
კრისტინა ვარინერი – ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ბიომოლეკულური არქეოლოგი.
ყველამ ვიცით, რა არის კბილის ნადები – ნარჩენი, რომელსაც სტომატოლოგები რეგულარულად გვაშორებენ. არქეოლოგებისთვის და პალეონტოლოგებისთვისაც ის ათწლეულების განმავლობაში გამოუსადეგარი იყო, რომელსაც უძველესი ნეშტების გაწმენდისას ყრიდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს გაქვავებული ნადები, ანუ კბილის ქვა, სინამდვილეში “ოქროს საბადოა” – დროის კაფსულა, რომელიც ათასობით წლის წინანდელი სამყაროს დნმ-ს ინახავს.
“ეს მრავალი თვალსაზრისით დროში მოგზაურობას ჰგავს”, – ამბობს კრისტინა ვარინერი, ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ბიომოლეკულური არქეოლოგი. მისი აღმოჩენის ისტორია კი თითქმის ისეთივე საინტერესოა, როგორც თავად აღმოჩენა.
მეცნიერის “ევრიკა” – როგორ იქცა ნაგავი განძად
კრისტინა ვარინერი, რომელიც ერთდროულად მიკრობიოლოგიითა და არქეოლოგიით იყო გატაცებული, თავდაპირველად უძველესი დაავადებების ისტორიას ადამიანის ჩონჩხის კბილებიდან აღებული დნმ-ით სწავლობდა. ის, ისევე როგორც მისი კოლეგები, კბილებს საგულდაგულოდ აშორებდა გაქვავებულ ნადებს და ყრიდა. “ზოგჯერ ვხუმრობთ, რომ მიცვალებულების სტომატოლოგები ვართ”, – ამბობს ის.
გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ კბილის ქვაში შესაძლოა, უძველესი დნმ ყოფილიყო შემონახული. “ეს ჩემთვის ნათურის ანთებასავით იყო”, – იხსენებს ვარინერი. “მივხვდი, რომ ეს იყო გზა, გაგვეხსნა კაცობრიობის მთელი ისტორია მიკრობული კვლევებისთვის”.
მან დაიწყო გაქვავებული ნადებიდან გენეტიკური მასალის ამოღების მცდელობა. პირველი ექსპერიმენტები წარუმატებელი აღმოჩნდა. მეცნიერი ფიქრობდა, რომ მიზეზი უძველეს ნიმუშებში დნმ-ის მცირე რაოდენობა და დაბალი ხარისხი იყო. თუმცა, როდესაც მან ამოღებული დნმ-ის რაოდენობა შეამოწმა, აპარატმა შეცდომა აჩვენა – დნმ-ის კონცენტრაცია “ზედმეტად მაღალი” იყო.
“ამან თვალი ამიხილა”, – ამბობს ვარინერი. “მე აღმოვაჩინე უძველესი დნმ-ის უმდიდრესი წყარო მთელ არქეოლოგიურ მასალაში – ამ უბრალო, კბილებზე მიმხმარ ნარჩენში, რომელსაც თაობების განმავლობაში ყრიდნენ”.

ვარინერმა და მისმა კოლეგებმა სამხრეთ მექსიკაში, ტეპოსკოლულა-იუკუნდაას XVI საუკუნის მიქსტეკურ დასახლებაში, ინფექციური დაავადების უძველესი დნმ-ის მტკიცებულებები აღმოაჩინეს.
რას გვიყვება კბილის ნადები?
მას შემდეგ, რაც ვარინერმა და მისმა გუნდმა დნმ-ის ამოღების მეთოდები დახვეწეს, მათ ჩვენი წინაპრების ცხოვრების საოცარი დეტალების აღდგენა შეძლეს.
- უძველესი მენიუ: შუა საუკუნეების ადამიანების კბილის ნადების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი კვების რაციონი მცენარეულ და ცხოველურ საკვებს აერთიანებდა. მეცნიერებმა რძის ცილების კვალიც კი იპოვეს, რამაც აღმოსავლეთ აზიაში მერძევეობის წარმოშობის ისტორიას მოჰფინა ნათელი.
- დაავადებების ისტორია: მკვლევრებმა აღმოაჩინეს პათოგენური ბაქტერიებისა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გენების კვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რეზისტენტობის პოტენციალი თანამედროვე ანტიბიოტიკების გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მათ XVI საუკუნის მექსიკაში მომხდარი ეპიდემიის საიდუმლოც ამოხსნეს – მსხვერპლთა კბილის ნადებში მათ Salmonella enterica-ს დნმ აღმოაჩინეს და ეპიდემიის სავარაუდო გამომწვევი დაადგინეს.
- ქცევა და კულტურა: ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა XI-XII საუკუნეების გერმანელი ქალის კბილის ნადების ანალიზს უკავშირდება. მეცნიერებმა მასში ლაჟვარდის – ლურჯი პიგმენტის ნაწილაკები იპოვეს, რომელსაც შუა საუკუნეებში უძვირფასესი მანუსკრიპტების მოსახატად იყენებდნენ. ეს იყო პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაუპირისპირდა ისტორიულ შეხედულებას, თითქოს წიგნებს მხოლოდ მამაკაცი ბერები ქმნიდნენ და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ქალებიც იყვნენ ჩართულები.
ჩვენი უხილავი კომპანიონები
უძველესი და თანამედროვე ადამიანების პირის ღრუს მიკრობიომის შედარებამ აჩვენა, რომ ზოგიერთი ბაქტერია, მაგალითად Streptococcus-ის გვარის წარმომადგენლები, ათასობით წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად ვითარდებოდნენ. ეს მეცნიერებს ეხმარება, გაიგონ, როგორ შეიცვალა ჩვენი ჯანმრთელობა და რა ფაქტორები მოქმედებს პირის ღრუს ეკოსისტემაზე.
“ბევრმა ადამიანმა არ იცის, რამდენად ღირებულია მათი კბილის ნადები და რამდენი ინფორმაციაა მასში თქვენი ცხოვრების შესახებ”, – ამბობს ვარინერი. “ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, შემდეგ ჯერზე, როცა სტომატოლოგთან მიხვალთ, უბრალოდ დაფიქრდით ამაზე”.
მომზადებულია The Scientis-ის მიხედვით.
ასევე დაგაინტერესებთ:




