Forbes-ის სტატიის მიხედვით
ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც ამჟამად 58 წლისაა, თავის ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს – ის ქალთა ჯანმრთელობის დაცვის აქტიური მხარდამჭერი გახდა. ეს არის მისია, რომელიც აერთიანებს ადვოკატირებასა და სამეწარმეო საქმიანობას. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა მას პერიმენოპაუზის პერიოდში შეცდომით ჰერპესის დიაგნოზი დაუსვეს.
“მე მენოპაუზაში ვარ!” – ეს სიტყვები ჰოლი ბერიმ 2024 წლის მაისში კაპიტოლიუმის გორაზე, სენატორების (ყველა ქალი) გარემოცვაში ყოფნისას წარმოთქვა. ამ განცხადებამ, შესაძლოა, სამუდამოდ შეცვალოს წარმოდგენა მსახიობზე, რომელიც აქამდე ძირითადად თავისი როლებითა და გარეგნობით იყო ცნობილი.
რა არის მენოპაუზა და რატომ არის ამაზე საუბარი მნიშვნელოვანი?
მკითხველისთვის, რომელსაც ამ თემაზე ნაკლები ინფორმაცია აქვს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მენოპაუზა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია ყველა ქალის ცხოვრებაში, რომელიც მენსტრუალური ციკლის დასრულებას ნიშნავს. ის დიაგნოსტირდება მენსტრუაციის გარეშე ზედიზედ 12 თვის გასვლის შემდეგ და, როგორც წესი, 45-დან 55 წლამდე ასაკში დგება.

ჰოლი ბერი ქალ სენატორებთან ერთად კაპიტოლიუმში, სადაც მათ მენოპაუზის შესახებ ფედერალური კვლევების ხელშესაწყობად ახალი კანონპროექტი წარადგინეს. 2024 წლის 2 მაისი. ფოტო: ჯ. სკოტ ეპლუაითი/AP
თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ციკლის შეწყვეტა. მენოპაუზას და მის წინამორბედ პერიოდს (პერიმენოპაუზა) თან ახლავს სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევები, რომლებიც გამოწვეულია ჰორმონული ცვლილებებით. ეს გამოწვევებია:
- ფიზიკური სიმპტომები: ალები, ღამის ოფლიანობა, ძილის დარღვევა, ვაგინალური სიმშრალე, წონის მატება, თმის ცვენა, სახსრების ტკივილი და შარდის შეუკავებლობა.
- ფსიქო-ემოციური სიმპტომები: გუნება-განწყობის მკვეთრი ცვალებადობა, შფოთვა, დეპრესიისკენ მიდრეკილება, გაღიზიანებადობა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, რასაც ხშირად “გონების დაბინდვას” (brain fog) უწოდებენ.
ამ თემაზე საუბარი უმნიშვნელოვანესია, რადგან სტიგმისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამო მილიონობით ქალი ჩუმად იტანჯება. ეს სიმპტომები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ ცხოვრების ხარისხზე, პირად ურთიერთობებსა და პროფესიულ საქმიანობაზე. მეტიც, მენოპაუზის შემდგომ იზრდება ისეთი დაავადებების რისკი, როგორიცაა ოსტეოპოროზი (ძვლების სიმყიფე) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. სწორედ ამიტომ, ცნობიერების ამაღლება და დროული სამედიცინო დახმარება კრიტიკულად აუცილებელია.
ჰოლი ბერის აქტივობები და არასწორი დიაგნოზის ისტორია
ჰოლი ბერის მისია ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისკენ ღრმად პიროვნული გამოცდილებიდან იღებს სათავეს. მსახიობმა გააცნობიერა, თუ რამდენად დიდი პრობლემაა მენოპაუზის შესახებ ცოდნის ნაკლებობა როგორც ექიმებში, ისე პაციენტებში, როდესაც მას პერიმენოპაუზის სიმპტომების გამო ჰერპესის დიაგნოზი დაუსვეს. ამ შემთხვევამ მას უბიძგა, გამოეყენებინა თავისი პლატფორმა და საჯაროდ ესაუბრა ამ თემაზე.
