ღამურები მრავალი საშიში ვირუსის ბუნებრივი მატარებლები არიან. მათ შორისაა ნიპას (Nipah) ვირუსი, რომელმაც ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში ადამიანების ინფიცირებაც გამოიწვია.
მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოზარდეს კოღოები, რომელთა ნერწყვშიც ვაქცინაა მოთავსებული, და მათი გამოყენებით ლაბორატორიულ პირობებში ღამურების ვაქცინაცია სცადეს ცოფისა და ნიპას ვირუსის წინააღმდეგ. ახლა მკვლევრები სწავლობენ, შეიძლება თუ არა ამ მეთოდით ღამურებიდან ადამიანებზე ვირუსების ე.წ. “გადმოხტომის“ შეჩერება. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურადაა განწყობილი იმის მიმართ, შეძლებს თუ არა ეს სტრატეგია რეალურ ბუნებრივ გარემოში მუშაობას.
ღამურები მრავალ ზოონოზურ ვირუსს ატარებენ, თუმცა ხშირად თავად არ ავადდებიან. ისინი ამ ვირუსების გრძელვადიანი რეზერვუარები არიან. თუ ღამურების ვაქცინაცია შესაძლებელი გახდება, შეიძლება შემცირდეს რისკი, რომ ეს ვირუსები სხვა ცხოველებსა და ადამიანებს გადაედოს. მაგრამ ღამურების ვაქცინაცია რთული ამოცანაა: ისინი ცხოვრობენ გამოქვაბულებში, ქმნიან დიდ კოლონიებს და ხშირად დიდ მანძილებზე გადაადგილდებიან.
ნიპას ვირუსი იშვიათი, მაგრამ ძალიან საშიში ინფექციაა, რომელიც ღამურებიდან ადამიანებზე შეიძლება გადავიდეს. ადამიანებში ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 75%-მდე აღწევს. ღამურები ასევე შეიძლება ატარებდნენ ცოფის ვირუსს, რომელიც ადამიანებში სიმპტომების დაწყების შემდეგ თითქმის 100%-ით ლეტალურია.
ჟურნალ Science Advances–ში გამოქვეყნებულ კვლევაში ჩინელმა მეცნიერებმა Aedes aegypti სახეობის კოღოებს მისცეს სისხლი, რომელიც ნიპას ან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას შეიცავდა. ვაქცინის ვირუსული კომპონენტები კოღოს ორგანიზმში გამრავლდა და მის სანერწყვე ჯირკვლებს მიაღწია. ამის შედეგად კოღოებს შეეძლოთ ვაქცინის გადაცემა მაშინ, როცა ისინი ღამურებს კბენდნენ ან როცა ღამურები თავად ჭამდნენ ამ მწერებს.
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში აღმოჩნდა, რომ კოღოების მიერ “ვაქცინირებულ“ თაგვებსა და ღამურებს ცოფის წინააღმდეგ მანეირტალიზებელი ანტისხეულები განუვითარდათ. როდესაც ცხოველები მოგვიანებით რეალურ ვირუსს შეხვდნენ, ისინი ინფექციას გადაურჩნენ. მსგავსმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თაგვებს, ზაზუნებსა და ღამურებს ასევე განუვითარდათ ანტისხეულები ნიპას ვირუსის წინააღმდეგაც.
კვლევის თანაავტორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ვირუსოლოგი აიჰუა ჟენგი ამბობს, რომ მის გუნდს არ ჰქონდა შესაბამისი მაღალი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია იმისათვის, რომ პირდაპირ გამოეცადათ ნიპათი ინფიცირება ვაქცინირებულ ღამურებში. ამიტომ მათ გამოიყენეს ზაზუნები, რომელთაც ანტისხეულების ისეთი დონე ჰქონდათ, როგორიც ვაქცინირებულ ღამურებს. ასეთ პირობებში ცხოველები ინფექციას გადაურჩნენ.
ხილიჭამია ღამურები (ე.წ. მფრინავი მელიები) ნიპას ვირუსის ბუნებრივი მასპინძლები არიან, თუმცა ისინი კოღოებს არ ჭამენ. ამიტომ მეცნიერებმა სპეციალური სასმელი სადგურები შექმნეს, სადაც მარილიანი ხსნარი ვაქცინით იყო გამდიდრებული. თაგვებსა და ღამურებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ გზითაც შესაძლებელია ცოფისა და ნიპას წინააღმდეგ მანეიტრალიზებელი ანტისხეულების გამომუშავება.
პერსპექტიული შედეგების მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ ღამურების ვაქცინაციის ეს მიდგომა მნიშვნელოვან ეთიკურ და პრაქტიკულ საკითხებს აჩენს. კოღოებით გადამდები დაავადებების სპეციალისტი და ორგანიზაცია MalariaWorld-ის დამფუძნებელი ბარტ ნოლსი აღნიშნავს, რომ კოღოების გამოყენებას მას ღამურების ვაქცინაცია სასმელი სადგურების მეშვეობით ურჩევნია.
მისი თქმით, ცოცხალი ვექტორების (კოღოების) გამოყენებაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეუძლებელია გააკონტროლო, თუ ვის უკბენს კოღო. მაგალითად, შეუძლებელია იმის გარანტია, რომ კოღოები არ უკბენენ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ სურთ.
ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი დანიელ ანდერსონი აღნიშნავს, რომ კვლევა წარმატებით აჩვენებს: ლაბორატორიულ პირობებში კოღოებს ნამდვილად შეუძლიათ ვაქცინის გადატანა ღამურებზე. თუმცა ექსპერიმენტები ჩატარდა ისეთ ცხოველებზე, რომლებიც მანამდე ამ ვირუსებს არ შეხვედრიან.
რეალურ სამყაროში კი ბევრი ღამურა უკვე ატარებს ისეთ ვირუსებს, როგორიცაა ნიპა. ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ვაქცინაცია მათ მიერ ვირუსის გამოყოფის შეჩერებას – რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ვირუსი სხვა ცხოველებსა და ადამიანებს აღარ გადაედოს.
კანადის სასკაჩევანის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი არინჯაი ბანერჯი ამბობს, რომ ღამურების იმუნური სისტემის შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი ცოდნა. შესაბამისად, უცნობია, უზრუნველყოფს თუ არა ვაქცინით გამოწვეული ანტისხეულები გრძელვადიან დაცვას. ის ასევე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში 1500-ზე მეტი სახეობის ღამურა არსებობს, ამიტომ ვაქცინაციის სტრატეგიები, სავარაუდოდ, თითოეულ სახეობასა და კონკრეტულ ვირუსზე ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული.
თავად კვლევის ავტორმა, აიჰუა ჟენგმაც აღნიშნა ამ კვლევის შეზღუდვები. მისი გუნდი ახლა სწავლობს, შეიძლება თუ არა ამ მეთოდის გამოყენება იმ ვირუსების წინააღმდეგ, რომლებიც ღამურებიდან ფერმის ცხოველებზე, განსაკუთრებით ღორებზე, გადადის. რეალურ პირობებში ასეთი მიდგომის გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება ფართომასშტაბიანი უსაფრთხოების ტესტები და ვაქცინიანი კოღოების გარემოში გამოშვებისთვის შესაბამისი სამთავრობო ნებართვები გაიცემა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ღამურებიდან პოტენციურ პანდემიამდე – სამხრეთ აზიის ბრძოლა ნიპას ვირუსთან




