ჯანმრთელობის პრობლემების შესაფასებლად ამერიკელების მზარდი ნაწილი ხელოვნურ ინტელექტს მიმართავს. KFF-ის მარტის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის მესამედი აცხადებს, რომ სამედიცინო საკითხებზე კონსულტაცია AI-სთან გაუვლია. ChatGPT-ის შემქმნელი კომპანია “OpenAI” კი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის შეკითხვებით მათ ყოველკვირეულად 300 მილიონზე მეტი ადამიანი მიმართავს.
გასულ კვირას “OpenAI”-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ფუნქციონალი გააფართოვა: ამიერიდან მათ ChatGPT-ში სამედიცინო ისტორიის, ანალიზებისა და ჭკვიანი მოწყობილობების მონაცემების ატვირთვა შეუძლიათ. ეს სისტემას საშუალებას აძლევს, გააცეს პერსონალიზებული რჩევები ექიმის ჩანაწერების, კვებისა თუ ძილის რეჟიმის გათვალისწინებით.
KFF-ის გამოკითხვით დადგინდა, რომ რესპონდენტთა 41%-მა პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია AI პლატფორმაზე მაინც ატვირთა, თუმცა უმრავლესობას სენსიტიური მონაცემების გაზიარებისას კონფიდენციალურობის შიში აქვს. ექსპერტთა ნაწილი ენდობა კომპანიების დაპირებებს უსაფრთხოების შესახებ, თუმცა სპეციალისტების მეორე ნაწილი ჯანმრთელობის AI-სთვის მინდობას სკეპტიკურად უყურებს.
ხელოვნურმა ინტელექტმა სამედიცინო ლიცენზირების გამოცდა ჩააბარა და “OpenAI”-ს ცნობით, მისი მოდელები “პრაქტიკოსი ექიმების დონეზე აზროვნებენ”. თუმცა ტექნოლოგია სრულყოფილი არ არის: მას ახასიათებს მიკერძოებები, ხშირად თავაზიანად ჟღერს შეცდომის დაშვებისას და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში, გადაუდებელი მდგომარეობაც გამოტოვოს.
საავადმყოფოებისგან განსხვავებით, ხელოვნური ინტელექტი პაციენტის მონაცემთა დაცვის მკაცრი ფედერალური რეგულაციებით შეზღუდული არ არის. კომპანიები “Anthropic”, “Microsoft”, “Perplexity” და “OpenAI” აცხადებენ, რომ მონაცემები დაშიფრულია და მოდელების დასასწავლად არ გამოიყენება. სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბობ ვაქტერი მიიჩნევს, რომ კომპანიებს პირობის შესასრულებლად ძლიერი ბიზნეს-ინტერესი აქვთ, თუმცა რისკი ნულის ტოლი მაინც არ არის.
სხვა მეცნიერები გაცილებით სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი არტ კაპლანი იხსენებს 23andMe-ს მაგალითს, სადაც 2023 წელს 7 მილიონი მომხმარებლის გენეტიკური მონაცემები გაჟონა, ხოლო 2025 წელს გაკოტრებისას კომპანიამ 15 მილიონი ადამიანის მონაცემები გაყიდა. კაპლანის თქმით, ასეთი სენსიტიური ინფორმაციის უსაფრთხოდ მართვის სამართლებრივი ინფრასტრუქტურა ჯერ არ არსებობს. მაუნთ სინაის კლინიკის ნეფროლოგი გირიშ ნადკარნი კი მომხმარებლებს მოუწოდებს: “ჯერ გადაამოწმეთ და მხოლოდ შემდეგ ენდეთ”.
პრობლემურია პასუხების სიზუსტეც. KFF-ის გამოკითხვით, თითქმის ყოველმა მეხუთემ AI-ს იმის გამო მიმართა, რომ ექიმი არ ჰყავს ან ვიზიტის საფასურს ვერ იხდის. ჟურნალ JAMA Oncology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ChatGPT-ის ძველმა ვერსიამ ონკოლოგიური მკურნალობის არასათანადო რეკომენდაციები მისცა შემთხვევების მესამედზე მეტში.
Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორებმა კი დაადგინეს, რომ “OpenAI”-ს ინსტრუმენტმა დაუშვა შეცდომები ასთმის შეტევისა და დიაბეტური კეტოაციდოზის დროს და პაციენტს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიმართვა არ ურჩია. გარდა ამისა, კვლევის თანაავტორის, ალვირა ტიაგის თქმით, დიალოგის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად პასუხების ხარისხი იკლებდა კიდეც.
პარალელურად, კომპანია “Epic” ნერგავს საკუთარ AI ასისტენტ Emmie-ს, რომელიც პაციენტის პორტალში დასმულ შეკითხვებს პასუხობს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, გარეთ ადამსის თქმით, სისტემამ ზუსტად იცის, სად უნდა შეწყვიტოს პასუხის გაცემა და როდის გადაამისამართოს პაციენტი რეალურ ექიმთან.
ექსპერტები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას AI-ს პასუხისმგებლიანი გამოყენებისთვის:
-
მონაცემების ატვირთვისას აირჩიეთ შენახვის მინიმალური ვადა (მაგალითად, ერთი დღე).
-
შეკითხვები ჩამოაყალიბეთ ობიექტურად, ემოციური სიტყვების გარეშე, რათა AI-მ თქვენი შფოთვა არ აირეკლოს.
-
ყოველ ახალ შეკითხვაზე დაიწყეთ ახალი დიალოგი.
-
მოითხოვეთ მტკიცებულებები და გადაამოწმეთ ინფორმაციის სიზუსტე.
-
ენდეთ საკუთარ ინტუიციას – თუ ფიქრობთ, რომ გადაუდებელი დახმარება გჭირდებათ, ნუ დაელოდებით ალგორითმს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.




