კიბოსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მისი დროული აღმოჩენა და მკურნალობის შემდეგ შესაძლო დაბრუნების (რეციდივის) კონტროლია. ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), სიმსივნეს მხოლოდ მაშინ აფიქსირებს, როდესაც ის გარკვეულ ზომას აღწევს. თუმცა, მეცნიერები ახლა საუბრობენ რევოლუციურ მიდგომაზე, რომელსაც კიბოს უჯრედების დაბრუნების დაფიქსირება მიკროსკოპულ დონეზე, გაცილებით ადრე შეუძლია.
ეს არის ახალი თაობის სისხლის ანალიზი, რომელიც პაციენტის სისხლში კონკრეტული სიმსივნის დნმ-ის ფრაგმენტებს ეძებს. აღნიშნულ ტექნოლოგიას, რომელიც “თხევადი ბიოფსიის“ სახელითაა ცნობილი, ცირკულირებადი სიმსივნური დნმ-ის (ctDNA) ანალიზს უწოდებენ და ის კიბოს დიაგნოსტიკაში უდიდეს წინსვლად მიიჩნევა.
ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში ერთ-ერთმა ასეთმა ტესტმა რეციდივის დიაგნოზი საშუალოდ ხუთი თვით ადრე დასვა, ვიდრე სიმსივნე სკანირებაზე გამოჩნდებოდა.
“ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რეალურ დროში დავაკვირდეთ შედეგებს და განვსაზღვროთ, ვის სჭირდება მეტ-ნაკლებად ინტენსიური მკურნალობა“, — ამბობს როი ჰერბსტი, იელის კიბოს ცენტრის დირექტორის მოადგილე და კვლევის წამყვანი ავტორი. მაგალითად, თუ ტესტი ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში კიბოს კვალს აღმოაჩენს, ექიმებმა შესაძლოა პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა გაუხანგრძლივონ ან დაუნიშნონ სხვა პრეპარატი, რომლის მიმართაც ორგანიზმს რეზისტენტობა არ გამოუმუშავებია.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „თხევადი ბიოფსიის“ გლობალური გაყიდვები, პროგნოზების თანახმად, უახლოეს წლებში შესაძლოა 20 მილიარდ დოლარს მიაღწიოს, ექსპერტები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ.
“კლინიკური კვლევების მიღმა, ამ ეტაპზე პაციენტებისთვის ტესტის შეთავაზება რეკომენდებული არ არის“, — აცხადებს ჰერბსტი და დასძენს, — „ჩვენ მეტი მონაცემი გვჭირდება, მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველა შესაძლო რისკის შესახებ“. მთავარ კითხვად კი რჩება: ნამდვილად ახანგრძლივებს თუ არა ეს ტესტი პაციენტის სიცოცხლეს?
როგორ მუშაობს ტექნოლოგია?
ეს ტექნოლოგია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სიმსივნეები ზრდისას განიცდიან გენეტიკურ მუტაციებს. ზოგიერთი მათგანი კონკრეტული ტიპის კიბოსთვის საერთოა, ზოგი კი — თითოეული ადამიანის სიმსივნისთვის უნიკალური. ამ მუტაციების აღმოჩენა შესაძლებელია, რადგან სიმსივნის უჯრედების დაშლისას მათი დნმ მცირე რაოდენობით ხვდება სისხლში.
პროცესი სიმსივნის ქირურგიული გზით ამოკვეთის შემდეგ იწყება:
- სიმსივნის ნაწილი იგზავნება სპეციალიზებულ ლაბორატორიაში მისი გენომის სექვენირებისთვის (ანალიზისთვის).
- პარალელურად, ლაბორატორია აანალიზებს პაციენტის ჯანმრთელ გენებს.
- ორივე გენომის შედარებით ვლინდება მუტაციები, რომლებიც მხოლოდ სიმსივნისთვისაა დამახასიათებელი.
- სწორედ ამის შემდეგ ტექნიკოსები ქმნიან ინდივიდუალურ ტესტს, რომელიც პაციენტის სისხლში კიბოს ამ „მუტაციურ ანაბეჭდს“ ეძებს.
ადრეული დიაგნოზი სიცოცხლეს ნამდვილად ზოგავს?
ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი პერსპექტივა ისაა, რომ ადრეულმა ტესტირებამ შესაძლოა ზოგიერთი პაციენტი არასაჭირო მკურნალობისგან იხსნას. 2022 წელს New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში, II სტადიის მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებს ოპერაციის შემდეგ ჩაუტარდათ ctDNA ანალიზი, რათა განესაზღვრათ, სჭირდებოდათ თუ არა მათ ქიმიოთერაპია. პაციენტებმა, რომელთა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, თავიდან აიცილეს ქიმიოთერაპია და ამას კიბოს რეციდივის ზრდა არ მოჰყოლია.
თუმცა, მთავარი კითხვა ღიად რჩება: აუმჯობესებს თუ არა პაციენტის გადარჩენის შანსებს მკურნალობის დაწყება მაშინ, როდესაც დაავადების მხოლოდ მიკროსკოპული ნიშნები არსებობს? ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არ არის. ტრადიციული სკანირების (მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიის) გამოკვლევები აჩვენებს, რომ შედეგი დამოკიდებულია სიმსივნის ბიოლოგიურ ბუნებაზე. ზოგჯერ, ადრეული დიაგნოსტიკა მართლაც ეფექტიანია, რადგან სიმსივნის აღმოჩენა ხდება მაშინ, როდესაც ის მცირე ზომისაა და ჯერ არ გავრცელებულა. ასეთ დროს მკურნალობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. თუმცა, ზოგჯერ, დაბრუნებული კიბო იმდენად აგრესიულია, რომ მისი ადრეული აღმოჩენაც კი ვეღარ ცვლის საბოლოო შედეგს, რადგან მიკროსკოპული უჯრედები უკვე გავრცელებულია ორგანიზმში.
შესაძლოა, ctDNA ანალიზის შემთხვევაში შედეგები განსხვავებული იყოს, რადგან ის რეციდივს ბევრად ადრე აღმოაჩენს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია.
რისკები და გამოწვევები
სანამ ამ ტექნოლოგიის სარგებელი საბოლოოდ დადასტურდება, აუცილებელია გავითვალისწინოთ მისი უარყოფითი მხარეებიც:
- ფინანსური ტვირთი: ტესტები ძვირადღირებულია (მაგ. მსხვილი ნაწლავის კიბოს ანალიზი 3500$ ჯდება).
- ტოქსიკურობა: დადებითი პასუხის შემთხვევაში დანიშნული დამატებითი ან ადრეული ქიმიოთერაპია შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს პაციენტისთვის, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნება.
“ჩვენ უნდა განვასხვავოთ მონაცემები და სასარგებლო ცოდნა“, — ამბობს გილბერტ უელჩი, ბოსტონის ბრიგჰემისა და ქალთა საავადმყოფოს კიბოს მკვლევარი. “სანამ მილიონობით ან მილიარდობით დოლარს დავხარჯავთ ctDNA-ს რეგულარულ შემოწმებაზე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ნამდვილად ეხმარება ადამიანებს, იცხოვრონ უფრო დიდხანს და უკეთესად“.
საბოლოო ჯამში, “თხევადი ბიოფსია“ კიბოს დიაგნოსტიკის უდიდესი პოტენციალის მქონე ტექნოლოგიაა, თუმცა მისი რეალური სარგებელი პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივების კუთხით ჯერ კიდევ კვლევის საგანს წარმოადგენს.
ტექსტი მომზადებულია National Geographic-ის მასალაზე დაყრდნობით




