ბელგიის ფედერალურმა მთავრობამ ხუთშაბათს არომატიზებული ელექტრონული სიგარეტების აკრძალვა დაამტკიცა. ახალი რეგულაციის თანახმად, 2028 წლის სექტემბრიდან ბაზარზე მხოლოდ თამბაქოს არომატის მქონე და უგემო ელექტრონული სიგარეტები დაიშვება.
ჯანდაცვის მინისტრმა, ფრენკ ვანდენბრუკემ ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდებში დამოკიდებულების შემცირების პირდაპირ მცდელობად შეაფასა.
“ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობა და თავიდან ავიცილოთ ახალი თაობის თამბაქოზე დამოკიდებულება“, – განაცხადა მან პრესრელიზში.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმზიდველი არომატების მქონე ვეიპები მიზანმიმართულად არის შექმნილი ახალგაზრდების მისაზიდად და ელექტრონულ სიგარეტებს “კრიმინალური ინდუსტრიის გამოგონება“ უწოდა, რომელიც პიტნის, ვაშლის, პოპკორნისა თუ ჟოლოს არომატების უკან მავნე ნივთიერებებს მალავს.
ეს ზომა ბელგიას ათანაბრებს ნიდერლანდებთან, სადაც ელექტრონული სიგარეტები უკვე შეზღუდულია მხოლოდ თამბაქოს არომატით. ნიდერლანდების საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული ინსტიტუტის (RIVM) კვლევა აჩვენებს, რომ მსგავსმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო: მომხმარებელთა თითქმის ორმა მეხუთედმა შეამცირა მოხმარება, ხოლო ყოველმა მეხუთემ სრულად დაანება თავი.
ბელგიის ეს ნაბიჯი ეფუძნება ჯანდაცვის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ნოემბრის რეკომენდაციას, რომელმაც აკრძალვისას ახალგაზრდების დაცვა ზრდასრულთა პრეფერენციებზე მაღლა დააყენა.
აღნიშნული აკრძალვა წინა რეგულაციების გაგრძელებაა – 2024 წლის ბოლოს ბელგია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთჯერადი ვეიპები აკრძალა. ეს გადაწყვეტილებები არის 2040 წლისთვის “თამბაქოსგან თავისუფალი თაობის“ შექმნის ფართო სტრატეგიის ნაწილი. სხვა ქვეყნებიც იზიარებენ ამ ტენდენციას, მაგალითად, სლოვენიამ არომატიზატორებზე მსგავსი აკრძალვა 2024 წლის მაისში მიიღო.
ბელგია ახლა ევროკომისიას შეატყობინებს ცვლილების შესახებ და გეგმავს, რომ წესები 2028 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდეს.
ასევე დაგაინტერესებთ:




