სიმსუქნის მქონე ადამიანებში მეცნიერებმა მიკრობების განსხვავებული ნაკრები აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მდგომარეობის ადრეულ გამოვლენას და მკურნალობას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს ცვლილება სიმსუქნის მიზეზია თუ შედეგი.
ნაწლავებში მცხოვრები მიკრობების უზარმაზარ საზოგადოებას შეუძლია ხელი შეუწყოს წონის მატებას და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტაბოლიზმთან. თუმცა, აქამდე მწირი იყო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პირის ღრუს მიკრობიომი (სადაც 700-ზე მეტი სახეობის ბაქტერია ბინადრობს) ასევე მონაწილეობს სიმსუქნესა და ზოგად ჯანმრთელობაში.
“პირის ღრუს მიკრობიომი ადამიანის სხეულში სიდიდით მეორე მიკრობული ეკოსისტემაა, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვესწავლა, ასოცირდება თუ არა ის სისტემურ დაავადებებთან”, – ამბობს აშიშ ჯა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან (აბუ დაბის ფილიალი).
მეცნიერებმა აიღეს ნერწყვის ნიმუშები 628 ზრდასრული ადამიანისგან, რომელთაგან 97-ს სიმსუქნე ჰქონდა. მკვლევრებმა ეს ნიმუშები შეადარეს ჯანსაღი წონის მქონე 95 ადამიანის მონაცემებს, რომლებიც ასაკით, სქესით, ცხოვრების წესით, პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობითა და კბილების გამოხეხვის სიხშირით სიმსუქნის მქონე ჯგუფის მსგავსნი იყვნენ.
შედარებამ აჩვენა, რომ სიმსუქნის მქონე ადამიანების პირის ღრუში ჭარბობდა ანთების გამომწვევი ბაქტერიები (მაგალითად, Streptococcus parasanguinis და Actinomyces oris), ასევე Oribacterium sinus, რომელიც ლაქტატს გამოიმუშავებს. ლაქტატის მაღალი დონე კი ცუდ მეტაბოლიზმთან არის დაკავშირებული.
აშიშ ჯამ და მისმა კოლეგებმა ასევე აღმოაჩინეს 94 განსხვავება მეტაბოლურ გზებში. მაგალითად, სიმსუქნის მქონე ჯგუფში გაძლიერებული იყო ნახშირწყლების გადამუშავების მექანიზმები, მაგრამ შესუსტებული იყო B ვიტამინებისა და ჰემის (ჟანგბადის გადამტანი) წარმოქმნის უნარი.
ნივთიერებები, რომლებსაც ეს პროცესები დიდი რაოდენობით წარმოქმნიდა (ლაქტატი, ჰისტიდინის წარმოებულები, ქოლინი, ურიდინი და ურაცილი.), პირდაპირ კავშირშია მეტაბოლურ დისფუნქციასთან, სისხლში გლუკოზისა და ტრიგლიცერიდების მაღალ დონესთან.
“მონაცემები მიუთითებს დაბალი pH-ის მქონე, ნახშირწყლებით მდიდარ და ანთებით გარემოზე პირის ღრუში”, – ამბობს ლონდონის კინგს კოლეჯის მეცნიერი ლინდსი ედვარდსი. “ეს კვლევა დღემდე არსებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მტკიცებულებაა, რომ პირის ღრუს მიკრობიომი ასახავს და შესაძლოა ხელსაც უწყობდეს სიმსუქნესთან დაკავშირებულ ცვლილებებს”.
მიზეზი თუ შედეგი?
ჯერჯერობით ეს მხოლოდ კავშირია (ასოციაცია). ჯა და მისი კოლეგები გეგმავენ ექსპერიმენტებს, რათა დაადგინონ, ხვდება თუ არა პირის ღრუში წარმოქმნილი მეტაბოლიტები სისხლის მიმოქცევაში ან ნაწლავებში.
ავტორის ჰიპოთეზით, შესაძლოა, როცა კვების რაციონი იცვლება, გარკვეული ბაქტერიები მრავლდებიან და იწყებენ ისეთი ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც კონკრეტული საკვებისადმი ლტოლვას (Cravings) ზრდის. მაგალითად, ნივთიერება ურიდინი კალორიების ჭარბ მიღებას უწყობს ხელს.
თუ დადასტურდა, რომ პირის ღრუს ბაქტერიები სიმსუქნეს იწვევენ, ეს პრევენციის ახალ გზებს გააჩენს: სპეციალური სავლები საშუალებები, პრებიოტიკები ან “ჯანსაღი მიკრობების” გადაანერგვა. გარდა ამისა, ნერწყვის მარტივი ტესტით შესაძლებელი გახდება სიმსუქნის რისკის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.
ტერმინების განმარტება
-
მიკრობიომი: ადამიანის სხეულში (ამ შემთხვევაში პირის ღრუში) მცხოვრები მიკროორგანიზმების – ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების ერთობლიობა. ის წარმოადგენს მიკროორგანიზმების ეკოსისტემას და მათ ფუნქციურ ურთიერთქმედებას მასპინძელ ორგანიზმთან.
-
მეტაბოლიტი: ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) პროცესში. მაგალითად, ბაქტერიები საკვების გადამუშავებისას გამოყოფენ მეტაბოლიტებს, რომლებიც შემდეგ ჩვენს სხეულზე ზემოქმედებენ.
-
ლაქტატი: რძემჟავას მარილი. კვლევის მიხედვით, სიმსუქნის მქონე ადამიანების პირის ღრუში მისი დონე მაღალია, რაც ანთებით გარემოზე მიუთითებს.
-
სისტემური დაავადება: დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მთელ სხეულზე და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ორგანოზე (მაგალითად, სიმსუქნე ან დიაბეტი).
-
ანთებითი გარემო: მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა მუდმივად გააქტიურებულია, რაც ქსოვილების დაზიანებას და ქრონიკულ დაავადებებს უწყობს ხელს.




