ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, ყოველ 30 წამში მსოფლიოში ერთი ადამიანი იღუპება ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის მძიმე დაავადებით. ამ გლობალური ტრაგედიის ფონზე, ცოტა ხნის წინ სამეცნიერო საზოგადოებამ კიდევ ერთი სიგნალი მიიღო: სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) D ჰეპატიტი (HDV) ოფიციალურად აღიარა კანცეროგენად – კიბოს გამომწვევ აგენტად.
მაგრამ რა იმალება ამ სამი ასოს მიღმა? D ჰეპატიტი არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ვირუსი. ეს არის ბიოლოგიური თავსატეხი, “მოჩვენება“ ვირუსულ სამყაროში, რომლის წარმოშობის ისტორია, შესაძლოა, სიცოცხლის საწყისებს უკავშირდებოდეს.
იდუმალი “დელტა“ აგენტი
ყველაფერი 1977 წლის გაზაფხულზე, იტალიის ქალაქ ტურინში დაიწყო. ახალგაზრდა ვირუსოლოგი მარიო რიცეტო (Mario Rizzetto) ასობით სისხლის ნიმუშს სწავლობდა B ჰეპატიტის უკეთ გასაანალიზებლად. ერთ-ერთი ნიმუშის მიკროსკოპში მან რაღაც უცნაური დაინახა. ეს არ იყო არც ჰეპატიტ A და არც B – ეს იყო სრულიად ახალი აგენტი, რომელსაც არავინ იცნობდა. თავდაპირველად მას “დელტა ანტიგენი“ უწოდეს, ხოლო მის მიერ გამოწვეულ ინფექციას – D ჰეპატიტი. ამ აღმოჩენამ მედიცინაში ახალი, ბევრად უფრო კომპლექსური თავი გადაშალა.
სატელიტური ვირუსის პარადოქსი: “პარაზიტი ვირუსზე“
რიცეტოს აღმოჩენიდან მალევე გაირკვა, რომ D ჰეპატიტი უნიკალური თვისებებით ხასიათდებოდა. ის არის სატელიტური ვირუსი – ეს ნიშნავს, რომ მას დამოუკიდებლად გამრავლება და ადამიანებს შორის გავრცელება არ შეუძლია. გადასარჩენად და გასამრავლებლად მას სხვა ვირუსი სჭირდება.
წარმოიდგინეთ პარაზიტი, რომელიც სხვა პარაზიტზე ცხოვრობს. D ჰეპატიტისთვის ასეთი “მასპინძელი“ სწორედ B ჰეპატიტის ვირუსია. HDV-ს აქვს საკუთარი გენეტიკური მასალა, მაგრამ არ გააჩნია უნარი, შექმნას საკუთარი დამცავი გარსი. ამიტომ ის მიდის ხრიკზე: “იპარავს“ B ჰეპატიტის ზედაპირულ ანტიგენს (HBsAg) და მას “სატრანსპორტო გარსად“ იყენებს. ამ შენიღბვით ის ახალი, ჯანმრთელი ღვიძლის უჯრედებში აღწევს.
ამ თვისების გამო მას “მოლეკულური მატარებლის მგზავრის“ სტატუსი მიანიჭეს – HDV მარტო ვერ მოგზაურობს, მაგრამ HBV-ისთან ერთად შორეულ მანძილებზეც კი აღწევს. სწორედ ამიტომ, D ჰეპატიტით დაავადება შეუძლებელია, თუ ადამიანს უკვე არ აქვს B ჰეპატიტი.
უჩვეულო გენეტიკური მემკვიდრეობა: მოგზაურობა შორეულ წარსულში
HDV-ის გენომი მეცნიერებისთვის ნამდვილ თავსატეხად იქცა. ის წარმოადგენს ერთძაფიან, რგოლისებურ რნმ-ს, რომელიც კომპაქტურად იკეცება რთულ სტრუქტურად. ასეთი მოლეკულური ფორმები გასაოცრად ჰგავს ვიროიდებს – მცენარეთა პათოგენურ მიკრო-რნმ აგენტებს, რომლებსაც ცილოვანი გარსი საერთოდ არ გააჩნიათ.
