ორმა პაციენტმა მსოფლიოში პირველად მიიღო ინოვაციური თერაპია იმ მდგომარეობის სამკურნალოდ, რომელიც აზიანებს ზურგის ტვინსა და მხედველობის ნერვს.
დონორის ღეროვანმა უჯრედებმა ორ პაციენტში შეამსუბუქა ნეირომიელიტ ოპტიკის სპექტრის აშლილობის (NMOSD) სიმპტომები. ჟურნალ “Med”-ში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მამაკაცი და ქალი, რომელთაც იშვიათი და მძიმე აუტოიმუნური დაავადება ჰქონდათ, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ 15 წელზე მეტია რემისიაში იმყოფებიან. მეცნიერთა განცხადებით, ეს პოზიტიური შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული ექსპერიმენტული მკურნალობა უფრო ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევას იმსახურებს.
აღნიშნულ ორ პირს აღენიშნებოდა მძიმე და პოტენციურად ფატალური (სიკვდილის გამომწვევი) დაავადება, რომლის დროსაც იმუნური უჯრედები აწარმოებენ ანტისხეულებს, რომლებიც თავს ესხმიან ზურგის ტვინსა და თვალისა და ტვინის დამაკავშირებელ ნერვს. ამ მდგომარეობას ნეირომიელიტ ოპტიკის სპექტრის აშლილობა (NMOSD) ეწოდება. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ეპიზოდების სახით, რომლებიც გრძელდება დღეები ან თვეები და მოიცავს თვალის ტკივილს, მხედველობის დაკარგვას, ღებინებას, ასევე ხელებისა და ფეხების სისუსტეს ან დამბლას. არსებულ მედიკამენტებს შეუძლიათ ამ ეპიზოდების პრევენცია მუდმივი თერაპიის ფონზე, თუმცა ამ ორ კონკრეტულ პაციენტში სტანდარტულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.
ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ, მამაკაცის ნევროლოგიური ფუნქცია გაუმჯობესდა, იგი დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას და შემდგომში ორი შვილი შეეძინა. ქალმა შეძლო ხელების ბევრად უფრო ეფექტურად გამოყენება, ვიდრე მკურნალობამდე და მას აღარ სჭირდება მედიკამენტები სიმპტომების შესამსუბუქებლად.
„არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამას სრული განკურნება ვუწოდოთ, თუმცა, მან გადაჭრა პრობლემა, რომელსაც დაავადება ამ ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იწვევდა“, – ამბობს ჯაო ჯაო ლი, სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი.
მკურნალობის ამ მეთოდის დროს, რომელსაც ალოგენური ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ეწოდება, დონორის ღეროვანი უჯრედები გროვდება სხვა ადამიანის სისხლიდან. ეს პროცედურა აქამდე გამოიყენებოდა ზოგიერთი სახის კიბოს, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისა და სისხლის სხვა პათოლოგიების სამკურნალოდ. კვლევის თანაავტორი, მილანის (იტალია) IRCCS სან რაფაელეს ჰოსპიტლის ნევროლოგი მასიმო ფილიპი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს არის მოცემული თერაპიის პირველი გამოყენება NMOSD-ის სამკურნალოდ.
მამაკაცი იყო პირველი, ვინც გაიარა ალოგენური ტრანსპლანტაცია და მან ღეროვანი უჯრედები 2009 წელს საკუთარი დისგან მიიღო. მომდევნო წელს ქალმა უჯრედები არანათესავი დონორისგან მიიღო. ორმა მონაწილემ დონორის ღეროვანი უჯრედების ერთჯერადი ინფუზია (გადასხმა) ჩაიტარა. სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერის, ბრიუს მილთორპის თქმით, ამ პაციენტების ასეთი ხანგრძლივი პერიოდით სიმპტომების გარეშე შენარჩუნება ძალიან იმედისმომცემია.
