რატომ (არ) გვეშინია ყოველივე “ხელოვნურის”?
“არ ვარგა, ქიმიაა”
“მცენარეული საშუალებაა, ჯანსაღი”
“მხოლოდ ორგანულ პროდუქტებს გთავაზობთ”
ასეთი ფრაზები დღეს ხშირად გვესმის და ისიც ვიცით, რას ნიშნავს: „ხელოვნური“ ცუდია, ბუნებრივი – კარგი. საიდან მოდის ასეთი დამოკიდებულება? რიგ შემთხვევაში “ხელოვნურის” მიმართ სკეპტიციზმსა და ბუნებრივით აღტაცებას თავისი სამართლიანი მიზეზებიც აქვს, თუმცა მათი ჯიუტი დაყოფა ხშირად არათუ სიმართლეს მოკლებული, ჯანმრთელობისთვის საზიანოც შეიძლება აღმოჩნდეს. მცდარ წარმოდგენებში ადამიანური ფაქტორის გარდა თავისი წილი პასუხისმგებლობა სისტემურ პრობლემემსაც ეკისრება.
სიტყვა “ხელოვნური” ბრჭყალებში ტყუილად არ არის მოქცეული. დიდი ხანია, ეს სიტყვა პრობლემად სწორედაც რომ “ხელოვნურად” ვაქციეთ. უსიამოვნო ჟღერადობის უკან კი მარტივი რეალობაა: საბოლოოდ ხომ ყველაფერი, რასაც ხელოვნურს ვუწოდებთ, ბუნების წიაღიდან წარმოიშობა და ბუნებაში მოპოვებული მატერიალური ერთეულების შეცვლის, დამუშავების, ურთიერთქმედებისა ან გარდაქმნის შედეგია.
ბუნების მაცდური მიმზიდველობა
ხელოვნურია ყველაფერი, რაც გარემოში ადამიანის ზემოქმედების შედეგად გვხვდება. ბუნებრივი კი ისაა, რაც ბუნებაში ადამიანის ჩაურევლად, პრიმიტიული ფორმით არსებობს.
რთულია, ბუნებრივით აღტაცება არ გაიზიარო. დღეს ბუნება სილამაზესთან, მრავალფეროვნებასთან, სიჯანსაღესთან და განტვირთვასთან ასოცირდება. ბუნებისადმი ლტოლვა ურბანიზაციამაც გააძლიერა, როცა ბევრმა გუდა-ნაბადი აიკრა და სარჩოს საძიებლად ქალაქს მიაშურა. დროსთან ერთად ქალაქის რუტინამ, ჭარბმა ხმაურმა და დაბინძურებამ თავისი ქნა. ხმაურს მოშორებული ველ-მინდვრები, ხელუხლებელი ტყეები, ანკარა წყაროები და სუფთა ჰაერი უფრო და უფრო კონტრასტულად და მიმზიდველად მოგვეჩვენა.
მთავარი თავისტკივილი მაშინ იწყება, როცა ასეთი დამოკიდებულება სამედიცინო ჩარევის ფორმის არჩევისასაც იჩენს თავს.
თუმცა ასეთმა რომანტიზებულმა დამოკიდებულებამ მარტივად შეიძლება დაგვავიწყოს ის უამრავი ხიფათი, რომელსაც ბუნება თავის წიაღში მალავს. რა არის კაცობრიობის ისტორია, თუ არა ბუნების პირვანდელი სახისგან თავდაცვის მუდმივი მცდელობა? რაც უფრო მეტად იყო ცივილიზაცია ბუნების შეუცვლელ, პირველად ფორმასთან პირისპირ დარჩენილი, მით უფრო არაპრაქტიკული და საფრთხის შემცველი იყო ცხოვრება. ადამიანი ოდითგანვე ბუნების, როგორც ქაოსური და საშიში მოცემულობის შეცვლას, დაორგანიზებას, გაუვნებლებასა და, დიახ, „გახელოვნურებას“ ლამობს.
დაცული საცხოვრისი, უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებები, მედიკამენტები, სუფთა წყალი, ვაქცინაცია, უსაფრთხო საკვები და მკვეთრად გაზრდილი სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთი „ხელოვნური“ ჩარევის შედეგთა არასრული ჩამონათვალია. დღეს ამ ცვლილებებს ვხედავთ და ყოველდღიურობაშიც ვიყენებთ. და მაინც, „ხელოვნურმა“ ჩვენი გული ვერა და ვერ მოიგო. ეს სიტყვა ბევრგან, მათ შორის საქართველოშიც, კვლავ უსიამოვნო განცდას იწვევს. რატომ?
პუბლიკაციის სრულად წასაკითხად ეწვიეთ ბმულს: https://civil.ge/ka/archives/581129




