ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების საინფორმაციო პლატფორმაზე (CORDIS) გამოქვეყნდა სტატია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, VANGUARD-ის წარმატებული შედეგების შესახებ. პროექტს კოორდინაციას უწევს ქართველი მეცნიერი, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი. გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, VANGUARD-ის ფარგლებში შემუშავებული ცოცხალი იმპლანტი პანკრეასის ფუნქციას აღადგენს. ეს მეთოდი პაციენტს სისხლში შაქრის დონის დამოუკიდებლად რეგულირების უნარს უბრუნებს.
ტიპი 1 დიაბეტი ევროპაში 2.2 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. ამ მდგომარეობის დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს. დაავადება ამჟამად განუკურნებელია, თუმცა მისი მართვა სისხლში შაქრის მუდმივი მონიტორინგითა და ინსულინის ინექციებითაა შესაძლებელი.
არსებობს მკურნალობის უფრო თანამედროვე მეთოდებიც, თუმცა მათ გარკვეული შეზღუდვები და რისკები ახლავს. “მართალია, ისეთი მეთოდები, როგორიცაა პანკრეასის კუნძულოვანი უჯრედების (ლანგერჰანსის კუნძულები) ტრანსპლანტაცია, პაციენტებს ეხმარება, თუმცა მათ დონორთა სიმცირე და მთელი სიცოცხლის მანძილზე იმუნოსუპრესანტების მიღების საჭიროება აფერხებს“, – ამბობს ეკატერინე ბერიშვილი, მედიცინის დოქტორი და ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი VANGUARD სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად.
“ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ბიოხელოვნური პანკრეასი – კონსტრუქცია, რომელიც შეიცავს ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს, მოთავსებულს დამცავ ბიომასალაში. ეს სისტემა სისხლში შაქრის ნორმალურ დონეს აღადგენს ისე, რომ აღარ არის საჭირო დონორის ორგანოებზე დამოკიდებულება ან პაციენტის იმუნური სისტემის დათრგუნვა“, — განმარტავს პროექტის კოორდინატორი ეკატერინე ბერიშვილი.
ხუთი წლის განმავლობაში პროექტის პარტნიორმა ექვსმა ინსტიტუტმა შეიმუშავა იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც პანკრეასის ფუნქციას ითავსებს და ორგანიზმს გლუკოზის თვითრეგულირების უნარს უბრუნებს.
ამ ინოვაციური მოწყობილობის უკან რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევა დგას. ერთ-ერთი მათგანია Amniogel — ჰიდროგელოვანი “კარკასი“, რომელიც მიღებულია ამნიონური გარსისგან. “Amniogel-ი იცავს გადანერგილ უჯრედებს, ხელს უწყობს მათ გარშემო სისხლძარღვების წარმოქმნას და უზრუნველყოფს ნაწილობრივ იმუნურ დაცვას“, — ამბობს ბერიშვილი.
ევროკომისიის ინოვაციების რადარმა (Innovation Radar) ეს პროდუქტი ბაზრისთვის მზა და მაღალი კომერციული პოტენციალის მქონე ტექნოლოგიად აღიარა.
პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ადამიანისა და ღორის წინასწარ ვასკულარიზებული (სისხლძარღვებით მდიდარი) ორგანოდები – ინსულინის მწარმოებელი უჯრედებისა და სისხლძარღვების წარმომქმნელი უჯრედების 3D კლასტერები. მათი Amniogel-ში მოთავსებით მიიღება სრულყოფილი ბიოხელოვნური პანკრეასის კონსტრუქცია.
“ეს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ დონორზე დამოუკიდებელ, წინასწარ ვასკულარიზებულ ბიოხელოვნურ პანკრეასს შეუძლია შაქრის დონის ნორმალიზება — რაც სულ რაღაც ხუთი წლის წინ შეუძლებელი იყო“, — აღნიშნავს ბერიშვილი.
გზა ტიპი 1 დიაბეტის საბოლოო განკურნებისკენ
ეკატერინე ბერიშვილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოწყობილობის შექმნა ღორის დონორი უჯრედების გამოყენებითაც გახდა შესაძლებელი. “ნებისმიერი უჯრედული თერაპიის მასშტაბირებისას ერთ-ერთი უდიდესი ბარიერი ადამიანის დონორი ორგანოების სიმცირეა. ღორის უჯრედები კი პოტენციურად ამოუწურავი რესურსია. ქსენოტრანსპლანტაცია (სხვადასხვა სახეობებს შორის ორგანოების გადანერგვა), რომელიც ოდესღაც შორეულ პერსპექტივად ჩანდა, დღეს უკვე სწრაფად განვითარებადი დარგია“.
პროექტის შედეგებმა წარმატებით გაიარა ვალიდაცია პრეკლინიკურ კვლევებში.
აღნიშნულ ტექნოლოგიას დიაბეტის მიღმა სხვა გამოყენებაც შეიძლება ჰქონდეს. Amniogel-ი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის უჯრედებისა და ქსოვილოვანი ინჟინერიისთვის, ხოლო ორგანოდების წარმოების მეთოდები გზას უხსნის უჯრედულ თერაპიას რეგენერაციულ მედიცინაში.
ამჟამად მკვლევრები მუშაობენ იმუნური დაცვის სტრატეგიების დახვეწაზე, იმპლანტაციის საუკეთესო ადგილების შერჩევასა და პირველი კლინიკური კვლევებისთვის მომზადებაზე.
“ტიპი 1 დიაბეტის განკურნების გზა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული დონორთა სიმცირესა თუ იმუნოსუპრესანტებზე, დღეს უფრო ნათელია, ვიდრე ოდესმე“, – ასკვნის ეკატერინე ბერიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ ეკასთან ინტერვიუ ჩვენს პოდკასტში 1 წლის წინ:




