“აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს კოვიდ-19-ის ვაქცინების შესახებ ახალი კითხვები დასვა და განაცხადა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) ამ საკითხზე არსებული დებატების გამო “ნაწილებად იშლება”. ეს ტრამპის პირველი საჯარო კომენტარია მას შემდეგ, რაც CDC-ის დირექტორი, სიუზან მონარესი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს” – წერს CNN.
თავის სოციალურ ქსელ “Truth Social”-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, საჯაროდ დაამტკიცონ ვაქცინების ეფექტიანობა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ხომ არ იმალება გარკვეული მონაცემები საზოგადოებისგან.
“მინდა, რომ მათ ეს ახლავე აჩვენონ CDC-სა და საზოგადოებას და ეს არეულობა ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიონ!!!” – წერს ტრამპი. “იმედი მაქვს, “ოპერაცია სინათლის სიჩქარე” ისეთივე “ბრწყინვალე” იყო, როგორც ბევრი ამბობს. თუ არა, ყველას გვინდა ვიცოდეთ, რატომ???”
ტრამპის ეს განცხადება მისი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რომლითაც ის ცდილობს, ერთდროულად დაიცვას თავისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა – ვაქცინების სწრაფი შექმნა 2020 წელს – და ამავდროულად, მხარი დაუჭიროს ვაქცინების სკეპტიციზმს, რომელიც პოპულარულია მის ამომრჩევლებში და რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს მისი ჯანდაცვის მდივანი, რობერტ კენედი უმცროსი.
“ბევრი ფიქრობს, რომ ვაქცინები სასწაულია, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე იხსნა. სხვები არ ეთანხმებიან! რადგან CDC ამ საკითხის გამო ნაწილებად იშლება, მე პასუხი მინდა, და მინდა ახლავე”, – წერს ტრამპი.
თეთრმა სახლმა ტრამპის კომენტარზე განაცხადა, რომ “ამ ადმინისტრაციაში ჯანდაცვის გადაწყვეტილებების ერთადერთი მამოძრავებელი პრინციპი ოქროს სტანდარტის მეცნიერებაა”. აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული კომპანიები და CDC რეგულარულად აქვეყნებენ მონაცემებს ვაქცინების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ.
ტრამპის განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც CDC-ში კრიზისი მწვავდება. დირექტორის გათავისუფლებას პროტესტის ნიშნად სააგენტოს ოთხი სხვა მაღალჩინოსნის გადადგომა მოჰყვა.
სტატია მომზადებულია CNN-ის მასალების მიხედვით.
ამავე თემაზე:
მეცნიერება განგაშის რეჟიმში: ბრძოლა CDC-ის მომავლისა და ამერიკის ჯანმრთელობისთვის




