“ტუჩზე ჰერპესი გამომივიდა“ – ეს ფრაზა ალბათ არაერთხელ გსმენიათ ან თავადაც გითქვამთ. ჩვეულებრივ, ამას მნიშვნელობას დიდად არ ვანიჭებთ. თუმცა, შესაძლოა სწორედ ეს პატარა გამონაყარი – ე.წ. ცივი წყლული – რაღაც კავშირში იყოს ალცჰაიმერის დაავადებასთან? ჟურნალ BMJ Open-ში ახლახან გამოქვეყნებული კვლევა სწორედ ამ თემას იკვლევს.
კვლევა მიუთითებს, რომ მარტივი ჰერპესის ვირუსი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკთან.
რას გვეუბნება ეს ახალი მიგნება? რამდენად სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ კავშირს? მოდით, მტკიცებულებებს ერთად გადავხედოთ.
პირველ რიგში – რა არის HSV-1?
HSV-1 ძალიან გავრცელებული ინფექციაა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება ტუჩებზე ან პირის ირგვლივ გაჩენილი პატარა ბუშტუკებით. ხშირ შემთხვევაში, ასეთი სიმპტომები პირველად ბავშვობაში ან თინეიჯერობისას ჩნდება და შემდეგ პერიოდულად მეორდება. წყლულის ადგილი წითლდება, ჩნდება ბუშტუკები, რომლებიც რამდენიმე დღეში გამოშრება, ქერქით იფარება და შემდეგ ქრება.
ვირუსი ნეიროტროპულ ვირუსების ოჯახის წარმომადგენელია, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია ნერვულ უჯრედებში შეღწევა და იქ დამალვა. ის არასდროს ტოვებს ჩვენს ორგანიზმს. ის მიძინებულ მდგომარეობაში რჩება ნერვულ სისტემაში მანამ, სანამ ორგანიზმი არ დასუსტდება სტრესის, სიცხის, ავადობის ან გადაღლილობის დროს. ზოგჯერ სიმპტომებით არ ვლინდება, მაგრამ მაგ. ტუჩზე პერიოდული წყლულები სწორედ მისი “გამოღვიძების” გამოხატულებაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 50 წლამდე ასაკის მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი HSV-1-ს მატარებელია და ბევრმა მათგანმა არც კი იცის ამის შესახებ, რადგან ვირუსი შეიძლება არ ვლინდებოდეს.
რას შეეხება ახალი კვლევა?
მეცნიერებმა შეისწავლეს ასეულობით ათასი ადამიანის მონაცემი, შეისწავლეს 50 წელს გადაცილებული 340 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც 2006-დან 2021 წლამდე ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს.
თითოეული მათგანი შეადარეს ასაკით, სქესით და საცხოვრებელი რეგიონით ძალიან მიმსგავსებულ ადამიანს, რომელსაც ალცჰაიმერის დიაგნოზი არ ჰქონდა დასმული. შემდეგ მკვლევრებმა შეამოწმეს, ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს ჰერპესის ვირუსი (HSV-1) და თუ ჰქონდათ, იტარებდნენ თუ არა შესაბამის ანტივირუსულ მკურნალობას.
აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებიდან, ვინც ალცჰაიმერით იყო დაავადებული, 0.44%-ს ადრე ჰქონდა დიაგნოზირებული HSV-1. ხოლო იმ ჯგუფში, ვისაც ალცჰაიმერი არ ჰქონდა – მხოლოდ 0.24%-ს.
სხვაობა პატარა ჩანს, მაგრამ სტატისტიკურად ეს ნიშნავს, რომ ჰერპესის ვირუსის მქონე პირებს ალცჰაიმერის განვითარების დაახლოებით 80%-ით უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ – თუმცა მთლიანობაში შემთხვევათა რაოდენობა მაინც მცირე იყო.
ასევე საინტერესო იყო ის, რომ იმ ადამიანებს, ვინც ჰერპესის სამკურნალოდ ანტივირუსულ მედიკამენტებს იღებდა, ალცჰაიმერის განვითარების რისკი დაახლოებით 17%-ით დაბალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვინც მკურნალობას არ იტარებდა.
სხვათა შორის, ეს იდეა, რომ ჰერპესის ვირუსს შეიძლება ჰქონდეს როლი ალცჰაიმერის განვითარებაში – სრულიად ახალი არ არის. წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა გარდაცვლილ ადამიანთა ტვინის ქსოვილში აღმოაჩინა HSV-1-ის გენეტიკური კვალიც.
