ავსტრალიელმა მეცნიერებმა გიგანტური ტარაკნები კამერებით, მართვის ელექტროდებითა და მინიატურული ინექციის სისტემებით აღჭურვეს. იდეა ასეთია: მიწისძვრის, შენობის ჩამონგრევის ან სხვა კატასტროფის შემდეგ მწერებმა იქამდე მიაღწიონ, სადაც მაშველები ჯერ ვერ შედიან, იპოვონ დაზარალებული და საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი წამალი მიაწოდონ. კვლევა ჟურნალ Advanced Science-ში გამოქვეყნდა.
University of Queensland-ისა და University of New South Wales-ის მკვლევრებმა ჩრდილოეთ ქუინსლენდის გიგანტური მიწისქვეშა ტარაკანა, Macropanesthia rhinoceros, გამოიყენეს. ეს სახეობა დაახლოებით 8-9 სანტიმეტრამდე იზრდება და საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ პატარა ელექტრონული მოწყობილობები ატაროს.
მწერები სრულად ავტონომიური რობოტები არ არიან. მათ ნერვულ სისტემაში დამონტაჟებული ელექტროდების მსუბუქი სტიმულაციით ოპერატორს შეუძლია მათი მოძრაობის მიმართულების მართვა. სისტემას მკვლევრებმა “Paraborg“ უწოდეს. კრიტიკული გადაწყვეტილება, მათ შორის ინექციის გაკეთება, ადამიანმა უნდა მიიღოს და არა თავად მწერმა.
მკვლევრებმა გუნდური მოდელიც გამოსცადეს. ერთ ტარაკანას კამერა ჰქონდა დამაგრებული და ოპერატორს სამიზნის აღმოჩენასა და მეორე მწერის მოძრაობის კონტროლში ეხმარებოდა. მეორე კი მინიატურულ საინექციო მოწყობილობას ატარებდა. როდესაც ის საჭირო პოზიციას აღწევდა, ოპერატორი ინექციის სისტემას დისტანციურად ააქტიურებდა.
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ტარაკნებმა განსაზღვრულ საკონტროლო წერტილებამდე მისვლა ყველა ცდაში შეძლეს. სრული ამოცანა, რომელიც სამიზნემდე მისვლას, სწორ პოზიციაში გაჩერებას და წამლის მიწოდებას მოიცავდა, ცდების 72%-ში წარმატებით შესრულდა. როდესაც ინექცია სამიზნიდან 15 სანტიმეტრზე ნაკლები მანძილიდან კეთდებოდა, წარმატების მაჩვენებელი 95%-მდე იზრდებოდა.
თავად მინიატურულმა საინექციო სისტემამ ღორის კანზე ჩატარებულ ცდებში სითხის მიწოდება შემთხვევების 90%-ში შეძლო. ნემსი დაახლოებით 5.5 მილიმეტრის სიღრმეზე აღწევდა.
მომავალში მკვლევრები ასეთ სისტემას იმ შემთხვევებისთვის განიხილავენ, როდესაც დაზარალებულთან მისვლას რამდენიმე წუთი ან საათიც კი სჭირდება. მაგალითად, შესაძლო გამოყენებად სახელდება მძიმე ალერგიული რეაქციის ან გველის ნაკბენის შემდეგ გადაუდებელი მკურნალობის მიწოდება.
თუმცა რეალურ პაციენტზე ასეთი მოწყობილობა ჯერ არ გამოუცდიათ. ექსპერიმენტები სილიკონის სამიზნეებსა და ღორის კანზე ჩატარდა. რეალურ კატასტროფაში დამატებითი პრობლემებიც ჩნდება – რთული რელიეფი, ნანგრევებში სიგნალის დაკარგვა, დაზარალებულის უსაფრთხოდ ამოცნობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ინექცია სწორ ადგილას გაკეთდეს.
ამიტომ “კიბორგი ტარაკნები“ ჯერ პარამედიკოსებს ნამდვილად ვერ შეცვლიან. კვლევა უფრო იმის დემონსტრირებაა, რომ მწერებზე დაფუძნებული ბიოჰიბრიდული რობოტები მომავალში მხოლოდ ადამიანების ძებნით არ შემოიფარგლონ და მაშველების მისვლამდე მარტივი სამედიცინო დახმარების მიწოდებაც შეძლონ.




