერვი და ბადურა დააზიანა, რამაც თითქმის სრული სიბრმავე გამოიწვია – თვალებში სინათლის გაბრწყინებაზე გუგები საერთოდ არ რეაგირებდა. მიტოქონდრიული ინექციების შემდეგ მისმა გუგებმა სინათლეზე რეაქცია გამოავლინა, თუმცა ეფექტი დროებითი აღმოჩნდა და დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ გაქრა. მიგნებები აღწერილია 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრეპრინტში, რომელსაც ჯერ რეცენზირება არ გაუვლია.
კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის საკუთარი მიტოქონდრიების თვალში შეყვანა “შედარებით უსაფრთხო” იყო, ამბობს თემურხან აიუპოვი, შვეიცარიის ბაზელის მოლეკულური და კლინიკური ოფთალმოლოგიის ინსტიტუტის მიტოქონდრიების ბიოლოგი. თუმცა ეს არ ადასტურებს მიტოქონდრიული ტრანსპლანტაციის თერაპიულ ეფექტს, დასძენს ის.
მიზანი იყო მიდგომის უსაფრთხოების დადგენა, აცხადებს დეივიდ პუტრინო, ნიუ-იორკის მაუნთ სინაის აიკანის სამედიცინო სკოლის ნეირობიოლოგი და პრეპრინტის თანაავტორი. “ჩვენ საერთოდ არ შეგვიძლია ეფექტიანობის დამტკიცება და არც ვცდილობთ ამას”, – ამბობს ის, მაგრამ “ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი ეფექტი თვალში ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე”.
შერეული წარმატება
პუტრინოსა და მის კოლეგებს სურდათ შეესწავლათ, შეეძლო თუ არა მიტოქონდრიების უშუალოდ თვალში შეყვანას ბადურის განგლიური უჯრედების ფუნქციის აღდგენა – ნეირონების, რომლებიც ბადურის შიდა ზედაპირზე მდებარეობს და მხედველობის სიგნალებს ტვინს გადასცემს.
მღრღნელებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მინისებრ სხეულში მიტოქონდრიების შეყვანამ გაზარდა იმ ნეირონების გადარჩენის მაჩვენებელი, რომლებიც მხედველობის ნერვის დაზიანების შემდეგ სიცოცხლისუნარიანი დარჩა.
მაისში მკვლევრებმა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) მიიღეს გადაუდებელი ნებართვა ქალის თვალში მიტოქონდრიული ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.
“ყველაზე მეტად იმუნური რეაქციის გამოწვევა გვაშფოთებდა, როდესაც იმუნური სისტემა სხეულში შეყვანილ ამ უცხო ნივთიერებებზე შეტევას იწყებს”, – ამბობს პუტრინო. თუმცა პროცედურის შემდგომმა ტესტებმა არცერთ თვალში ანთების ან დაზიანების ნიშნები არ გამოავლინა.
მიუხედავად იმისა, რომ სინათლეზე გუგის რეაქცია ხანმოკლე იყო, ის “შენარჩუნდა იმაზე მაღალ დონეზე, ვიდრე ტრანსპლანტაციამდე იყო”, – აღნიშნავს პუტრინო. “როდესაც ტრანსპლანტაციის შემდეგ სუსტი მხედველობის შეფასება ჩავატარეთ, აღინიშნა, რომ ის მარცხენა თვალით ფორმებსა და ჩრდილებს აღიქვამდა”, – დასძენს ის.
კითხვები კვლავ რჩება
ტვინში ელექტრული აქტივობის ჩამწერი ტექნიკის გამოყენებით, პუტრინომ და მისმა კოლეგებმა ტრანსპლანტაციიდან მე-3, 44-ე და 45-ე დღეს ქალის მხედველობის ქერქში მნიშვნელოვანი ნერვული აქტივობა გაზომეს. მათ მსგავსი აქტივობა არ შეუმჩნევიათ პროცედურამდე 27 დღით და 4 დღით ადრე გაკეთებულ ჩანაწერებში.
თუმცა კვლევიდან გაურკვეველი რჩება, იყო თუ არა გუგის რეაქციები და ნერვული ჩანაწერები “მიტოქონდრიული ტრანსპლანტაციის პირდაპირი შედეგი, თუ ნარჩენი ნეირონული ფუნქციის აღდგენა ან რყევა”, – ამბობს პატრიკ იუ-ვაი-მენი, კემბრიჯის უნივერსიტეტის ნეიროოფთალმოლოგი.
არ არსებობს “პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ შეყვანილი მიტოქონდრიები შევიდა უჯრედებში და ამის შემდეგ ფუნქციურად კომპეტენტური დარჩა”, – დასძენს ის.
აიუპოვი ასევე აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, რომელმა უჯრედებმა შეითვისეს შეყვანილი მიტოქონდრიები. “ძალიან რთულია იმის თქმა, რა ხდება და რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ თერაპიული ეფექტი ხანგრძლივი იყოს”.
“ახლა, როდესაც ვაჩვენეთ, რომ ამის გაკეთება უსაფრთხოდ შეგვიძლია, ჩვენ ვმუშაობთ FDA-სთან, რათა შევიმუშაოთ პროტოკოლი მიტოქონდრიების განმეორებითი სერიული ინექციებისთვის”, – ამბობს პუტრინო. ეს შესაძლოა დაეხმაროს იმის უკეთ გაგებას, აქვს თუ არა ტრანსპლანტაციას რაიმე კლინიკური ეფექტი.




