თვალის ბადურის ჩვეულებრივი ფოტოს გამოყენებით ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის ასაკის საკმაოდ ზუსტად შეფასება შეძლო. უფრო საინტერესო კი ის აღმოჩნდა, რომ ბადურის პროგნოზირებულ და რეალურ ასაკს შორის სხვაობა ჯანმრთელობის არაერთ მაჩვენებელს უკავშირდებოდა. კვლევა 26 აგვისტოს Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა UK Biobank-ში მონაწილე 71 343 ადამიანის თვალის ფსკერის ფერადი ფოტოები გამოიყენეს. ხელოვნური ინტელექტის მოდელს ადამიანის ქრონოლოგიური ასაკის მხოლოდ ფოტოდან პროგნოზირება ასწავლეს. საშუალოდ მოდელის შეფასება რეალურ ასაკს 2.85 წლით სცდებოდა.
შემდეგ მკვლევრებმა გამოთვალეს ე.წ. ბადურის ასაკობრივი სხვაობა. თუ AI ბადურას, მაგალითად, 65 წლის ადამიანისას ამსგავსებდა, ხოლო ადამიანი რეალურად 60 წლის იყო, სხვაობა +5 წელი გამოდიოდა.
“უფრო ასაკოვანი“ ბადურა დაკავშირებული აღმოჩნდა გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ მაჩვენებლებთან, ორგანიზმში ანთების ნიშნებთან და შედარებით დაბალ კოგნიტიურ შედეგებთან. უფრო დიდი ასაკობრივი სხვაობა ასევე უკავშირდებოდა მომავალში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებას, დემენციას, კიბოსა და ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის უფრო მაღალ რისკს. ეს კავშირები მხოლოდ ადამიანის რეალური ასაკით ვერ აიხსნებოდა.
მკვლევრებმა ქალებსა და კაცებს შორის განსხვავებებიც აღმოაჩინეს. კაცებში ბადურის ასაკი უფრო ძლიერ კავშირს აჩვენებდა მეტაბოლურ დარღვევებთან, ქალებში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩანდა ბადურის სისხლძარღვების მდგომარეობა. ქალებში განსხვავებები მენოპაუზის პერიოდთანაც იყო დაკავშირებული.
რატომ შეიძლება თვალმა ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე ამდენი ინფორმაცია მოგვცეს? ბადურა ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილია და მასში სისხლძარღვების პირდაპირ დანახვა შესაძლებელია. ასაკთან ერთად იცვლება როგორც ნერვული ქსოვილი, ისე სისხლძარღვები, ამიტომ თვალის ფსკერის ფოტო ორგანიზმში მიმდინარე უფრო ფართო პროცესების ნაწილსაც შეიძლება ასახავდეს.
თუმცა კვლევის შედეგები ჯერ კლინიკურ ტესტად არ უნდა აღვიქვათ. კავშირები ძირითადად დაკვირვებით მონაცემებს ეფუძნება და ვერ ამტკიცებს, რომ “ხანდაზმული ბადურა“ დაავადებას იწვევს. არც ერთი ფოტოთი შეიძლება იმის თქმა, რამდენ ხანს იცოცხლებს ადამიანი ან განუვითარდება თუ არა დემენცია, კიბო ან გულის დაავადება.
კვლევის მნიშვნელობა სხვა რამეშია: თვალის ფსკერის ფოტოგრაფია მარტივი და არაინვაზიური მეთოდია. თუ ბადურის ასაკის მსგავსი მაჩვენებლები დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ჯგუფებში კიდევ დადასტურდება, მომავალში თვალის ჩვეულებრივმა ფოტომ შესაძლოა ჯანმრთელობის ზოგადი რისკების შეფასებისთვის დამატებითი ინფორმაცია მოგვცეს.




