დღეს მინდა გაგიზიაროთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2025 წლის გლობალურ ანგარიშის შედეგები ჰიპერტენზიის შესახებ და ის მონაცემები, რაც ჩვენი ქვეყნის შესახებაა, მსუბუქად რომ ვთქვათ, სტაბილურად მძიმეა. ხშირ შემთხვევაში გლობალურ მაჩვენებლებთან თანხვედრაშია, თუმცა, ეს არ გვამშვიდებს, ცხადია.
ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლეს იწირავს და ამას თითქმის შეუმჩნევლად აკეთებს.
რა წერია ანგარიშში? საქართველოს სტატისტიკა
მოდით, ციფრებს პირდაპირ შევხედოთ. ჯანმოს ანგარიშის მიხედვით, 2024 წლისთვის საქართველოში ვითარება ასეთია:
- გავრცელება: 30-დან 79 წლამდე ასაკის მოსახლეობის 50%-ს აწუხებს მაღალი წნევა. დიახ, ყოველ მეორე ადამიანს ამ ასაკობრივ ჯგუფში.
- მასშტაბი: ეს ნიშნავს, რომ 1.2 მილიონ ადამიანს აქვს ჰიპერტენზია, საიდანაც დაახლოებით 938 000-ს მდგომარეობა კონტროლის ქვეშ არ აქვს. (ამას ყურადღება მიაქციეთ).
- შედეგი: ყოველწლიურად, მაღალი წნევა დაახლოებით 10 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.
პარადოქსი: ვსვამთ დიაგნოზს, ვიწყებთ მკურნალობას, მაგრამ შედეგი არ გვაქვს
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენი პრობლემა, როგორც ჩანს, არც დიაგნოსტირებაა და არც მკურნალობის დაწყება. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ამ კომპონენტებში გლობალურ საშუალო მაჩვენებელსაც კი სჯობნის.
საქართველო გლობალური და ევროპული მონაცემების ფონზე
როგორც ხედავთ, ჩვენ წარმატებით ვავლენთ დაავადებას და ვიწყებთ მკურნალობას, მაგრამ სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა. პაციენტების მხოლოდ 20% აღწევს წნევის კონტროლს, რაც ჩამორჩება როგორც გლობალურ, ისე ევროპულ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობაზე მყოფთა უმრავლესობისთვის თერაპია არაეფექტიანია.
მოდით, მონაცემები შევადაროთ მეზობელ ქვეყნებსაც:
| ქვეყანა / რეგიონი | პრევალენტობა | დიაგნოსტირებული | მკურნალობს | კონტროლირებული |
|---|---|---|---|---|
| 🇬🇪 საქართველო | 50% | 69% | 54% | 20% |
| 🇦🇲 სომხეთი | 51% | 44% | 32% | 10% |
| 🇦🇿 აზერბაიჯანი | 42% | 58% | 44% | 15% |
| 🇹🇷 თურქეთი | 33% | 64% | 61% | 35% |
| 🇷🇺 რუსეთის ფედერაცია | 47% | 79% | 54% | 20% |
| 🌐 გლობალური საშუალო | 34% | ~57% | 45% | 23% |
| 🇪🇺 ევროპის რეგიონი (შეფასებით) | ~30–50% | ~71% | ~52% | ~24% |
რას გვეუბნება ეს შედარება?
პრევალენტობა (გავრცელება): საქართველო (50%) და სომხეთი (51%) რეგიონში ჰიპერტენზიის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან. ეს მნიშვნელოვნად აღემატება თურქეთისა (33%) და აზერბაიჯანის (42%) მონაცემებს.
დიაგნოსტირება: დიაგნოსტირების კუთხით საქართველო (69%) მნიშვნელოვნად უსწრებს სომხეთს (44%), რუსეთის მაჩვენებელი (79%) რეგიონში ყველაზე მაღალია. თუ რატომ აქვთ მაღალი მაჩვენებელი, ამას ბევრი ახსნა აქვს, მაგ. რუსული პრაქტიკა ხშირად მოიცავს “მაღალი წნევის ერთჯერად გაზომვას” როგორც დიაგნოზის საფუძველს, მაშინ როცა საერთაშორისო კრიტერიუმებით დიაგნოზი უნდა დადასტურდეს განმეორებით გაზომვებით, თუმცა უნდა აღინიშნოს პოლიკნინიკებში ხშირი მიმართვიანობა, რაც მონაცემების შეგროვებას აიოლებს.
მკურნალობა: მკურნალობის დაწყების მაჩვენებლით საქართველო (54%) და რუსეთი (54%) თითქმის იდენტურ შედეგს აჩვენებენ. თუმცა, რეგიონული ლიდერი აქ თურქეთია, სადაც პაციენტების 61% მკურნალობს.
კონტროლი (გადამწყვეტი მაჩვენებელი):
რეგიონული ლიდერი: თურქეთი კონტროლის მაჩვენებლით (35%) რეგიონში უპირობო ლიდერია და აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყანაში ბევრად უკეთესი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.
საქართველოს პოზიცია: საქართველოს (20%) და რუსეთს (20%) იდენტური, თუმცა არასახარბიელო შედეგი აქვთ. ჩვენი მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე სომხეთსა (10%) და აზერბაიჯანში (15%), მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამორჩება თურქეთს.
თუ რატომ არის ეს მაჩვენებელი (კონტროლის) ყველაზე მნიშვნელოვანი, მოდით შევადაროთ რუსეთის (დიაგნოსტირებაში ლიდერი რეგიონში) მაგალითს ასე:
-
79% → “ვიცი, რომ მაქვს ჰიპერტენზია“
-
54% → “ვმკურნალობ“
-
20% → “ჩემი წნევა ნორმაშია მკურნალობის ფონზე“
-
69% → “ვიცი, რომ მაქვს ჰიპერტენზია“
-
54% → “ვმკურნალობ ჰიპერტენზიაზე“
-
20% → “ჩემი წნევა ნორმაშია მკურნალობის ფონზე“
უფრო გასაგებად:
-
31% → “მაქვს ან არ მაქვს ჰიპერტენზია, მაგრამ არ ვიცი ამის შესახებ“
-
46% → “ვიცი, რომ მაქვს ჰიპერტენზია, მაგრამ არ ვმკურნალობ“
-
80% → “ვმკურნალობ, მაგრამ ჩემი წნევა მაინც არ არის ნორმაში“
ეს მონაცემები გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის მეზობლებთან შედარებით ბევრ ასპექტში უკეთესად გამოიყურება, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით თურქეთის წარმატებულ მოდელს და სერიოზული გამოწვევაა ჰიპერტენზიის კონტროლი.
რატომ ხდება ასე?
ანგარიში მიუთითებს, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, როგორც წესი, ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც, მთავარი ბარიერი არ არის. ჩვენს ქვეყანაშიც, ჰიპერტენზიის ხუთივე ძირითადი მედიკამენტი ზოგადად ხელმისაწვდომია.
მაშ, სად ვუშვებთ შეცდომას? ვფიქრობ, პრობლემა უფრო ღრმაა და ის პაციენტსა და ჯანდაცვის სისტემას შორის ურთიერთობაში, განათლებასა და მკურნალობის პროცესის უწყვეტობაში იმალება.
შევხედოთ, რა ინსტრუმენტები გვაქვს რეაგირებისთვის:
| მაჩვენებელი (ეროვნული რეაგირება) | საქართველო | გლობალური (% ქვეყნებისა) | ევროპის რეგიონი (% ქვეყნებისა) |
|---|---|---|---|
| აქვს ეროვნული სამიზნე მაღალი წნევისთვის | ✅ კი | 45 % | ~19 % |
| აქვს ეროვნული სამიზნე მარილის მოხმარებისთვის | ✅ კი | 40 % | ~45 % |
| მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პოლიტიკა | ✅ კი | 71 % | ~85 % |
| მოქმედებს მარილის შემცირების პოლიტიკა | ✅ კი | 51 % | ~60 % |
| არსებობს ჰიპერტენზიის მართვის გაიდლაინები | ✅ კი | 87 % | ~90 % |
| ხუთივე ძირითადი მედიკამენტი ხელმისაწვდომია | ✅ კი | ~70 % | >90 % |
| ჩატარდა უახლესი ეროვნული კვლევა წნევაზე | ❌ არა | 51 % | ~58 % |
| ჩატარდა უახლესი ეროვნული კვლევა მარილზე | ❌ არა | 44 % | ~45 % |
მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მედიკამენტების გამოწერა, არამედ პაციენტებთან მუდმივი, ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია, მათი განათლება და მკურნალობის პროცესში აქტიური ჩართვა.
ჩვენი ამოცანაა, ფოკუსირება მოვახდინოთ არა მხოლოდ დიაგნოზზე, არამედ მკურნალობის უწყვეტობასა და ხარისხზე. ეს მოითხოვს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას, ექიმების უკეთეს კომუნიკაციას პაციენტებთან და საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართე ჩართულობას (ეს უკანასკნელი კი ვგონებ შეუძლებელი გახდა ბოლო წლებში საქართველოში). წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰიპერტენზია კვლავაც დარჩება ჩვენი ქვეყნის “მდუმარე ეპიდემიად”.
ამ პოსტში განგებ არ შევეხე საკითხებს, რომლებიც ანგარიშში არ იყო მოცემული.
ვფიქრობ, ჩვენი პოდკასტის ეს ეპიზოდიც დაგაინტერესებთ:




