უელსში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ჰერპეს ზოსტერის (იგივე სარტყლისებრი ლიქენი, სირსველი) საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაკავშირებულია დემენციის მქონე ადამიანებში სიკვდილიანობის შემცირებასთან.
კვლევის შედეგები, რომლებიც ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა და ალცჰაიმერის დაავადების კლინიკური კვლევების ყოველწლიურ შეხვედრაზე (CTAD) წარადგინეს, აჩვენებს, რომ ვაქცინას შესაძლოა ჰქონდეს არა მხოლოდ პრევენციული, არამედ თერაპიული ეფექტიც.
დემენციის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ცოცხალი შესუსტებული ვაქცინა (Zostavax), დემენციასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 9 წლის განმავლობაში 29.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
“ჩვენი მიგნებები მიუთითებს, რომ ვაქცინას აქვს სასარგებლო ეფექტი დემენციის მიმდინარეობის ორივე ბოლოში – როგორც პრევენციის, ისე პროგრესირების შენელების კუთხით”, – განაცხადა კვლევის ავტორმა, პასკალ გელდზეცერმა (სტენფორდის უნივერსიტეტი).
გარდა სიკვდილიანობის შემცირებისა, ვაქცინაციამ ასევე აჩვენა კავშირი მსუბუქი კოგნიტური დარღვევების შემთხვევების კლებასთან (3.1 პროცენტული პუნქტით).
რა უნდა ვიცოდეთ ვირუსზე და ვაქცინაციაზე?
იმისათვის, რომ გავიგოთ ვაქცინის მნიშვნელობა, აუცილებელია ვიცოდეთ ვირუსის ბუნება:
-
დაავადებას იწვევს ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი (VZV). ეს იგივე ვირუსია, რომელიც ბავშვობაში ჩუტყვავილას იწვევს.
-
მას შემდეგ, რაც ადამიანი ჩუტყვავილას გადაიტანს, ვირუსი ორგანიზმიდან არ ქრება. ის გადადის “მძინარე” (ლატენტურ) მდგომარეობაში და წლების განმავლობაში რჩება ნერვულ კვანძებში. ასაკის მატებასთან ერთად ან იმუნური სისტემის დასუსტების ფონზე, ვირუსი შეიძლება ხელახლა გააქტიურდეს.
-
როგორ ვლინდება: რეაქტივაციის შემდეგ ის ვლინდება არა როგორც ჩუტყვავილა, არამედ როგორც სარტყლისებრი ლიქენი (Shingles/Herpes Zoster). მას ახასიათებს მტკივნეული გამონაყარი კანზე (ხშირად ზოლისებური ფორმით), ბუშტუკები და ძლიერი ნერვული ტკივილი, რომელიც შესაძლოა გამონაყარის გაქრობის შემდეგაც თვეობით გაგრძელდეს.
-
ვის უკეთდება ვაქცინა: დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციით, ვაქცინაცია (ძირითადად რეკომბინანტული ვაქცინით, Shingrix) რეკომენდებულია 50 წლისა და უფროსი ასაკის ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანებისთვის, ან 19 წლისა და უფროსი ასაკის იმ პირებისთვის, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა.
როგორ ჩატარდა კვლევა?
მკვლევრებმა გამოიყენეს უელსის ჯანდაცვის მონაცემთა ბაზა და შეადარეს ორი ჯგუფი, რომელთა განსხვავება მხოლოდ დაბადების თარიღი იყო:
-
ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ 1933 წლის 2 სექტემბრამდე (მათ ვაქცინა არ ეკუთვნოდათ).
-
ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ამ თარიღის შემდეგ (მათ შეეძლოთ ვაქცინის მიღება).
ამ მეთოდმა მეცნიერებს საშუალება მისცა, გამოერიცხათ სხვა ფაქტორების გავლენა და ზუსტად შეეფასებინათ ვაქცინის ეფექტი.
სხვა კვლევები და პერსპექტივები
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერები ამ კავშირს ხედავენ. 2024 წლის კვლევამ აშშ-ში აჩვენა, რომ ახალი თაობის, რეკომბინანტულ ვაქცინას (Shingrix) შესაძლოა კიდევ უფრო დიდი დამცავი ეფექტი ჰქონდეს.
ასევე, 400 000 პაციენტზე ჩატარებულმა სხვა კვლევამ აჩვენა კავშირი AS01 ადიუვანტის (ვაქცინის გამაძლიერებელი ნივთიერების) შემცველ ვაქცინებსა და დემენციის რისკის შემცირებას შორის.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც წელს შევიტყვეთ იყო დემენციის პრევენციის ალბათობა ვაქცინაციით. კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ზოსტერის ვაქცინა დემენციის განვითარების რისკს 20%-ით ამცირებს (შეგახსენებთ, რომ ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა).
შეზღუდვები
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კონკრეტული კვლევა ეხებოდა ძველი თაობის, ცოცხალ ვაქცინას (Zostavax), რომელიც ბევრ ქვეყანაში (მათ შორის აშშ-ში) უკვე ჩაანაცვლა ახალმა, რეკომბინანტულმა ვაქცინამ. თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ახალ ვაქცინას სავარაუდოდ კიდევ უფრო ძლიერი ეფექტი ექნება.
გელდზეცერის თქმით, თუ ეს შედეგები რანდომიზებულ კლინიკურ კვლევებშიც დადასტურდება, ეს იქნება “უაღრესად მნიშვნელოვანი მიგნება კლინიკური მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის”.
ამავე თემაზე:
ჰერპესი, ჩუტყვავილა და ალცჰაიმერი – სად გადაკვეთს ერთმანეთს ინფექცია და დემენცია?