ამ მსგავსებამ გააჩინა ჰიპოთეზა, რომ HDV-ის წინაპარი შესაძლოა არსებობდა დედამიწაზე მილიარდობით წლის წინ, როგორც პრიმიტიული გენეტიკური მოლეკულა, და მოგვიანებით შეიძინა უნარი, ადამიანის უჯრედებში გამრავლებულიყო. მისი რეალური “დაბადების“ ისტორია უცნობია, თუმცა რამდენიმე სცენარი განიხილება:
ძველი თანაცხოვრება: HDV-ის მსგავსი რნმ მოლეკულა, შესაძლოა, უძველესი დროიდან არსებობდა ცხოველურ უჯრედებში და B ჰეპატიტის ინფექციამ მისცა მას გავრცელების საშუალება.
გადასვლა მცენარეებიდან: ზოგიერთი მეცნიერის აზრით, HDV-ის სტრუქტურის მსგავსება მცენარეულ ვიროიდებთან იმდენად დიდია, რომ არ არის გამორიცხული, ის ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივი გადამყვანი მექანიზმებით (მაგალითად, საკვებით) მოხვდა.
ევოლუციური გადმონაშთი: შესაძლოა, HDV “ძველი სამყაროს“ ვირუსული ფორმების გადარჩენილი ნიმუშია, რომელიც დღემდე გვიამბობს მიკროსკოპული სიცოცხლის ევოლუციურ ისტორიას.
სასიკვდილო საფრთხე: კოინფექცია და სუპერინფექცია
მიუხედავად მისი იდუმალი წარმოშობისა, D ჰეპატიტის კლინიკური საფრთხე სრულიად რეალურია. არსებობს ინფიცირების ორი სცენარი:
კოინფექცია: როდესაც ადამიანი ერთდროულად ინფიცირდება B და D ჰეპატიტით. ამ დროს ვითარდება მწვავე ჰეპატიტი, რომელიც ხშირად მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ ორგანიზმს აქვს შანსი, ორივე ვირუსი დაამარცხოს.
სუპერინფექცია: ეს ყველაზე საშიში სცენარია. როდესაც D ჰეპატიტი “ზემოდან ურთულდება“ უკვე არსებულ ქრონიკულ B ჰეპატიტს. D ვირუსი აგრესიულად იწყებს გამრავლებას, რაც იწვევს ღვიძლის ანთების მკვეთრ გამწვავებას და დაავადების სწრაფ პროგრესირებას.
სწორედ სუპერინფექცია ხსნის, თუ რატომ არის HDV ასეთი საშიში. B ჰეპატიტთან შედარებით, D ჰეპატიტის თანაარსებობა:
- სამჯერ უფრო სწრაფად იწვევს ღვიძლის ციროზის განვითარებას.
- ორიდან ექვსჯერ ზრდის ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.
გავრცელება და ქართული კონტექსტი
HDV დღეს ფართოდ გავრცელებულია მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც B ჰეპატიტი ენდემურია – ცენტრალური აზია, აფრიკის ზოგი ნაწილი, სამხრეთ ამერიკის ამაზონის რეგიონი და ახლო აღმოსავლეთი. ისტორიულად, მისი გავრცელება მჭიდროდ იყო დაკავშირებული სისხლის გადასხმასთან, არასტერილურ სამედიცინო ინსტრუმენტებთან და ინექციურ ნარკომანიასთან.
საქართველოშიც, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, HDV-ის გავრცელება განსაკუთრებით მაღალი იყო 1990-იან წლებში, როდესაც B ჰეპატიტის კონტროლის მექანიზმები შესუსტებული იყო, თუმცა, არც ახლა გვაქვს გასაოცარი ეპიდემიოლოგიური სურათი.
ბრძოლა ორმაგი საფრთხის წინააღმდეგ
HDV-ის აღმოჩენა არამხოლოდ ახალი დაავადების იდენტიფიკაცია იყო. ეს იყო შეხება სიცოცხლის ფორმებთან, რომლებიც ტრადიციულ ბიოლოგიურ კატეგორიებში ვერ თავსდება და გვახსენებს, რომ მიკროსკოპული სამყარო გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე გვგონია.
თუმცა, ამ ბრძოლაში ყველაზე მთავარი იარაღი ჩვენს ხელშია. D ჰეპატიტისგან თავდაცვის ერთადერთი საიმედო გზა B ჰეპატიტის პრევენციაა. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ეროვნული კალენდრის ნაწილია, ავტომატურად გვიცავს D ჰეპატიტის ამ ორმაგი დარტყმისგანაც.
B ჰეპატიტის ვაქცინაციის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სტატიას:
2024 წლიდან საქართველოში B ჰეპატიტის ელიმინაციის (მართვის) პროგრამა დაიწყო. ამ ბულზე ნახავთ დამატებით ინფორმაციას: https://gowell.ge/hepb/