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში კი დადასტურდა, რომ HSV-1-ს შეუძლია გამოიწვიოს ამილოიდ–ბეტას ბალთების დაგროვება ნერვულ უჯრედებში – ეს ბალთები კი ალცჰაიმერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ როცა ჰერპესის ვირუსი ხელახლა აქტიურდება, ის შეიძლება იწვევდეს ტვინის ანთებას ან უჯრედულ დაზიანებას.
მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ: არც ეს და არც წინა კვლევები არ ამტკიცებს, რომ ჰერპესის ვირუსი ნამდვილად გამომწვევია ალცჰაიმერის.
ჩვენ უბრალოდ ვხედავთ კავშირს, თუმცა ეს კავშირი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ვირუსი იწვევს დაავადებას ან მის მიმდინარეობას აჩქარებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გამოვყოთ: კვლევა ეყრდნობა დაზღვევის სარეიტინგო მონაცემებს, რაც ყოველთვის არ ასახავს ზუსტ ან დროულ კლინიკურ დიაგნოზს. HSV-1 ხშირად არ დიაგნოსტირდება – განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმპტომები სუსტად ან საერთოდ არ ვლინდება. სწორედ ამან შეიძლება განაპირობა, რომ ორივე ჯგუფში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალი იყო, მაშინ როცა გლობალურად HSV-1 გაცილებით ხშირია.
შესაბამისად, შესაძლოა, კვლევაში ბევრი ინფიცირებული ადამიანი საერთოდ აღრიცხულიც არ ყოფილიყო, რაც შედეგების ინტერპრეტაციას ართულებს. მონაცემები ასევე ვერ ასახავს, რამდენად ხშირად, რა სიმძიმით ან ხანგრძლივობით ჰქონდათ მათ სიმპტომები — ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა რეალური გავლენა მოახდინონ ალცჰაიმერის რისკზე.
დამატებით, HSV-1-ის მატარებლებს შესაძლოა განსხვავებული ჰქონდეთ ცხოვრების წესი, გენეტიკა, იმუნური მდგომარეობა ან განათლების დონე – რაც ყველა ალცჰაიმერის დამკვიდრებული რისკფაქტორია.
უნდა შეგვეშინდეს?
არა! არსებული მონაცემების საფუძველზე, შიში, რომ მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV-1) აუცილებლად გამოიწვევს ალცჰაიმერის დაავადებას, არ არის დასაბუთებული. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც ამ ვირუსს ატარებს, ცხოვრობს სერიოზული ნევროლოგიური გართულებების გარეშე.
“ჰერპესის ჰიპოთეზა“ ალცჰაიმერის შესახებ დღეს უფრო განიხილება როგორც საინტერესო კვლევითი მიმართულება, ვიდრე დადასტურებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
მარტივი ჰერპესი და ჩუტყვავილა – ერთი ოჯახის წევრები?
თუ გგონიათ, რომ მხოლოდ ტუჩზე გამოჩენილი ცივი წყლულებია პრობლემური, აი კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ჰერპესის ვირუსის ოჯახის კიდევ ერთი წევრი – ვარიცელა–ზოსტერი – ის ვირუსი, რომელიც ბავშვობაში ჩუტყვავილას იწვევს და შემდეგ, წლების შემდეგ, შეიძლება კვლავ გააქტიურდეს სირსველის, (Shingles, ზოსტერი, სარტყლისებრი ჰერპესი) სახით. ზოსტერი მტკივნეული გამონაყრით ვლინდება და ხშირად დიდ დისკომფორტს იწვევს.
ახალი, მასშტაბური კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ზოსტერის ვაქცინა დემენციის განვითარების რისკს 20%-ით ამცირებს (შეგახსენებთ, რომ ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა). მეცნიერებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მყარი მტკიცებულებაა, რომ ვირუსულ ინფექციებს – განსაკუთრებით ნეიროტროპულს, როგორიცაა ზოსტერი – შეიძლება ჰქონდეთ ხანგრძლივი გავლენა ტვინის ფუნქციებზე. შესაბამისად, მათი პრევენცია შესაძლოა გახდეს დემენციის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა.
