მსოფლიოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა სწრაფად იზრდება, ჩნდება გადაადგილების ახალი ფორმები და განსაკუთრებით ფართოვდება მოტოციკლების გამოყენება. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი მონაცემებით, 2011-2025 წლებში საგზაო შემთხვევებით გარდაცვალების გლობალური რაოდენობა 21%-ით შემცირდა — იმავე პერიოდში კი გზებზე მილიარდზე მეტი დამატებითი ავტომობილი გამოჩნდა. ჯანმო შედეგს მნიშვნელოვან პროგრესად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2025 წელს საგზაო შემთხვევებმა დაახლოებით 1.16 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საგზაო დაზიანებები კვლავ 5–29 წლის ბავშვებისა და ახალგაზრდების სიკვდილის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად კიდევ 20–50 მილიონი ადამიანი იღებს არასასიკვდილო დაზიანებას, ნაწილს კი ხანგრძლივი ან მუდმივი შეზღუდული შესაძლებლობა უვითარდება. პრობლემის ტვირთი არათანაბრად ნაწილდება: მსოფლიოში საგზაო სიკვდილიანობის 92% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 60% მოძრაობს.
გაუმჯობესება რეგიონებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. 2021 წლამდე ათმა ქვეყანამ საგზაო სიკვდილიანობა სულ მცირე 50%-ით შეამცირა, ხოლო ქვეყნების ნახევარზე მეტში გარდაცვალების მაჩვენებელი კლებულობდა. ჯანმოს ევროპულ რეგიონში სიკვდილიანობა 36%-ით შემცირდა, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში – 15%-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კი მხოლოდ 2%-ით. ამერიკის რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა, აფრიკის რეგიონში კი გარდაცვალების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.
განსაკუთრებით იზრდება მოტოციკლეტებთან დაკავშირებული საფრთხე. 2011–2025 წლებში მსოფლიოში მოტოციკლების რაოდენობა სამჯერ და მეტად გაიზარდა და მოტოციკლისტები უკვე საგზაო შემთხვევებით გარდაცვლილთა თითქმის მესამედს შეადგენენ. ამასთან, გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი ავტომობილში საერთოდ არ იმყოფებოდა – ისინი ქვეითები, ველოსიპედისტები ან მოტოციკლისტები იყვნენ. ჯანმოს განცხადებით, ეს აჩვენებს, რომ ბევრი ქალაქი და გზა კვლავ ძირითადად ავტომობილების გადაადგილებაზეა მორგებული და არა ყველა ადამიანის უსაფრთხოებაზე.
ჯანმო ქვეყნებს ე.წ. „უსაფრთხო სისტემის“ მიდგომის დანერგვისკენ მოუწოდებს. მისი ძირითადი პრინციპია, რომ ადამიანები გზაზე შეცდომებს ყოველთვის დაუშვებენ, ამიტომ ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო საშუალებები და სიჩქარის შეზღუდვები ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ერთი შეცდომა სიკვდილით ან მძიმე ტრავმით არ დასრულდეს. ასეთ ზომებს შორისაა უსაფრთხო გადასასვლელები და ტროტუარები, დაცული ველობილიკები, გზების გამყოფები, განათება, უსაფრთხო ავტომობილები, ეფექტიანი სასწრაფო დახმარება და კანონების რეალური აღსრულება.
სიჩქარე ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება. ჯანმოს შეფასებით, საშუალო სიჩქარის ყოველი 1%-იანი ზრდა სასიკვდილო შეჯახების რისკს დაახლოებით 4%-ით ზრდის. სწორად გამოყენებული მოტოციკლის ჩაფხუტი სიკვდილის რისკს ექვსჯერ და მეტად ამცირებს, უსაფრთხოების ღვედი ავტომობილის მგზავრის გარდაცვალების ალბათობას – 50%-მდე, ხოლო ბავშვის შესაბამისი დამჭერი მოწყობილობა ჩვილებში სიკვდილიანობას 71%-მდე ამცირებს. მობილური ტელეფონის გამოყენებისას კი მძღოლის ავარიაში მოხვედრის ალბათობა დაახლოებით ოთხჯერ იზრდება.
ახალი მონაცემები გაეროს მაღალი დონის შეხვედრას დაემთხვა, რომელზეც ქვეყნებმა 2030 წლისთვის საგზაო სიკვდილიანობისა და მძიმე დაზიანებების 2021 წლის დონესთან შედარებით განახევრების ვალდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. მიღებული დეკლარაცია ქვეყნებს სთხოვს, შექმნან მკაფიო მიზნების, ვადებისა და დაფინანსების მქონე ეროვნული გეგმები, გააუმჯობესონ მონაცემების შეგროვება, გაამკაცრონ კანონები და ინფრასტრუქტურისა თუ ავტომობილების უსაფრთხოების სტანდარტები.
თემა საქართველოსთვისაც განსაკუთრებით აქტუალურია და ბოლო წლების მონაცემები მდგრად გაუმჯობესებას არ აჩვენებს: 2022 წელს საგზაო შემთხვევებს 430 ადამიანი ემსხვერპლა, 2023 წელს – 442, ხოლო 2024 წელს – 444. 2025 წელს დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ექვსი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. შესაბამისად, უსაფრთხო სიჩქარე, ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის დაცული ინფრასტრუქტურა, ღვედებისა და ჩაფხუტების გამოყენება და წესების ეფექტიანი აღსრულება საქართველოსთვის კვლავ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტია.
ჯანმოს მთავარი გზავნილია, რომ საგზაო სიკვდილიანობა გარდაუვალი “უბედური შემთხვევების“ შედეგი არ არის. იმ ქვეყნებში, სადაც უსაფრთხო გზები, დაბალი სიჩქარე, მკაცრი აღსრულება და უკეთესი ავტომობილები ერთიან სისტემად მუშაობს, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უკვე შესაძლებელი აღმოჩნდა. თუმცა 2030 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევას ქვეყნები არსებული ტემპით ვერ შეძლებენ.




