პოპვარსკვლავმა კაილი მინოუგმა საზოგადოებას გაუზიარა, რომ 2021 წელს ძუძუს კიბოს მეორე დიაგნოზი დაუსვეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან ჯერ კიდევ 2005 წელს ერთხელ უკვე წარმატებით დაამარცხა ეს დაავადება.
Netflix-ზე გამოსულ ახალ, ავტობიოგრაფიულ დოკუმენტურ ფილმში 57 წლის ავსტრალიელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ მან “ეს კიდევ ერთხელ გადაიტანა“, თუმცა ამჯერად ამბის საჯაროდ გახმოვანებისგან თავი შეიკავა.
“ჩემი მეორე დიაგნოზი 2021 წლის დასაწყისში დამისვეს. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად შევძელი, რომ ეს ამბავი მხოლოდ ჩემთვის შემენახა. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დღეს თავს კარგად ვგრძნობ. ვინ იცის, რა გველოდება წინ, მაგრამ პოპმუსიკა ჩემი მთავარი ძალაა და მუსიკისადმი ინტერესი ახლა უფრო დიდი მაქვს, ვიდრე ოდესმე“, — ამბობს მინოუგი.
მომღერალმა ემოციურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უჭირდა სწორი დროის პოვნა ამ აღიარებისთვის. განსაკუთრებით 2023 წელს, როდესაც მისი ჰიტი Padam Padam გრემის ჯილდოს იგებდა და მსოფლიო ჩარტებს იპყრობდა.
“არ ვთვლიდი თავს ვალდებულად, რომ მთელი მსოფლიოსთვის მეამბნა. იმ პერიოდში ფიზიკურად და ემოციურად იმდენად გამოფიტული ვიყავი, რომ ამას უბრალოდ ვერ შევძლებდი. იყო მომენტი, როცა სახლიდან გასვლაც კი არ მინდოდა. Padam Padam-მა ბევრი კარი გამიღო, მაგრამ შინაგანად ვიცოდი, რომ კიბო ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ პატარა ეპიზოდი არ ყოფილა. ინტერვიუების დროს ხშირად ვფიქრობდი, რომ აი, ახლაა სათქმელად სწორი მომენტი-მეთქი, მაგრამ მაინც ვდუმდი. ახლა კი მინდოდა მეთქვა, რა გადავიტანე, რათა ეს ტვირთი საბოლოოდ ჩამოვიხსნა“.
მიუხედავად იმისა, რომ კაილიმ მკურნალობის მეორე კურსი საიდუმლოდ შეინახა, მან მცირე მინიშნება მაინც დატოვა თავის 2023 წლის ალბომში Tension. ერთ-ერთ სიმღერაში (Story) არის ასეთი ტექსტი: “მე მქონდა საიდუმლო, რომელსაც მხოლოდ ჩემთვის ვინახავდი / გადაფურცლე კიდევ ერთი გვერდი და გადი სცენაზე“.
სამნაწილიან დოკუმენტურ სერიალში, რომლის რეჟისორიც მაიკლ ჰარტია (იგივე რეჟისორმა იმუშავა დევიდ ბექჰემის ცნობილ ფილმზე), ვარსკვლავი განმარტავს, რომ მას სჭირდებოდა შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც ამ რთულ პერიოდს სიმბოლურად მონიშნავდა.
მინოუგს დაავადება გეგმური, რუტინული შემოწმების დროს აღმოაჩნდა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ამბის გაზიარება მისი პირადი არჩევანია და იმედოვნებს, რომ მისი ისტორია სხვა ქალებისთვისაც სასარგებლო შეხსენება იქნება, რათა დროულად ჩაიტარონ პროფილაქტიკური გამოკვლევები. “ადრეულმა დიაგნოსტიკამ ძალიან დამეხმარა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია ვთქვა – სრულიად ჯანმრთელი ვარ“.
როდესაც კაილის ძუძუს კიბოს დიაგნოზი პირველად, 2005 წელს დაუსვეს, მას მოუწია მსოფლიო ტურნეს გაუქმება და გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლის გადადება, რათა სასწრაფო მკურნალობა – ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია დაეწყო. იმ პერიოდში ეს ამბავი მედიაში ფართოდ გაშუქდა, მომღერალმა კი მილიონობით ფანისა და ცნობილი ადამიანისგან უდიდესი მხარდაჭერა მიიღო.
როგორც ერთ-ერთი პირველი მსოფლიო დონის ვარსკვლავი, ვინც ამ თემაზე საჯაროდ და ღიად ისაუბრა, კაილიმ დიდი როლი ითამაშა დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ამ ნაბიჯმა ათასობით ქალს უბიძგა გამოკვლევების ჩატარებისკენ, რასაც ავსტრალიაში მოგვიანებით “კაილის ეფექტიც“ კი უწოდეს.
დოკუმენტურ ფილმში მომღერალი იმასაც იხსენებს, რომ პირველი დიაგნოზის დროს, ქიმიოთერაპიის დაწყებამდე, მან მკურნალობა დროებით გადადო, რათა ინვიტრო განაყოფიერების (IVF) რამდენიმე კურსი ჩაეტარებინა შვილის გაჩენის იმედით. “36 წლის ვიყავი, როცა პირველად მითხრეს ეს დიაგნოზი, ამ ასაკში კი უკვე ფიქრობ შვილებზე. ამიტომ ვცადე, გადავდე კიდეც ქიმიო, რაც ძალიან მაშინებდა, რადგან როცა იცი, რომ ორგანიზმში სიმსივნე გაქვს, მხოლოდ მისი სასწრაფოდ მოშორება გინდა. სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა, თუმცა რომ გამოცემულიყო, ეს ნამდვილი სასწაული იქნებოდა“.
პირველი მკურნალობის დასრულების შემდეგ, 2008 წელს, მომღერალმა საზოგადოებას გაუზიარა, რომ თავდაპირველად ექიმებმა მცდარი დიაგნოზი დაუსვეს და უთხრეს, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო და სანერვიულო არაფერი ჰქონდა, რამაც სწორი მკურნალობის დაწყება დროში გააჭიანურა.
მან მხოლოდ 14 წლის შემდეგ, 2019 წელს შეძლო გლასტონბერის მთავარ სცენაზე გამოსვლა. ეს იყო ემოციური, ცრემლიანი და ჰიტებით სავსე კონცერტი, რომელიც ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ნახვად გამოსვლად იქცა. გასული წლის დეკემბერში კი კაილიმ ბრიტანულ ჩარტებში მორიგი დუბლი შეასრულა – მისი სინგლი და ალბომი ერთდროულად გახდა ნომერ პირველი ჰიტი.
აქვე შეგახსენებთ, საქართველოში მოქმედებს “დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგს 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის. აღნიშნული მომსახურება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ მოითხოვს პაციენტის მხრიდან თანაგადახდას და ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რეგიონებში სპეციალური მოძრავი „მამომობილების“ მეშვეობით. პროგრამა მოიცავს ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვასა და მამოგრაფიულ გამოკვლევას, რომელსაც ორი დამოუკიდებელი რადიოლოგი კითხულობს, ხოლო პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, სრულად იფარება ძუძუს ულტრაბგერითი კვლევა, ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით და აღებული მასალის ციტოლოგიური ანალიზი. სპეციალისტების რეკომენდაციით, დაავადების დროული პრევენციისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგის ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ არის აუცილებელი. ვრცლად: https://gowell.ge/dzudzus-kibos-skriningi/