კვლევამ გაანალიზა 280 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები. მათგან ნაწილი 2013 წელს უელსში ზოსტერის ვაქცინაციის პროგრამაში მოხვდა, ხოლო სხვები – ვინც იმ წელს 80 წლის ან მეტის იყვნენ – ასაკობრივი ზღვრის გამო ვერ აიცრნენ. შვიდწლიან პერიოდში აღმოჩნდა, რომ ვაქცინირებულებს დემენციის განვითარების ბევრად ნაკლები რისკი ჰქონდათ.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ ჰარისონი აღნიშნავს:
“თუ დემენციის რისკს 20%-ით ამცირებ, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უზარმაზარი მიღწევაა — მით უმეტეს, როცა პრევენციული საშუალებები პრაქტიკულად არ გვაქვს.“
კვლევა ეხებოდა ძველ ვაქცინას Zostavax, რომელიც ცოცხალი მოდიფიცირებული ვირუსის საფუძველზე შეიქმნა. თუმცა, დღეს უფრო ფართოდ გამოიყენება ახალი თაობის ვაქცინა Shingrix, რომელიც ეფექტურობით და იმუნური პასუხით აღემატება წინამორბედს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა დემენციისგან იცავს ორი ძირითადი გზით:
- შესაძლოა ამცირებს ვირუსის ხელახალ გააქტიურებას და ნერვულ სისტემაში ანთებით პროცესებს, რაც თავის მხრივ ნეირონების დაცვას უწყობს ხელს.
- ასევე შესაძლებელია, რომ იმუნური სისტემის ზოგადი გააქტიურება (რომელსაც ვაქცინა იწვევს) ტვინის ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა განსაკუთრებით ეფექტურია ქალებში, ასევე იმ ადამიანებში, ვისაც ალერგიები ან აუტოიმუნური მდგომარეობები აქვთ.
კვლევა არ ასხვავებდა დემენციის ტიპებს, თუმცა სხვა კვლევებმა ცალკე აჩვენა, რომ ზოსტერის ვაქცინა ალცჰაიმერის დაავადებით გამოწვეული დემენციის შემთხვევაშიც ამცირებს რისკს. ეს მიგნებები დადასტურდა სხვა ქვეყნებშიც – ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და კანადაში.
რა არის ზოსტერის (სირსველის) ვაქცინა და იგივეა რაც ჩუტყვავილას ვაქცინა?
ხშირად ჩნდება შეკითხვა: თუ სირსველი – იგივე სარტყლისებრი ჰერპესი – იმავე ვირუსითაა გამოწვეული, რაც ბავშვობაში ჩუტყვავილას იწვევს, მაშინ ერთი ვაქცინა საკმარისია, თუ ორი სხვადასხვა საჭიროა?
სინამდვილეში, არსებობს ორი განსხვავებული ვაქცინა, რომლებიც სხვადასხვა მიზანს ემსახურება.
პირველი – ჩუტყვავილას ვაქცინა – გამოიყენება ბავშვობაში, ინფექციის თავიდან ასარიდებლად. თუ ადამიანს არ ჰქონდა ჩუტყვავილა და არ არის ვაქცინირებული, ე.ი. ორგანიზმში ვირუსი არ არის და შესაბამისად, ზოსტერის, ანუ ამ ვირუსის ხელახლა გააქტიურების რისკიც არ არსებობს. რომ შევაჯამოთ, ჩუტყვავილას ვაქცინით თავს ჩუტყვავილასგანაც დავიცავთ და ზოსტერისგანაც.
მეორე ვაქცინაა – ზოსტერის ვაქცინა. ისაა იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე გადაიტანა ჩუტყვავილა (ანუ მათი ორგანიზმი უკვე ატარებს ვარიცელა-ზოსტერს) და ამ ვაქცინის მიზანია ვირუსის ხელახალი გააქტიურების პრევენცია ზრდასრულ ასაკში – რაც ხშირად ხდება იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე. და, როგორც ახალი კვლევები გვაჩვენებს, შესაძლოა ამით დემენციისგანაც მივიღოთ გარკვეული დაცვა.
საქართველოში ამ ეტაპზე ჩუტყვავილას ვაქცინა მხოლოდ კომერციულად არის ხელმისაწვდომი — ის არ შედის ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში, თუმცა მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, კერძო სექტორის საშუალებით აცრან თავიანთი ბავშვები.
რაც შეეხება ზოსტერის ვაქცინას, ის საერთაშორისო ბაზარზე ხელმისაწვდომია, მაგრამ საქართველოში არ შემოსულა. თუმცა, არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების ფონზე, მისი რეგისტრაცია და ხელმისაწვდომობა შესაძლოა უახლოეს მომავალში გახდეს პრევენციული მედიცინის ერთ-ერთი პრიორიტეტი.
ასევე დაგაინტერესებთ:




