ფარმაცევტულმა კომპანიამ Merck & Co-მ გამოაცხადა, რომ გააფორმა შვიდი ნებაყოფლობითი სალიცენზიო შეთანხმება ჯენერიკების (ანალოგი მედიკამენტების) მწარმოებლებთან. შეთანხმება ითვალისწინებს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული პრეპარატის, ალიმატაცირას (alimatravir), შედარებით დაბალფასიანი ვერსიების წარმოებასა და რეალიზაციას 129 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში.
ალიმატაცირა წარმოადგენს თვეში ერთხელ მისაღებ ორალურ (დასალევ) მედიკამენტს, რომელიც ამჟამად კლინიკური კვლევების საბოლოო, გვიან ეტაპზე იმყოფება. პრეპარატი შექმნილია იმისთვის, რომ მიღებიდან ერთ საათში უზრუნველყოს აივ-1-ისგან დაცვა ერთი თვის განმავლობაში.
სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა სუბსაჰარული აფრიკისა (Aspen Pharmacare, Quality Chemical Industries, UCL) და ინდოეთის (Aurobindo, Cipla, Emcure, Viatris) ფარმაცევტულ მწარმოებლებთან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სუბსაჰარული აფრიკის მწარმოებლები საწყის ეტაპზევე ჩაერთვნენ მსგავს გლობალურ სალიცენზიო შეთანხმებაში.
ჰონორარისგან თავისუფალი (royalty-free) შეთანხმება ფარავს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს 129 ქვეყანაში, სადაც აივ ინფექციის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ფიქსირდება. Merck-ის წარმომადგენელთა განცხადებით, კლინიკური კვლევის შედეგები მომავალი წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, თუმცა ადრეულ ეტაპზე ლიცენზირება ჯენერიკების მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, წინასწარ მოემზადონ წარმოების მასშტაბირებისთვის.
UNAIDS-ის მონაცემებით, 2025 წელს მსოფლიოში აივ ინფექციით დაახლოებით 40.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა ნახევარზე მეტი სუბსაჰარულ აფრიკაზე მოდის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აქტიურად მოუწოდებს ფარმაცევტულ სექტორს, გაზარდონ ხელმისაწვდომობა აივ-ის სამკურნალო და პრევენციულ მედიკამენტებზე.
წყარო: Reuters




