ახალმა კვლევამ საბოლოოდ დაადგინა კავშირი ეპშტეინ-ბარის ვირუსსა (EBV) და ლუპუსს შორის, რითაც გადაჭრა მედიცინაში არსებული ხანგრძლივი გამოცანა. ეპშტეინ-ბარის ვირუსი საკმაოდ გავრცელებული პათოგენია, რომელიც ზრდასრული მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს გადატანილი.
რა არის ლუპუსი?
ლუპუსი, იგივე სისტემური წითელი მგლურა (SLE), არის ქრონიკული აუტოიმუნური დაავადება. ამ დროს იმუნური სისტემა შეცდომით უტევს სხეულის საკუთარ ქსოვილებს. სიმპტომები მრავალფეროვანია: კანზე გამონაყარიდან და დაღლილობიდან დაწყებული, ფილტვებისა და თირკმელების მძიმე დაზიანებით დამთავრებული. დაავადება დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს აწუხებს მსოფლიოში (მათ შორის არის მომღერალი სელენა გომესი, რომელსაც დაავადების გამო თირკმლის გადანერგვა დასჭირდა).
მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკა ერთ-ერთ შესაძლო ტრიგერად (გამომწვევ მიზეზად) მიიჩნევა, მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ ეპშტეინ-ბარის ვირუსი – იგივე ვირუსი, რომელიც “ჯირკვლოვან ცხელებას” (მონონუკლეოზს) იწვევს – ასევე დაკავშირებული იყო ლუპუსთან.
რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა?
მთავარი სირთული იმაში მდგომარეობდა, რომ მეცნიერებს არ ესმოდათ ზუსტი მექანიზმი – ანუ, როგორ იწვევდა ვირუსი დაავადებას.
სტენფორდის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რათა ამოეცნოთ ვირუსით ინფიცირებული B-უჯრედები და გაეგოთ, რომელი გენები აქტიურდებოდა ამ უჯრედებში.
ტერმინის განმარტება: B-უჯრედები ეს არის სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), რომლებსაც იმუნურ სისტემაში ორი მთავარი როლი აქვთ:
გამოიმუშავებენ ანტისხეულებს ინფექციასთან საბრძოლველად.
2. მოქმედებენ როგორც “ინფორმატორები” — ისინი წარადგენენ ანტიგენებს (მოლეკულურ “წითელ დროშებს”), რათა სხვა იმუნურ უჯრედებს აცნობონ საფრთხის შესახებ.
სტენფორდის გუნდის ტექნიკამ გამოავლინა საინტერესო სტატისტიკა:
-
ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ EBV ვირუსი, 10 000-დან მხოლოდ 1 B-უჯრედია ინფიცირებული.
-
ლუპუსის მქონე ადამიანებში კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება – ინფიცირებულია ყოველი 400-დან 1 B-უჯრედი.
“მოლეკულური ჩამრთველი”
კვლევამ აჩვენა, რომ ამ ინფიცირებულ უჯრედებში ვირუსი ააქტიურებს სპეციფიკურ გენს, რომელიც მოქმედებს როგორც “მოლეკულური ჩამრთველი”. ეს ჩამრთველი იწვევს ანთებითი პროცესების ჯაჭვურ რეაქციას. შედეგად, B-უჯრედი გარდაიქმნება და იწყებს სიგნალების გაგზავნას სხვა იმუნური უჯრედებისთვის.
ეს პროცესი აღვიძებს იმუნური სისტემის იმ ნაწილებს, რომლებიც სხეულის საკუთარ ქსოვილებს უტევენ (მათ შორის ე.წ. “მკვლელ T-უჯრედებს”). მკვლევრების დასკვნით, სწორედ ეს იწვევს ლუპუსს. ისინი ვარაუდობენ, რომ მსგავსი მექანიზმი შეიძლება მონაწილეობდეს სხვა აუტოიმუნურ დაავადებებშიც, მაგალითად, გაფანტულ სკლეროზში.
“ეს არის ყველაზე გავლენიანი მიგნება, რაც კი ჩემი ლაბორატორიიდან გამოსულა მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში,” – განაცხადა კვლევის უფროსმა ავტორმა, პროფესორმა უილიამ რობინსონმა. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მექანიზმი ლუპუსის შემთხვევების 100%-ს ეხება”.
რატომ არ ემართება ლუპუსი ყველას?
თუ მილიარდობით ადამიანს აქვს ეპშტეინ-ბარის ვირუსი, მაგრამ ლუპუსი მხოლოდ 5 მილიონს უვითარდება, რა უშლის ხელს ამ მექანიზმის გააქტიურებას სხვებში?
ერთი ვერსიით, შესაძლოა ვირუსის მხოლოდ კონკრეტული შტამები იწვევდეს B-უჯრედების ამგვარ ტრანსფორმაციას, თუმცა საბოლოო პასუხის გასაცემად დამატებითი კვლევებია საჭირო.




