ბრიტანეთში ჩატარებული ახალი მასშტაბური კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა თაობები უფრო სუსტ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აჩვენებენ, ვიდრე წინა თაობები მათ ასაკში. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის (UCL), კინგსის კოლეჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უფრო ახლახან დაბადებული ადამიანები, ცხოვრების იდენტურ ეტაპებზე შედარებისას, ზოგადად არ არიან იმაზე ჯანმრთელები, ვიდრე წინა თაობების წარმომადგენლები.
მეცნიერებმა განიხილეს 51 სხვადასხვა გრძელვადიანი კოჰორტული კვლევის მონაცემები, რომლებიც აკვირდებოდნენ 1946 წლიდან 2002 წლამდე ბრიტანეთში დაბადებული ათობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობას დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე.
რამდენიმე კონკრეტული მდგომარეობის, განსაკუთრებით კი სიმსუქნის, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებისა და დიაბეტის შემთხვევაში, ჯანმრთელობის გაუარესებული მაჩვენებლები ბევრად უფრო ხშირი აღმოჩნდა უახლეს თაობებში, ვიდრე ადრეულ თაობებში ცხოვრების იმავე ეტაპზე. მკვლევრებმა ამ კანონზომიერებას “თაობრივი ჯანმრთელობის უკუსვლა“ (generational health drift) უწოდეს.
ეს ტენდენცია ყველაზე სტაბილურად სიმსუქნისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებლებში გამოვლინდა. დიაბეტის შემთხვევების მატება ასევე მკაფიოდ დაფიქსირდა ე.წ. “X თაობის“ (Generation X) წარმომადგენლების “ბეიბი ბუმერებთან“ შედარებისას.
მკვლევართა განცხადებით, ეს სხვაობები ვერ აიხსნება მხოლოდ გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემით, გაზრდილი სკრინინგით ან უკეთესი დიაგნოსტიკით. მათ ხაზი გაუსვეს, რომ სიმსუქნე არ არის დამოკიდებული მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, ხოლო დიაბეტის შემთხვევები იდენტიფიცირებული იყო ობიექტური ბიოლოგიური მაჩვენებლების გამოყენებით. რაც შეეხება მენტალური ჯანმრთელობის შედარებას, ის ეფუძნებოდა დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების შესახებ თავად პაციენტების მიერ მიწოდებულ მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა თაობებს შორის სამართლიანი შედარებისთვის სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიით.
მეცნიერთა განმარტებით, ტენდენციის ზუსტი გამომწვევი მიზეზების დასადგენად დამატებითი მონაცემებია საჭირო. თუმცა, სავარაუდოა, რომ აღნიშნულ პროცესს აყალიბებს დროთა განმავლობაში შეცვლილი სოციალური და გარემო რისკ-ფაქტორები, როგორიცაა არაბალანსირებული, არაჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობის მკვეთრი შემცირება. მკვლევრებმა დასძინეს, რომ ამ ფაქტორების დიდი ნაწილი პრევენცირებადია.
საკვლევმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ ამ ტენდენციას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სახელმწიფო პოლიტიკასა და ჯანდაცვის დაგეგმვაზე. კერძოდ, შესაძლოა საჭირო გახდეს მეტი ინვესტიციის მობილიზება იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც ქრონიკული და ხანგრძლივი დაავადებებით ცხოვრობენ.
“თუ უახლესი თაობების ჯანმრთელობის მაჩვენებლები უკან იხევს, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება ვერ აღწევს ჯანმრთელობის გაუმჯობესების ბიოლოგიურ ლიმიტებს“, – განაცხადა ლორა გიმენომ, კვლევის წამყვანმა ავტორმა და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გრძელვადიანი კვლევების ცენტრის დოქტორანტმა. “ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ პრევენცირებადი სოციალური და გარემო ფაქტორების შედეგებს, რომლებიც დროთა განმავლობაში და თაობებს შორის მოსახლეობის ჯანმრთელობას აყალიბებს“.
მკვლევრებმა ასევე აღიარეს, რომ ბრიტანეთის ძველი კოჰორტული კვლევები მოიცავს ნაკლებ ეთნიკურ მრავალფეროვნებას, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი მოსახლეობაა იმავე ასაკში. თუმცა, მათი განცხადებით, მსგავსი კანონზომიერებები შეინიშნება სხვა კვლევებშიც, სადაც უფრო მეტად რეპრეზენტატიული მონაცემები იყო გამოყენებული.
ევროპის დაბერებული მოსახლეობის შესახებ არსებული კვლევების მიხედვით, 2050 წლისთვის ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის მესამედი 65 წლის ან უფროსი ასაკის იქნება.




