მობილურმა ლაბორატორიამ მედიკამენტებისადმი რეზისტენტული აივ-ის ისეთი შტამი გამოავლინა, რომელიც ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა. ლურჯი ხელთათმანებით აღჭურვილი მკვლევარი მობილურ ლაბორატორიაში პიპეტით სითხეს პატარა კონტეინერში გადააქვს. ბორბლებზე განთავსებული ამ ლაბორატორიით, ვირუსოლოგი ანა კოვალენკო უკრაინაში აივ-ის გენომს ასეკვენირებს, რათა დააკვირდეს, თუ როგორ განიცდის ვირუსი ევოლუციას ალყაში მოქცეულ ქვეყანაში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ჯანდაცვის მომსახურება მნიშვნელოვნად შეაფერხა, რამაც აივ-ისა და სხვა მსგავსი ინფექციების უკონტროლო გავრცელებას შეუწყო ხელი. ამის გამო, ინფექციის რეალური გავრცელების მაჩვენებლის შეფასება რთული იყო. ახლა კი, პორტატული კვლევითი აღჭურვილობით აღჭურვილი ფურგონის დახმარებით, ვირუსოლოგი განა (ანა) კოვალენკო იმ ფარულ საფრთხეს იკვლევს, რომელსაც აივ ომით დაზარალებულ ქვეყანაში წარმოადგენს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) წარმომადგენლის, კოვალენკოს თქმით, უკრაინაში აივ 1990-იანი წლებიდან ვრცელდება, ძირითადად ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების, თუმცა ასევე სქესობრივი კონტაქტის გზით. პრობლემა 2014 წელს ყირიმში რუსეთის შეჭრამ და 2022 წლიდან დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა კიდევ უფრო გაამწვავა. კერძოდ, შემცირდა ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე, მკურნალობასა და პრევენციულ პროგრამებზე, მათ შორის შპრიცების გაცვლის სერვისებზე.

ანა კოვალენკოს მობილური ლაბორატორია
იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტესტირება ხელმისაწვდომია, ექიმები ვირუსის გენომის სეკვენირებას იშვიათად ატარებენ. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მუტაციების გამოსავლენად, რომლებიც მედიკამენტებისადმი რეზისტენტობას იწვევს. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სეკვენირება, როგორც წესი, სტაციონარულ ლაბორატორიებზეა დამოკიდებული, რომლებიც ეპიდაფეთქების კერებიდან ხშირად შორს მდებარეობს.
სწორედ აქ ერთვება პროცესში ARTIC ქსელი – პროექტი, რომელსაც სეკვენირების ინსტრუმენტები რთულად მისადგომ ადგილებში მიაქვს. ანალოგიური მიდგომა გამოიყენეს 2014 წელს დასავლეთ აფრიკაში ებოლას აფეთქების დროსაც. კოვალენკომ, რომელიც ამ ქსელის წევრია, გადაწყვიტა შეემოწმებინა, შეძლებდა თუ არა პორტატული სეკვენირება საგანგებო ვითარებაში მყოფ უკრაინაში აივ-ის გავრცელების რუკირებას.
ამ მიზნით, მან და მისმა გუნდმა ლაბორატორია პირდაპირ ფურგონში ააწყეს. 2024 წლის აგვისტოში გუნდი საცდელი ვიზიტით ლვოვში გაემგზავრა. ეს არის დასავლეთ უკრაინის შედარებით უსაფრთხო ქალაქი, სადაც ფრონტის ხაზიდან გადაადგილებული უამრავი ადამიანი ცხოვრობს.
“ჩვენ დღისით ვმუშაობდით, რადგან სარაკეტო თავდასხმები ძირითადად ღამით ხდებოდა,” – აღნიშნავს კოვალენკო. ფურგონში სამდღიანი მუშაობის განმავლობაში, გუნდს ადგილობრივმა ჯანდაცვის მუშაკებმა კონფლიქტთან დაკავშირებული თავიანთი მძიმე გამოცდილება გაუზიარეს. “ისინი გვიყვებოდნენ, როგორ იწყებოდა სარაკეტო თავდასხმები შუადღისას, როდესაც პაციენტებს ემსახურებოდნენ და როგორ უწევდათ ყველაფრის მიტოვება და სწრაფად გაქცევა,” – ამბობს კოვალენკო და დასძენს, რომ ბევრ მათგანს ლაბორატორიული აღჭურვილობის დატოვებაც უწევდა.
აქამდე უკრაინაში აივ-ის მონიტორინგი მხოლოდ სტაციონარულ კლინიკებში მიმდინარეობდა. მაგალითად, ექიმმა კასპერ როქსმა 2023-2025 წლებში ლვოვში სწორედ სტაციონარული აივ-კლინიკები დააარსა. “ჩვენ ვერ ვახერხებდით რთულად მისაწვდომ ჯგუფებთან ისე ეფექტიანად დაკავშირებას, როგორც გვსურდა,” – ამბობს ნიდერლანდელი აივ-ის სპეციალისტი როქსი. “ფურგონები კი უშუალოდ იქ მიდიან, სადაც ადამიანები არიან”.
საცდელი ვიზიტის ფარგლებში კოვალენკოს გუნდმა 20 აივ-დადებითი ადამიანის სისხლი გამოიკვლია. თავდაპირველად ის ვარაუდობდა, რომ ეს მცირე ნიმუში მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ იქნებოდა საკმარისი. თუმცა, მათ ლვოვში იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაში აივ-ის სრულიად ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ გავრცელდა. აღნიშნული კვლევის შედეგები ჟურნალ “AIDS”-ში გამოქვეყნდა.
გენომური ანალიზისა და ვირუსის მუტაციის სიჩქარის გათვალისწინებით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ახალი შტამი 2022 წლის შემდეგ არის წარმოქმნილი. გარდა ამისა, მათ გამოავლინეს მუტაცია, რომელიც ვირუსს სარეზერვო ანტირეტროვირუსული პრეპარატის მიმართ რეზისტენტულს ხდის. ეს საყურადღებო სიგნალია, რადგან მომავალში შესაძლოა პირველი ხაზის პრეპარატების მიმართაც გამოვლინდეს რეზისტენტობა.
“ეს გაცილებით რეალური საფრთხეა, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა,” – აცხადებს როქსი. მსგავსი რეზისტენტობა უკვე გადაიქცა მზარდ პრობლემად სხვა ქვეყნებში, მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში.
კოვალენკო პროექტის გაფართოებას გეგმავს. მისი განმარტებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობა ფრონტის ხაზზე ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა, რადგან ჯარისკაცებში ინფიცირებული ჭრილობები ძალიან ხშირია. ბაქტერიული გენომის სეკვენირება ექიმებს სათანადო ანტიბიოტიკის სწორად შერჩევაში დაეხმარებოდა. პარალელურად იზრდება ტუბერკულოზის ტვირთიც – დაავადების, რომლის გამომწვევი ბაქტერია ხშირად სწორედ მრავალპრეპარატული რეზისტენტობით ხასიათდება.
ომმა აივ-ის გავრცელებისთვის ერთგვარი “ბოლიანი ფარდა” შექმნა, თუმცა ეს მობილური ფურგონი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ამ ნისლს მიღმა გაიხედონ და რეალური სურათი დაინახონ. “მათ შეძლეს ღრმა სეკვენირებისა და მოწინავე ლაბორატორიული ტექნოლოგიების ზუსტად იქ მიტანა, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო,” – ასკვნის როქსი.
ასვე დაგაინტერესებთ:




