ყოველწლიურად, 13 თებერვალს აღინიშნება კონდომის საერთაშორისო დღე. ეს თარიღი შეხსენებაა იმისა, რომ ზოგჯერ ყველაზე ეფექტიანი პრევენცია ყველაზე მარტივი ტექნოლოგიით იწყება. კონდომი სწორედ ასეთი ინსტრუმენტია: იგი არის იაფი, ხელმისაწვდომი და სწორი გამოყენების შემთხვევაში მაღალი ეფექტიანობის მქონე ბარიერული მეთოდი, რომელიც ერთდროულად ამცირებს აივ ინფექციისა და მრავალი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის რისკს, ასევე ხელს უწყობს არასასურველი ორსულობის პრევენციას.
ეს თემა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან “WHO Europe”-ისა და “HBSC”-ის სკოლის ასაკის მოზარდთა ჯანმრთელობის კვლევების მიხედვით, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 15 წლის სქესობრივად აქტიურ მოზარდებში კონდომის გამოყენების მაჩვენებელი 2014-დან 2022 წლამდე შემცირდა. მსგავსი ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სიგნალია: როდესაც პრევენციული ქცევა სუსტდება, ინფექციები უფრო მარტივად პოულობენ სისტემურ “ბზარებს”, იქნება ეს ინფორმაციის დეფიციტი, სტიგმა, სერვისებზე შეზღუდული წვდომა თუ პარტნიორთან მოლაპარაკების სირთულე.
კონდომის ეფექტიანობაზე საუბრისას მეცნიერება ყოველთვის განასხვავებს ორ დონეს. “იდეალური გამოყენება” ნიშნავს, რომ ყველა ნაბიჯი სრულად და სწორად სრულდება ყოველ სქესობრივ აქტზე. “ტიპური გამოყენება” კი რეალურ ცხოვრებას აღწერს, სადაც გვხვდება ისეთი ხარვეზები, როგორიცაა დაგვიანებული გამოყენება, არასწორი ზომა, შეფუთვის არასწორი გახსნა, შეუსაბამო ლუბრიკანტი ან არასათანადო შენახვა. სწორედ ამიტომ, ორსულობის პრევენციის კონტექსტში ტიპური გამოყენების ეფექტიანობა უფრო დაბალია, ვიდრე იდეალური გამოყენებისას და ეს განსხვავება პრაქტიკულად სწორედ ქცევითი და ტექნიკური დეტალებით აიხსნება.
ყველაზე ხშირი შეცდომები, რომლებიც ზრდის წარუმატებლობის რისკს, დაკავშირებულია შენახვის პირობებთან (მაღალი ტემპერატურა, მზის პირდაპირი სხივები, ხანგრძლივად საფულეში ტარება), ქიმიურ შეუთავსებლობასთან (ზეთოვანი საშუალებები ლატექსს აზიანებს, ამიტომ საჭიროა წყლის ან სილიკონის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტი), მექანიკურ დაზიანებასთან (შეფუთვის გახსნა ბასრი საგნით, კბილებით) და ზომის შეუსაბამობასთან, რაც ზრდის ჩამოსრიალების ან გახევის ალბათობას.
პრევენციის მნიშვნელოვანი ალტერნატივაა ქალის, ანუ შინაგანი კონდომი, რომელიც პოლიურეთანის ან ნიტრილისგან მზადდება და საუკეთესო გამოსავალია მათთვის, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს. მას ასევე აქვს ავტონომიის კომპონენტი, რადგან გამოყენების კონტროლის შესაძლებლობას უფრო მეტად აძლევს უშუალოდ იმ ადამიანს, ვინც მას მოიხმარს. როგორც ყველა ბარიერული მეთოდი, იგი მაქსიმალურად ეფექტიანია სწორი და თანმიმდევრული გამოყენების პირობებში, ხოლო ტიპური მოხმარებისას შედეგზე გავლენას ახდენს გამოცდილება და გამოყენების ტექნიკა.
უნდა გვახსოვდეს, რომ კონდომის გამოყენება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილება. იგი მთლიანი სისტემის ნაწილია, რომელიც მოიცავს მიწოდების ჯაჭვს, ფასს, ხელმისაწვდომობასა და საინფორმაციო გარემოს. საერთაშორისო პროგრამები, მათ შორის “UNFPA”-ის პარტნიორობები, მილიონობით ერთეულს აწვდიან ქვეყნებს და აფასებენ, რომ ეს უზრუნველყოფა გადამწყვეტ გავლენას ახდენს ინფექციების პრევენციაზე. თუმცა, დაბალი რესურსის მქონე გარემოებში კვლავ პრობლემად რჩება ფინანსური დეფიციტის, მიწოდების წყვეტისა და გეორგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი.
საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის გზებში სქესობრივი კონტაქტი წამყვანი კომპონენტია. სგგი-ებთან დაკავშირებული შემთხვევების პერიოდული მატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბარიერული პრევენციის მნიშვნელობას. გთავაზობთ მოკლე გზამკვლევს პრეზერვატივების შესარჩევად:
პრეზერვატივი შეიძლება იყოს ლატექსის, ცხოველური გარსის, პოლიურეთანის ან პოლიიზოპრენის. სწორი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის თავისებურებების ცოდნა.
“მამაკაცის” პრეზერვატივები ძირითადად ოთხი მასალისგან მზადდება:
-
ლატექსი: ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი მასალაა. ეფექტურია როგორც ორსულობის, ისე ინფექციების პრევენციისთვის. მისი გამოყენება არ შეიძლება ლატექსზე ალერგიის დროს და ზეთოვანი ლუბრიკანტების პარალელურად.