“დიდი ხნის განმავლობაში სექს-სიმბოლოს იარლიყს მაწებებდნენ,” – ამბობს ბერი. “როდესაც ჩემნაირი ცნობადობის ადამიანი საუბრობს მენოპაუზაზე, რომელიც ასეთი სტიგმატიზებულია, ეს სხვებსაც აძლევს ძალას. თუ მე შემიძლია ვთქვა, ‘ჰეი, სექსუალურია ცხოვრების ამ ეტაპზე გადასვლა, დაბერება პრივილეგიაა’, იმედი მაქვს, ქალებს ვაძლევ გამბედაობას, რომ ღირსეულად/თავდაჯერებულად იდგნენ და მიიღონ, რომ სამუდამოდ 30 წლის ვერ დავრჩებით”.
კომპანია Respin: მენოპაუზის “ერთი ფანჯრის პრინციპი”
ბერიმ დააარსა კომპანია Respin, რომელიც მენოპაუზაზე ფოკუსირებულ ჯანდაცვის კომპანიად გადაკეთდა. Respin-ი, რომელმაც `$5 მილიონამდე დაფინანსება მოიზიდა, მიზნად ისახავს, გახდეს კომპლექსური სერვისების მიმწოდებელი მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის.
კომპანიის სერვისები მოიცავს:
- საზოგადოების წევრობა: წლიური
$149-ის საფასურად მომხმარებლები იღებენ წვდომას პირად ჩატებზე და ექიმებთან პირდაპირ კითხვა-პასუხის სესიებზე. - პროდუქტები: პარტნიორობით კომპანია Joylux-თან, Respin-ი ყიდის “ინტიმურ გელს” (
$21ან$45) და ვაგინალურ აპარატს წითელი შუქის თერაპიით ($495), რომელიც ვაგინალური სიმშრალისა და მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქციონირების გაუმჯობესებას ემსახურება. - ტელემედიცინა (Respin Health):
- კონსულტაცია: 30-წუთიანი ვიზიტი მენოპაუზის საკითხებში დატრენინგებულ ექიმთან
$55ღირს. - პერსონალური გეგმა: დეტალური კითხვარის შევსების შემდეგ ქალებს შეუძლიათ მიიღონ პერსონალიზებული ცხოვრების სტილის გეგმა
$20-ად. - ჯგუფური ქოუჩინგი: თვეში
$45. - ინდივიდუალური სესია:
$100.
- კონსულტაცია: 30-წუთიანი ვიზიტი მენოპაუზის საკითხებში დატრენინგებულ ექიმთან
მენოპაუზის ბაზარი და ინფორმირებულობის მნიშვნელობა
როგორც Forbes-ის სტატიაშია აღნიშნული, ამჟამად მენოპაუზის მედიცინაზე მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას. მაგალითად, აშშ-ში ყოველწლიურად 1.3 მილიონი ქალი შედის მენოპაუზის ფაზაში, მაშინ როცა ქვეყანაში მენოპაუზის მედიცინაში სერტიფიცირებული 2,500-ზე ნაკლები ექიმია.
გლობალურად, მენოპაუზასთან დაკავშირებული ბაზარი გასულ წელს $17 მილიარდად შეფასდა და პროგნოზების მიხედვით, ხუთ წელიწადში $24 მილიარდს მიაღწევს.
“ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ თქვენი ერთი ფანჯრის პრინციპი მენოპაუზასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, რადგან ამ გზაზე აღმოვაჩინე, რომ ყველა ქალი მენოპაუზას განსხვავებულად გადის”, – ამბობს ბერი. “ეს ჩემი უდიდესი საქმეა. და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი უდიდესი საქმე, რადგან ვფიქრობ, ჩვენ, ქალებს, დაბერების გვეშინოდა.”
ასევე დაგაინტერესებთ:




