MV Hondius-ის საკრუიზო გემზე დაფიქსირებული ჰანტავირუსის აფეთქების გამო, საერთაშორისო ჯანდაცვის უწყებებმა რეაგირების მექანიზმები აამოქმედეს. კაბო-ვერდედან ნიდერლანდებში სამედიცინო თვითმფრინავით სამი პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთო რისკი დაბალი რჩება. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ევაკუირებულთა შორისაა გემის ექიმიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კანარის კუნძულების ნაცვლად, მისი პირდაპირ ნიდერლანდებში გადაყვანა გადაწყდა. საკრუიზო გემი, რომელმაც არგენტინა დატოვა, ატლანტის ოკეანის გადაკვეთისას გამოვლენილი ინფექციის შემთხვევების გამო, ამჟამად კაბო-ვერდეს წყლებში იმყოფება.
6 მაისის მონაცემებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გემის მგზავრებში ინფიცირების 8 შემთხვევა დაადასტურა, მათ შორის 3 ლეტალური გამოსავლით დასრულდა, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 3 პირს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. კლინიკური ნიშნები 6-დან 28 აპრილამდე პერიოდში გამოვლინდა და მოიცავდა ცხელებასა და გასტროინტესტინურ დარღვევებს, რაც რიგ შემთხვევებში სწრაფად პროგრესირდა პნევმონიაში, მწვავე რესპირატორულ დისტრეს-სინდრომსა (ARDS) და შოკურ მდგომარეობაში. უსიმპტომო მგზავრების გემიდან გადმოსვლა შაბათს ტენერიფეში იგეგმება, სადაც ევროპული ევაკუაციისა და რეპატრიაციის მექანიზმი ამოქმედდება. WHO-სა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) ერთობლივი პროტოკოლის შესაბამისად, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის სრული გამორიცხვითა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების მკაცრი დაცვით.
პარალელურად, WHO ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ატარებს იოჰანესბურგის მიმართულებით შესრულებულ ავიარეისზე (Airlink), რომელზეც 82 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. აღნიშნული რეისით 25 აპრილს წმინდა ელენეს კუნძულიდან ევაკუირებული 69 წლის ნიდერლანდელი ქალი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ჰანტავირუსით ინფიცირება მოგვიანებით დადასტურდა.
ჰანტავირუსი წარმოადგენს მღრღნელების მიერ გავრცელებულ ვირუსთა ჯგუფს, რომელიც ადამიანს ძირითადად ინფიცირებული ცხოველის გამომშრალი ექსკრემენტების, შარდის ან ნერწყვის ნაწილაკების შესუნთქვით გადაედება. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ჰანტავირუსული პულმონური (ფილტვის) სინდრომი. ადრეული სიმპტომები მოიცავს ცხელებას, თავისა და კუნთების ტკივილს, თავბრუსხვევას, შემცივნებასა და გასტროინტესტინურ დარღვევებს, მოგვიანებით ეტაპზე კი ვითარდება მწვავე რესპირატორული დისტრესი და ჰიპოტენზია. საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 2-დან 4 კვირამდეა. დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური თერაპია არ არსებობს. ამერიკული ვარიანტი ყველაზე მძიმე ფორმად მიიჩნევა, თუმცა ადამიანისგან ადამიანზე გადადება უკიდურესად იშვიათია და მოითხოვს ძალიან ახლო და ხანგრძლივ კონტაქტს.