-
ცხოველური გარსი (Lambskin): ნატურალური მასალაა, რომელიც კარგად ატარებს სითბოს. ის იცავს დაორსულებისგან, თუმცა ვერ უზრუნველყოფს დაცვას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან.
-
პოლიურეთანი: პლასტმასის ტიპის მასალაა, რომელიც თხელია და უძლებს ნებისმიერი სახის ლუბრიკანტს. თუმცა, ის ნაკლებად ელასტიურია, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს კომფორტსა და მორგებაზე, რის გამოც დაზიანების ან ჩამოსრიალების რისკი შედარებით მაღალია.
-
პოლიიზოპრენი: სინთეზური მასალაა, რომელიც არ იწვევს ალერგიას. ის კარგად იცავს დაავადებებისგან, მაგრამ ზეთოვანმა ლუბრიკანტებმა შეიძლება დააზიანოს.
ბაზარზე არსებობს სხვადასხვა მახასიათებლების მქონე პრეზერვატივები:
-
დამატებითი დატენიანებით: ამცირებს ხახუნს და უფრო კომფორტულია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა მასში არსებულ ნივთიერებებზე რეაქცია ჰქონდეს.
-
სპერმიციდული: შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კლავს სპერმატოზოიდებს, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება, ქავილი ან წვა. ხშირი გამოყენებისას შეიძლება იწვევდეს ლორწოვანის გაღიზიანებას და თანამედროვე რეკომენდაციებში მათი რუტინული გამოყენება ხშირად აღარ არის წახალისებული.
-
რელიეფური (ხორკლიანი): შექმნილია მგრძნობელობის მოსამატებლად, თუმცა ზოგჯერ იწვევს დისკომფორტს.
-
არომატიზებული: გამოიყენება სპეციფიკური გემოსა და სუნისთვის, თუმცა მათში არსებულმა შაქარმა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან დისკომფორტი.
-
ულტრათხელი: უზრუნველყოფს მაქსიმალურ მგრძნობელობას, მაგრამ არასწორი ზომის შერჩევისას გახევის მეტი რისკი აქვს.
ეს არის “ქალის” პრეზერვატივი, რომელიც თავსდება ვაგინის შიგნით.

დადებითი მხარეები:
-
დაახლოებით 95%–იანი ეფექტურობა (დაახლოებით 95% ეფექტურობა იდეალური გამოყენებისას, ხოლო ტიპური გამოყენებისას ეფექტურობა დაბალია).
-
ქალს აძლევს საშუალებას თავად გააკონტროლოს დაცვის პროცესი.
-
მზადდება ნიტრილისგან და ნაკლებად ალერგიულია.
უარყოფითი მხარეები:
-
უფრო ძვირია და რთული საპოვნელი.
-
ხახუნისას შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება საკმარისი ლუბრიკაციის გარეშე.

სურათზე ნაჩვენებია ქალის (შინაგანი) პრეზერვატივის სწორად გამოყენების ეტაპები. ილუსტრაცია ასახავს მოწყობილობის პოზიციონირებას, ჩადგმას და მის ფუნქციურ მდებარეობას ვაგინაში, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეფექტიანობის, ისე კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ზომის განსაზღვრა
:max_bytes(150000):strip_icc():format(webp)/condomsizechart-589fa0165f9b58819cb2594a.jpg)
Nominal width (სიგანე) არის პრეზერვატივის მთავარი ტექნიკური პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს მორგებას. იგი იზომება პრეზერვატივის ბრტყელ მდგომარეობაში. სურათზე ნაჩვენები მაგალითი დაახლოებით 2 ინჩი(~51 მმ) სიგანეს ასახავს.
პრეზერვატივები იყოფა ხუთ ძირითად კატეგორიად (სიგრძე და სიგანე მილიმეტრებში), თუმცა ეს უფრო მარკეტინგული მეთოდია და საერთო ნაკლებად აქვს მეცნიერებასთან. პრეზერვატივის შერჩევისას მთავარი ტექნიკური პარამეტრია nominal width (სიგანე), რომელიც განსაზღვრავს მორგებასა და გამოყენების კომფორტს, სიგრძე კი ძირითადად სტანდარტულია.
| ზომა | სიგანე | პრაქტიკული მორგება |
|---|---|---|
| Snug / Narrow Fit | 47–49 მმ | ვიწრო გარშემოწერილობისთვის |
| Standard Fit | 52–54 მმ | ყველაზე გავრცელებული ზომა |
| Wider Fit | 55–57 მმ | საშუალოზე ფართო მორგება |
| Large Fit | 58–60 მმ | ფართო გარშემოწერილობისთვის |
| Extra-Large Fit | 61–64 მმ | განსაკუთრებით ფართო მორგება |
ზუსტი ზომის გასაგებად უნდა გაიზომოს სიგრძე და გარშემოწერილობა ყველაზე სქელ ნაწილში.
შეჯამებისთვის:
-
დანიშნულება: თუ მიზანი ინფექციების პრევენციაა, მოერიდეთ ცხოველური გარსის (Lambskin) პრეზერვატივებს.
-
ვარგისიანობა: ყოველთვის შეამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული თარიღი.
-
ალერგია: ლატექსზე ალერგიის შემთხვევაში აირჩიეთ პოლიურეთანი ან პოლიიზოპრენი.
-
ლუბრიკანტი: ლატექსის შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ წყლის ბაზაზე დამზადებული საშუალებები.
ასევე დაგაინტერესებთ:




