ხანგრძლივად და თითქმის უწყვეტად ჯდომის ყოველი დამატებითი საათი კიბოთი სიკვდილის 9%-ით მაღალ ფარდობით რისკს დაუკავშირეს. ამასთან, ასეთი ჯდომის ნაწილის მსუბუქი ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლება უფრო დაბალ რისკთან აღმოჩნდა დაკავშირებული. დიდი კოჰორტული კვლევა PLOS Medicine-ში გამოქვეყნდა.
მკვლევრებმა UK Biobank-ის 91 292 მონაწილის მონაცემები გააანალიზეს. მათი საშუალო ასაკი 56 წელი იყო, მათგან 56% ქალი გალხდათ. მონაწილეებს მოძრაობის მონიტორი მაჯაზე შვიდი დღის განმავლობაში ეკეთათ, რის საშუალებითაც მკვლევრებმა არა მხოლოდ უმოძრაოდ გატარებული საერთო დრო, არამედ მისი განაწილებაც შეაფასეს. შემდეგ მონაწილეებს მედიანურად 12.4 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
კვლევაში “ხანგრძლივ უმოძრაობად“ ჩაითვალა სულ მცირე 30-წუთიანი მონაკვეთი, რომლის არანაკლებ 90%-შიც ადამიანი უმოძრაოდ იყო. უფრო მოკლე ან მოძრაობით ხშირად გაწყვეტილი პერიოდები ცალკე კატეგორიად განიხილებოდა.
შედეგების მიხედვით, ხანგრძლივი უმოძრაობის ყოველი დამატებითი საათი დღეში კიბოთი სიკვდილის 9%-ით მაღალ ფარდობით რისკთან იყო დაკავშირებული. ასევე 3%-ით მაღალი იყო ნებისმიერი კიბოს განვითარების რისკი, ხოლო სიმსუქნესა და ტიპი 2 დიაბეტთან დაკავშირებული სიმსივნეების რისკი დაახლოებით 5%-ით მაღალი აღმოჩნდა.
მკვლევრებმა ასაკი, სქესი, მოწევა, ალკოჰოლის მიღება, კვება, განათლება, სოციალური მდგომარეობა და ჯანმრთელობის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები გაითვალისწინეს. შედეგების საერთო სურათი BMI-ისა და თანმხლები დაავადებების დამატებით გათვალისწინების შემდეგაც შენარჩუნდა.
განსაკუთრებით საინტერესო იყო ანალიზი, რომელშიც მკვლევრებმა მათემატიკურად შეაფასეს, რა მოხდებოდა ხანგრძლივი ჯდომის ნაწილის მოძრაობით ჩანაცვლების შემთხვევაში.
დღეში ერთი საათის ხანგრძლივი უმოძრაობის მსუბუქი ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლება კიბოთი სიკვდილის 12%-ით დაბალ ფარდობით რისკთან იყო დაკავშირებული. 30 წუთის ზომიერი აქტივობით ჩანაცვლებისას მაჩვენებელი 8%-ით დაბალი იყო.
მსუბუქ აქტივობაში შეიძლება იგულისხმებოდეს ისეთი ყოველდღიური მოძრაობა, რომელიც ინტენსიურ ვარჯიშს არ წარმოადგენს. კვლევის მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის – ჯანმრთელობისთვის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ სპორტდარბაზში ვარჯიშს, არამედ დღის განმავლობაში ხანგრძლივი უმოძრაობის პერიოდულად გაწყვეტას.
მეცნიერებმა განსხვავებაც დაინახეს უბრალოდ “ბევრი ჯდომასა“ და დიდხანს უწყვეტად ჯდომას შორის. ხანგრძლივი უმოძრაობა კიბოს სხვადასხვა შედეგის უფრო მაღალ რისკთან იყო დაკავშირებული, ხოლო უფრო ხშირად გაწყვეტილი უმოძრაო დრო შედარებით დადებით შედეგებთან ასოცირდებოდა.
ავტორების შეფასებით, ამის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა მეტაბოლურ პროცესებთან არის დაკავშირებული. ექსპერიმენტული კვლევები აჩვენებს, რომ ხანგრძლივი ჯდომის მოკლე მოძრაობით გაწყვეტამ შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის რეაქცია გლუკოზასა და სხვა მეტაბოლურ პროცესებზე. თუმცა ამ კვლევაში უშუალო ბიოლოგიური მექანიზმი არ შემოწმებულა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევა დაკვირვებითია. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ხანგრძლივმა ჯდომამ უშუალოდ გამოიწვია კიბო ან კიბოთი სიკვდილი.
აქტივობა მხოლოდ შვიდი დღის განმავლობაში იზომებოდა და UK Biobank-ის მოხალისეები მთლიან მოსახლეობას ზუსტად არ წარმოადგენენ. ასევე შესაძლებელია შედეგებზე ისეთი ფაქტორებიც მოქმედებდეს, რომელთა სრულად გათვალისწინება მკვლევრებმა ვერ შეძლეს.
შესაბამისად, კვლევა არ გვაძლევს კონკრეტულ წესს, რამდენ წუთში ერთხელ უნდა ავდგეთ აუცილებლად. მისი მთავარი გზავნილი უფრო მარტივია: მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ დღის განმავლობაში ჯდომის საერთო რაოდენობას, არამედ იმასაც, რამდენად დიდ უწყვეტ მონაკვეთებად გროვდება ეს დრო.
ოფისში მუშაობისას, სახლში ტელევიზორის ყურებისას ან სხვა ხანგრძლივად მჯდომარე საქმიანობისას დღის განმავლობაში მოძრაობისთვის პერიოდული შესვენებების გაკეთება მარტივი ჩვევაა, რომლის შესაძლო სარგებელიც ახლა კიბოს გრძელვადიან შედეგებთანაც გამოჩნდა.




