საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ “The New England Journal of Medicine“-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა იდენტიფიცირეს ტკიპებით გადამდები მანამდე უცნობი ვირუსი, რომელიც გრიპისმაგვარ ინტოქსიკაციას, სისხლში თრომბოციტების დონის კლებასა და ღვიძლის ანთებით რეაქციას იწვევს. ახალ ვირუსს Asian longhorned tick nairovirus (ALTNV) ეწოდა და ის ორთონაიროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება.
კვლევის ფარგლებში, პეკინის პათოგენებისა და ბიოუსაფრთხოების სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეისწავლეს 3163 პაციენტის მონაცემები, რომლებსაც ანამნეზში ტკიპის ნაკბენი და გაურკვეველი ეტიოლოგიის ცხელება ჰქონდათ. ტესტირებამ აჩვენა, რომ პაციენტთა 10.4%-ში დაავადების გამომწვევი სწორედ ეს ახლად აღმოჩენილი ვირუსი იყო.
ALTNV ინფექცია საწყის ეტაპზე ტიპურ რესპირაციულ ვირუსულ ინფექციას წააგავს: პაციენტებს აღენიშნებათ ტემპერატურის მატება, კუნთების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, ზოგჯერ კი დისპეფსიური მოვლენები. ლაბორატორიულად ვლინდება თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება) და ღვიძლის ფერმენტების მატება.
მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ მხოლოდ ALTNV-ით ინფიცირება არ იწვევდა მძიმე ჰემორაგიულ სინდრომს (სისხლდენებს) ან ლეტალურ გამოსავალს. თუმცა, რეგიონებში, სადაც პარალელურად ცირკულირებს ტკიპებით გადამდები სხვა მძიმე პათოგენი – დაბიეს ბანდავირუსი (DBV), ორივე ვირუსით ერთდროული ინფიცირების (კო-ინფექციის) შემთხვევაში პაციენტებს ხშირად უვითარდებოდათ ფილტვებისა და თირკმლების მძიმე დაზიანება. ასეთ პაციენტებში სიკვდილობამ 18.4% შეადგინა.
ტკიპისმიერი ვირუსების უმრავლესობის (მათ შორის ALTNV-ის) საწინააღმდეგო პირდაპირი ანტივირუსული თერაპია არ არსებობს. მკურნალობა მკაცრად სიმპტომურია და მიმართულია ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა თვითნებურად არ მიიღონ ანტიბიოტიკები, რადგან ანტიბაქტერიული პრეპარატები ვირუსებზე არ მოქმედებს და მხოლოდ არასაჭირო ტოქსიკურ ტვირთს ქმნის.
ინფექციონისტები მოსახლეობას ურჩევენ:
-
ბუნებაში, ტყიან და ბალახიან ადგილებში გადაადგილებისას ატარონ გრძელმკლავიანი სამოსი და შარვალი ჩაიტანონ წინდებში;
-
გამოიყენონ ტკიპების საწინააღმდეგო სპეციალური რეპელენტები;
-
სეირნობის შემდეგ ზედმიწევნით დაათვალიერონ სხეული — კანზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი დროული და სწორი მეთოდით მოცილება ინფიცირების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.
წყარო – Fox News / NEJM




