მას შემდეგ, რაც გასულ წელს პრეპარატმა Yeztugo-მ (ლენაკაპავირმა) აივ-ინფექციის პრევენციაში 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა, Gilead Sciences-მა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები პრეპარატის მიმართ ვირუსის რეზისტენტობის შესახებ.
ჟურნალ Science Translational Medicine-ში 2026 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აივ-ვირუსს შეუძლია შეიცვალოს სტრუქტურა, რათა თავი აარიდოს ლენაკაპავირის მოქმედებას, თუმცა ეს პროცესი ვირუსისთვის ძვირადღირებულია: მისი გამრავლების (რეპლიკაციის) უნარი დრამატულად მცირდება.
ლენაკაპავირი (ბრენდული სახელწოდებებით Sunlenca და Yeztugo) არის ინოვაციური ანტივირუსული მედიკამენტი, რომელიც აივ-ინფექციის სამკურნალოდ და პრევენციისთვის გამოიყენება. Yeztugo შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://gowell.ge/yeztugo/
კაფსიდის ჯავშანი და “ვარჯიშის ღირებულება”
ლენაკაპავირი არის პირველი და ერთადერთი დამტკიცებული მედიკამენტი, რომელიც უმიზნებს ვირუსის კაფსიდს
ტერმინის განმარტება: კაფსიდი – ცილოვანი გარსი, რომელიც იცავს ვირუსის გენეტიკურ მასალას და გადამწყვეტ როლს თამაშობს მის გამრავლებაში.
Gilead-ის მეცნიერებმა შეისწავლეს პაციენტების ნიმუშები კლინიკური კვლევებიდან (Capella და Calibrate), სადაც ლენაკაპავირი გამოიყენებოდა უკვე რეზისტენტული აივ-ის სამკურნალოდ. 40 ნიმუშში აღმოაჩინეს სპეციფიკური მუტაცია (M66I), რომელმაც შეცვალა კაფსიდის სტრუქტურა და წამალს მიკავშირების საშუალება არ მისცა.
თუმცა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ვირუსოლოგების, მანიშ ჩოუდჰარისა და ჯონათან ლის განცხადებით, ამ მუტაციას მოჰყვა ვირუსის “ექსტრემალური დასუსტება”. მუტაციის შედეგად, ვირუსის რეპლიკაციის უნარი ნორმალური აივ-ის 20%-ზე დაბლა დაეცა.
კლინიკური მნიშვნელობა: კომბინაცია გადამწყვეტია
Gilead-ის ვირუსოლოგიის ხელმძღვანელის, ჯარედ ბაეტენის თქმით, ეს შედეგები “დამამშვიდებელია”. კვლევამ აჩვენა, რომ რეზისტენტობა იშვიათია და ის ძირითადად მაშინ ვითარდება, როცა წამალი გამოიყენება მარტო (მონოთერაპია), სხვა ანტივირუსული პრეპარატების გარეშე. ამჯერად ჩვენ მკურნალობაზე ვსაუბრობთ და არა პრევენციაზე.
რას ნიშნავს „მონოთერაპია“ აივ-ის შემთხვევაში? აივ-ინფექციის მკურნალობის ოქროს სტანდარტი არის კომბინირებული თერაპია (ე.წ. “კოქტეილი“). პაციენტი იღებს ერთდროულად 2 ან 3 სხვადასხვა მექანიზმის მქონე წამალს. თუ ვირუსი ერთ წამალს „დაუსხლტება“, მეორე და მესამე ანადგურებენ მას.მონოთერაპია ნიშნავს მხოლოდ ერთი წამლით მკურნალობას. აივ-ის შემთხვევაში ეს დაუშვებელია, რადგან ვირუსი ძალიან სწრაფად მუტაციას განიცდის და ამ ერთი წამლის მიმართ გამძლე ხდება.
Gilead-ის კვლევა (Capella) ჩატარდა პაციენტებზე, რომლებსაც ჰქონდათ უკიდურესად რეზისტენტული, რთული ვირუსი. მათი ძველი წამლები აღარ მუშაობდა. როცა მათ ლენაკაპავირი დაუნიშნეს, ფორმალურად ისინი იღებდნენ სხვა წამლებსაც, მაგრამ რადგან ის სხვა წამლები ვეღარ მოქმედებდნენ (ვირუსი უკვე შეჩვეული იყო), ფაქტობრივად გამოდიოდა, რომ ორგანიზმში მხოლოდ ლენაკაპავირი მუშაობდა. ამას ჰქვია “ფუნქციური მონოთერაპია“. სწორედ ამ დროს (როცა ლენაკაპავირი მარტო დარჩა ვირუსის პირისპირ) განავითარა ვირუსმა რეზისტენტობა.
თუმცა, ჯარედ ბაეტენი გულისხმობს, რომ რეზისტენტობა არ განვითარებულა იმ პაციენტებში, ვისთანაც ლენაკაპავირი მუშაობდა სხვა აქტიურ წამლებთან ერთად. ანუ, თუ ლენაკაპავირს სწორად შევუწყვილებთ სხვა წამლებს, რეზისტენტობის რისკი მინიმალურია.
ხშირად ისმის კითხვა, შეუძლია თუ არა პრევენციულად მიღებულ მედოკამენტს, რეზისტენტობის რისკი გაზარდოს? ანუ PrEP-ს. პრევენციის დროს ადამიანი ჯანმრთელია (ვირუსი არ აქვს), ამიტომ წამალი მარტოც (მონოთერაპია) რომ იყოს, რეზისტენტობა ვერ განვითარდება, რადგან ვირუსი ფიზიკურად არ არსებობს, რომელსაც მუტაცია უნდა განეცადა. რეზისტენტობა არის ვირუსის მუტაციის შედეგი.
მნიშვნელოვანი მიგნებები:
-
იშვიათი რეზისტენტობა: ლენაკაპავირის მიმართ გამძლეობა არ ნიშნავს, რომ ვირუსი გამძლე ხდება სხვა კლასის მედიკამენტების მიმართ.
-
დასუსტებული ვირუსი: რეზისტენტული ვირუსი იმდენად სუსტია, რომ მისი გავრცელება რთულია.
-
პრევენცია: რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატის კომბინირებული გამოყენება სხვა ანტივირუსულ საშუალებებთან ერთად.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტი ელისონ აგვუ აღნიშნავს, რომ მიუხედავად ვირუსის დასუსტებისა, აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა, რადგან აივ-ს აქვს უნარი, დროთა განმავლობაში განავითაროს დამატებითი მუტაციები დაკარგული ძალების აღსადგენად.
ასევე დაგაინტერესებთ:




