ზღვის პლანქტონის დამაინფიცირებელმა პათოგენმა შესაძლოა თავისი უკიდურესად გრძელი დანამატი მასპინძელ უჯრედებში შესაღწევად გამოიყენოს
20-ზე მეტი წლის წინ მეცნიერებმა პირველად აღწერეს ეგრეთ წოდებული გიგანტური ვირუსები, რომლებიც ტრადიციულ ვირუსებზე, და ზოგიერთ ბაქტერიაზეც კი, გაცილებით დიდია და რამდენიმე ათასამდე გენს შეიცავს. ამ უცნაურმა წარმონაქმნებმა ბიოლოგებს სიცოცხლის ხის შტოების გადააზრება აიძულა და სიურპრიზების მოტანას კვლავ განაგრძობს. ამის მაგალითია ახლახან აღმოჩენილი გიგანტური ვირუსი PelV-1, რომლის უპრეცედენტო სიგრძის კუდიც მას მიკროსკოპულ სკაროს ამსგავსებს. ვირუსებს შორის კუდები იშვიათად გვხვდება, და მათი უმრავლესობა ძალიან მცირე ზომის ვირუსია, რომლებსაც ფაგებს უწოდებენ და რომლებიც ბაქტერიებს აინფიცირებენ. თუმცა ვირუსების სტანდარტებით PelV-1 მასიურია – მისი კაფსიდი, ანუ ვირუსის ძირითადი გარსი, 200 ნანომეტრის ზომისაა. მას ორი კუდი აქვს, რომელთა შორის 30 ნანომეტრის სიგანის კუდი მთავარ ყურადღებას იპყრობს. მისი სიგრძე 2.3 მიკრომეტრამდე აღწევს, რაც დღემდე აღწერილ ყველაზე გრძელ ვირუსულ დანამატს წარმოადგენს, იტყობინება მკვლევართა ჯგუფი bioRxiv-ის უახლეს პრეპრინტში. შედარებისთვის, ეს კუდი დაახლოებით 19-ჯერ აღემატება COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუსს.
PelV-1 აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი ზღვის ფიტოპლანქტონის, Pelagodinium-ის ინფიცირებისას, რომლითაც წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ სუბტროპიკულ წრებრუნვაში (გირში) ზოოპლანქტონი და თევზები იკვებებიან. შესაბამისად, ამ გიგანტური ვირუსისა და მისი კუდის შესწავლა, რომელიც მას Pelagodinium-ის უჯრედებში შეღწევაში ეხმარება, ოკეანის ეკოსისტემების უკეთ გაგებას შეუწყობს ხელს. PelV-1-ის გენომში მკვლევრებმა აღმოაჩინეს მეტაბოლური გენები, რომლებიც შესაძლოა ვირუსისთვის ენერგიის გამომუშავებას უწყობდეს ხელს, ასევე სინათლის შთანმთქმელი კომპლექსების გენი, რაც ლოგიკურია, რადგან ვირუსი ზღვის იმ ფენიდან იქნა იზოლირებული, სადაც მზის სინათლე აღწევს. როდესაც მკვლევრები აკვირდებოდნენ, თუ როგორ აინფიცირებდა ვირუსი ფიტოპლანქტონს, მათ დაინახეს, რომ გრძელი კუდი სამიზნე უჯრედს მიემაგრა, ხოლო მას შემდეგ, რაც ვირუსი უჯრედის შიგნით აღმოჩნდა (შთაინთქა), კუდი გაქრა. ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ კუდი მასპინძელი უჯრედის გარეთ ყოფნის დროს ვითარდება, თუმცა ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.




