2026 წელს გამოქვეყნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიში “ვაქცინაციის ბარიერები და მამოძრავებელი ფაქტორები: ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინაციის დაბალი დონისა და ვაქცინაციის უთანასწორობის გადაჭრა საქართველოში”. კვლევა ჩატარდა 2023 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს ოთხ რაიონში.
ანგარიშში ვკითხულობთ კონტესტის განმარტებას, რომ საქართველოში წითელა-წითურა-ყბაყურას (MMR) ვაქცინაციის ეროვნული მოცვა 2019 წლამდე 98%-ს აღემატებოდა. 2020 წლიდან მაჩვენებელმა კლება დაიწყო და 2024 წელს 90% შეადგინა. მსგავსი ვითარებაა დიფთერია-ტეტანუსი-ყივანახველას (DTP) ვაქცინის მესამე დოზის შემთხვევაშიც: 2019 წელს მოცვა 94% იყო, ხოლო 2024 წელს 86%-მდე შემცირდა. ქვეყნის ცალკეულ ნაწილებში ეს მაჩვენებლები ეროვნულ საშუალოზე ბევრად დაბალია.
ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინაცია ეროვნულ კალენდარში 2019 წელს შევიდა და და თავდაპირველად მხოლოდ 10-12 წლის გოგოებისთვის იყო განკუთვნილი. ვაქცინით მოცვის ეროვნული მაჩვენებელი მხოლოდ 24%-ია სამიზნე აუდიტორიაში (იგულისხმება გოგოები), ზოგიერთ რეგიონში კი 16%-მდე ეცემა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია 15 წლამდე გოგონების 90% სრულად იყოს ვაქცინირებული საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ფარგლებში.
კვლევა ჩატარდა სამ დაბალი (ბოლნისი, კარელი, ზუგდიდი) და ერთ მაღალი (თელავი) ვაქცინაციის მაჩვენებლის მქონე რაიონში. მასში მონაწილეობდნენ პირველადი ჯანდაცვის ექიმები, ექთნები, გინეკოლოგები, მშობლები და ადმინისტრაციული სტრუქტურების წარმომადგენლები.
კვლევის მიხედვით, სამედიცინო პერსონალი რამდენიმე გამოწვევას აწყდება. ჯანდაცვის მუშაკებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთი კოლეგა მშობლებს ვაქცინაციის წინააღმდეგ რჩევებს აძლევს. HPV ვაქცინა განსაკუთრებულ ეჭვებს იწვევს მისი “სიახლის” გამო. ეს ნიშნავს, რომ ექიმების ნაწილი მას ნაკლებად შესწავლილად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა 17 წელზე მეტია 125-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. გინეკოლოგებს, რომლებიც HPV-ის თემაზე გავლენიანები არიან, არ ჰქონდათ მიღებული სპეციალური ტრენინგი ამ საკითხზე. ამას ემატება სამართლებრივი შიში: ექიმებს ეშინიათ პასუხისმგებლობის გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ პროტოკოლს იცავენ.
დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებლის მქონე რაიონებში მშობლებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ვაქცინაციის კალენდარზე. ქარელში ერთ-ერთმა დედამ აღნიშნა, რომ HPV ვაქცინაციის შესახებ პირველად კვლევის ფარგლებში გაიგო. გავრცელებული შიშებია, რომ ვაქცინა იწვევს უნაყოფობას ან აუტიზმს. ეს არასწორი შეხედულებები ნაწილობრივ სოციალური მედიიდან და ნაწილობრივ სამედიცინო პერსონალისგან მოდის. მაღალი მაჩვენებლის მქონე თელავში მშობლებს ვაქცინაციის სარგებელი და რისკები უკეთ აქვთ გააზრებული. ფიზიკური ბარიერებიდან დასახელდა სოფლის ამბულატორიების ძველი შენობები და შიგნით არსებული დაბალი ტემპერატურა. ბოლნისში გამოვლინდა ენობრივი ბარიერი აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან კომუნიკაციისას.
რაიონული დონის სტრუქტურების ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია საკუთარი ან სხვა რეგიონების ვაქცინაციის მაჩვენებლებზე. კოვიდ-19-ის პანდემიამ ასევე გამოიწვია სერვისების შეფერხება, რადგან ჯანდაცვის დაწესებულებები პანდემიის მართვაზე იყვნენ გადართულები.
საქართველოში HPV ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი კომპლექსური პრობლემაა. კვლევა აჩვენებს, რომ ინფორმაციის ნაკლებობა, ნდობის კრიზისი და ინფრასტრუქტურული სისუსტე ერთდროულად მოქმედებს. ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული ქმედებების გარეშე ეროვნული სტატისტიკის გაუმჯობესება რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლიდან ვაქცინა ხელმისაწვდომია 10-45 წლის როგორც გოგოებისთვის და ქალებისთვის, ისე ვაჟებსთვის.
წაიკითხეთ ჩვენი სტატიები ადამიანის პაპილომავირუსზე – ბმული