ტრანსპლანტაციამდე მონაწილეებმა ჩაიტარეს ქიმიოთერაპია პრეპარატებით – ფლუდარაბინითა და ტრეოსულფანით, მონოკლონურ ანტისხეულებთან ერთად, რათა ორგანიზმიდან სრულად განდევნილიყო იმუნური სისტემის B უჯრედები. სწორედ ეს უჯრედები აწარმოებენ იმ ანტისხეულებს, რომლებიც თავს ესხმიან ზურგის ტვინსა და მხედველობის ნერვს.
ღეროვანი უჯრედების გადასხმამდე, ორმა პირმა ასევე მიიღო ანტისხეულების მოკლე კურსი და იმუნოსუპრესანტები (იმუნიტეტის დამთრგუნველი წამლები), რათა თავიდან აეცილებინათ დონორის უჯრედების მიერ რეციპიენტის ჯანსაღ უჯრედებზე თავდასხმა – მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც “ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“ (graft-versus-host disease) და ხშირია ღეროვანი უჯრედების გადასხმის შემდეგ. ლის განმარტებით, ეს გართულება შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ არცერთ პაციენტს არ განუვითარდა NMOSD-თან ასოცირებული ანტისხეულები და მათ ჩამოუყალიბდათ ჯანსაღი იმუნური სისტემა.
ლის თქმით, ეს პროცედურა მთლიანად ანაცვლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ამ მკურნალობის სხვა ვერსიები იყენებენ თავად პაციენტის საკუთარ ღეროვან უჯრედებს იმუნური სისტემის გადასატვირთად. თუმცა, აუტოიმუნური პათოლოგიების მქონე პირებში საკუთარი უჯრედების გამოყენებამ შესაძლოა ასეთივე ეფექტი ვერ გამოიღოს, თუ ანტისხეულების მწარმოებელი B უჯრედები ბოლომდე არ განადგურდება, დასძენს იგი.
მილთორპი აღნიშნავს, რომ კვლევის მცირე შერჩევის (მხოლოდ ორი პაციენტი) გამო, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, მოუტანს თუ არა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია სარგებელს NMOSდ-ის მქონე ყველა პაციენტს. ასევე, გამოწვევად რჩება შესაფერისი დონორების მოძიება. თუმცა, ეს კვლევა შეიძლება გამოვიყენოთ საფუძვლად კლინიკური კვლევების დასაწყებად, დასძენს იგი. მილთორპის თქმით, დადებითი მოვლენაა ისიც, რომ გუნდმა უჯრედები პირდაპირ დონორის სისხლიდან მიიღო, რაც ბევრად ნაკლებად ინვაზიურია (ნაკლებად ტრავმულია), ვიდრე ღეროვანი უჯრედების აღება ძვლის ტვინიდან.
ავტორები ასევე უთითებენ, რომ ორ მონაწილეს განუვითარდა გარკვეული ნეგატიური შედეგები, მათ შორის ლიმფური კვანძების შეშუპება, ანტისხეულების დეფიციტი (რამაც მკურნალობა მოითხოვა) და შარდის ბუშტის კიბო. ტრანსპლანტაციის შემდგომ მეორეული სიმსივნეების განვითარება იშვიათი არ არის და ავტორების თქმით, ეს რისკები ყოველთვის უნდა აიწონოს სიმპტომების გაუმჯობესებისა და ცხოვრების ხარისხის მატების საპირწონედ.
თავად ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაც შეიცავს დიდ რისკებს. მკურნალობის შემდგომ განვითარებული ინფექციები სიკვდილიანობის მეორე ყველაზე ხშირი მიზეზია ამ თერაპიის დროს. კვლევის ჯგუფი აღნიშნავს, რომ ეს პროცედურა უნდა შეინახოს მხოლოდ იმ ახალგაზრდა პაციენტებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც სტანდარტული მკურნალობა უეფექტოა ან აღენიშნებათ თანმხლები სხვა აუტოიმუნური დარღვევები.




