გესტაციური დიაბეტის მქონე ქალებში უფრო ინტენსიური ძუძუთი კვება მშობიარობის შემდეგ სისხლში ცხიმების უფრო უკეთეს მაჩვენებლებს დაუკავშირდა. კვლევა 28 აგვისტოს JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა და ავტორების შეფასებით, ძუძუთი კვებას დედისთვისაც შეიძლება ჰქონდეს ადრეული მეტაბოლური სარგებელი.
კვლევაში იაპონიაში მცხოვრები 470 ქალი მონაწილეობდა, რომლებსაც ორსულობის დროს გესტაციური დიაბეტი ჰქონდათ. მათი საშუალო ასაკი 34 წელი იყო. მეტაბოლური შეფასება მშობიარობიდან დაახლოებით 6-9 კვირის შემდეგ ჩატარდა.
მკვლევრებმა მონაწილეები იმის მიხედვით დაყვეს, თუ რა წილს შეადგენდა დედის რძე ბავშვის კვებაში. მაღალი ინტენსივობის ძუძუთი კვებად ჩაითვალა შემთხვევა, როცა ბავშვის კვების მინიმუმ 80% დედის რძე იყო. ამ კატეგორიაში ქალების 79% მოხვდა.
შედეგების მიხედვით, მაღალი ინტენსივობით ძუძუთი მკვებავ ქალებში ტრიგლიცერიდების საშუალო დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო – დაახლოებით 67 მგ/დლ, ხოლო დანარჩენ ჯგუფში დაახლოებით 116 მგ/დლ.
HDL ქოლესტერინის, ე.წ. “კარგი ქოლესტერინის“, საშუალო დონე მაღალი ინტენსივობის ძუძუთი კვების ჯგუფში დაახლოებით 74 მგ/დლ იყო, ხოლო დანარჩენებში 63 მგ/დლ.
ამავე ჯგუფში უფრო დაბალი აღმოჩნდა LDL და HDL ქოლესტერინის თანაფარდობაც. ეს მაჩვენებელი ზოგადად ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასების ერთ-ერთ დამატებით ინდიკატორად გამოიყენება.
მკვლევრებმა შედეგებზე შესაძლო გავლენის მქონე სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინეს, მათ შორის ასაკი, ორსულობამდე სხეულის მასის ინდექსი, მშობიარობის ტიპი, მშობიარობის შემდეგ წონა, სისხლში გლუკოზის დონე და ინსულინის მიმართ მგრძნობელობა.
ამ ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც მაღალი ინტენსივობის ძუძუთი კვება ჰიპერტრიგლიცერიდემიის დაახლოებით 69%-ით დაბალ შანსთან იყო დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვნად დაბალი იყო არასასურველი LDL/HDL თანაფარდობის ალბათობა.
ამასთან, მკვლევრებმა ერთგვარი დოზაზე დამოკიდებული კავშირიც დაინახეს – რაც უფრო მცირდებოდა ბავშვის კვებაში დედის რძის წილი, მით უფრო ირღვეოდა ტრიგლიცერიდების, HDL-ისა და LDL/HDL თანაფარდობის მაჩვენებლები.
გესტაციური დიაბეტი ორსულობის პერიოდში განვითარებული გლუკოზის ცვლის დარღვევაა. უმეტეს შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ სისხლში გლუკოზა ნორმალიზდება, თუმცა ასეთ ქალებს მომავალში ტიპი 2 დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების უფრო მაღალი რისკი რჩებათ.
ძუძუთი კვების შესაძლო მეტაბოლური ეფექტის რამდენიმე ახსნა არსებობს. რძის წარმოებას დამატებითი ენერგია სჭირდება, ორგანიზმი იყენებს ორსულობის დროს დაგროვილ ცხიმოვან მარაგებს და შესაძლოა გაუმჯობესდეს გლუკოზისა და ცხიმების ცვლაც.
თუმცა კვლევა არ ამტკიცებს, რომ უკეთესი ლიპიდური პროფილი უშუალოდ ძუძუთი კვებამ გამოიწვია. ეს იყო დაკვირვებითი კოჰორტული კვლევა და შესაძლებელია, ჯგუფებს შორის განსხვავებაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებდეს.
კვლევას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა აქვს – ქალების მდგომარეობა მშობიარობიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შეფასდა. ამიტომ ჯერ უცნობია, შენარჩუნდება თუ არა ლიპიდურ პროფილში დაფიქსირებული განსხვავებები წლების განმავლობაში და რეალურად შეამცირებს თუ არა ძუძუთი კვება ამ ქალებში გულის დაავადებების რისკს.
მიუხედავად ამისა, შედეგები ემატება უკვე არსებულ მტკიცებულებებს, რომ ძუძუთი კვებას სარგებელი მხოლოდ ბავშვისთვის არ აქვს. გესტაციური დიაბეტის ისტორიის მქონე ქალებში ის შესაძლოა დედის ადრეულ მეტაბოლურ აღდგენასაც უკავშირდებოდეს.




