დეპრესია ხშირად მხოლოდ პიროვნულ ან სამედიცინო პრობლემად განიხილება, თუმცა მისი გავლენა გაცილებით ფართოა – მდგომარეობამ შეიძლება შეამციროს ადამიანის შრომისუნარიანობა, გაართულოს განათლების მიღება, გაზარდოს სამსახურის გაცდენა და ზოგი ადამიანი სამუშაო ძალის მიღმაც დატოვოს. “Nature Medicine-ში“ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ამ პროცესების ერთობლივმა გავლენამ 2025-2050 წლებში მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 12 ტრილიონი აშშ დოლარი შეიძლება დააკარგვინოს. ეს თანხა 2024 წლის დოლარის ღირებულებით არის გამოთვლილი და აღნიშნული პერიოდის პროგნოზირებული გლობალური ეკონომიკური პროდუქტის დაახლოებით 0.46%-ს შეესაბამება.
მნიშვნელოვანია, რომ 12 ტრილიონი დოლარი არ ნიშნავს უშუალოდ საავადმყოფოებში, ექიმებთან ვიზიტებსა და მედიკამენტებზე დახარჯულ თანხას. მკვლევრებმა შეადარეს ორი თეორიული სცენარი: პირველი – დეპრესიის არსებული და მოსალოდნელი ტვირთის შენარჩუნება, მეორე კი – დეპრესიის ჯანმრთელობაზე გავლენის სრულად არარსებობა. ამ ორ სცენარში 2025-2050 წლებში მოსალოდნელ მთლიან შიდა პროდუქტს შორის სხვაობა დეპრესიის მაკროეკონომიკურ ტვირთად ჩაითვალა. შესაბამისად, ეს არის ეკონომიკური ზრდის შესაძლო დანაკარგის მოდელირებული შეფასება და არა უკვე გადახდილი ანგარიში.
მოდელი 154 ქვეყნის მონაცემებს მოიცავდა, რომლებშიც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 96% ცხოვრობს. მკვლევრებმა გამოიყენეს მსოფლიო ბანკის, “დაავადებათა გლობალური ტვირთის“ კვლევის, გაეროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და განათლების მონაცემები. შეფასებისას გათვალისწინებული იყო დეპრესიის გავლენა სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე, განათლების დონეზე, სამუშაო გამოცდილებასა და შრომის ეფექტიანობაზე, ასევე მკურნალობის ხარჯების შესაძლო გავლენაზე დანაზოგსა და ინვესტიციებზე.
კვლევის მიხედვით, მთავარი ეკონომიკური დანაკარგი უშუალოდ სამედიცინო ხარჯებიდან არ წარმოიქმნება. გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამუშაო ძალის შემცირებასა და პროდუქტიულობის დაკარგვას. დეპრესიის დროს ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს კონცენტრაცია, ყოველდღიური საქმიანობის შესრულება და მოტივაციის შენარჩუნება. ეკონომიკურ დონეზე ეს გამოიხატება სამსახურის გაცდენაში, მუშაობის გაგრძელებაში შემცირებული ეფექტიანობით, სამუშაოს დატოვებასა და დასაქმების ნაკლებ შესაძლებლობებში.
მთავარი შეფასებით, 26 წლის განმავლობაში დაგროვილი გლობალური დანაკარგი დაახლოებით 12.4 ტრილიონი დოლარია, თუმცა გაურკვევლობის დიაპაზონი 10-დან 15 ტრილიონ დოლარამდე მერყეობს. ეს საშუალოდ ერთ ადამიანზე დაახლოებით 1 429 დოლარის ეკონომიკურ ტვირთს შეესაბამება მთელი პერიოდის განმავლობაში. მკვლევრებმა სხვადასხვა ეკონომიკური ვარაუდიც შეამოწმეს და საერთო სურათი არ შეცვლილა – დეპრესიის ეკონომიკური გავლენა ყველა სცენარში ტრილიონობით დოლარს შეადგენდა.
აბსოლუტური თანხით ყველაზე დიდი მოსალოდნელი დანაკარგი შეერთებულ შტატებში გამოვლინდა – დაახლოებით 4.1 ტრილიონი დოლარი. მას მოსდევდა ჩინეთი დაახლოებით 2.1 ტრილიონით და გაერთიანებული სამეფო 475 მილიარდი დოლარით. თუმცა ეკონომიკის ზომასთან შეფარდებისას ყველაზე მძიმე ტვირთი რამდენიმე დაბალი შემოსავლის ქვეყანაში დაფიქსირდა. ლესოთოში დანაკარგი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.77%-ს შეადგენდა, უგანდაში – 0.75%-ს, ხოლო ტოგოში – 0.74%-ს. შემოსავლის ჯგუფებს შორის ყველაზე მაღალი შეფარდებითი ტვირთი დაბალი შემოსავლის ქვეყნებს ჰქონდათ.
ეს განსხვავება აჩვენებს, რომ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ყველაზე მეტ ფულს კარგავენ, მაგრამ შედარებით მცირე ეკონომიკებისთვის ნაკლები აბსოლუტური დანაკარგიც კი უფრო მძიმე ტვირთი შეიძლება იყოს. რეგიონულად ყველაზე მაღალი გავლენა ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა – მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.60%. მას ევროპა და ცენტრალური აზია 0.51%-ით და სუბსაჰარული აფრიკა 0.49%-ით მოსდევენ.
კვლევის შედეგები პროგნოზია და არა გარდაუვალი მომავალი. მოდელი ეფუძნება ვარაუდებს დეპრესიის გავრცელების, ეკონომიკური ზრდის, მკურნალობის ხარჯებისა და შრომის ბაზრის შესახებ. ქვეყნების ნაწილში დეპრესიის მონაცემები თვითშეფასებით გამოკითხვებს ეყრდნობა და კულტურულმა განსხვავებებმა შესაძლოა სიმპტომების დაფიქსირებაზე გავლენა მოახდინოს. მკურნალობის ხარჯების შეფასებაც ძირითადად აშშ-ის მონაცემებიდან იყო მიღებული და შემდეგ სხვა ქვეყნების ჯანდაცვის დანახარჯებთან მისადაგებული. ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს შეზღუდვები ზუსტ თანხებზე მოქმედებს, თუმცა საერთო დასკვნას ნაკლებად ცვლის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში დაახლოებით 332 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დეპრესიით, ხოლო მაღალი შემოსავლის ქვეყნებშიც კი შესაბამის მკურნალობას მხოლოდ დაახლოებით ყოველი მესამე იღებს. მთავარ ბარიერებს შორისაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების არასაკმარისი დაფინანსება, სპეციალისტების სიმცირე და სტიგმა. WHO ასევე აღნიშნავს, რომ დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების ეკონომიკური გავლენა უკვე დაახლოებით 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს ყოველწლიურად და ამ დანაკარგის მნიშვნელოვანი ნაწილი შემცირებულ პროდუქტიულობას უკავშირდება.
კვლევის მთავარი გზავნილი ისაა, რომ დეპრესიის პრევენცია, ადრეული გამოვლენა და მკურნალობა მხოლოდ ჯანდაცვის ხარჯად არ უნდა ჩაითვალოს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის გაფართოებამ, მათი პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებამ და სამუშაო ადგილებზე მხარდაჭერის გაძლიერებამ შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად სამუშაო ძალაში მონაწილეობა და ეკონომიკური პროდუქტიულობაც გააუმჯობესოს. შესაბამისად, დეპრესიაზე რეაგირება არა მხოლოდ სოციალური და სამედიცინო აუცილებლობა, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკური ინვესტიციაცაა.




