2024 წელს მონარქი პეპლების მასობრივი დახოცვის მიზეზი პესტიციდებით მოწამვლა გახდა – წერს Theguardian. და ეყრდნობა კვლევას, რომლის თანახმადაც, შემოწმებული 10 პეპლიდან თითოეულში საშუალოდ შვიდი სხვადასხვა პესტიციდი აღმოჩნდა.
ახალი რეცენზირებული კვლევის თანახმად, 2024 წელს კალიფორნიაში მონარქი პეპლების მასობრივი დახოცვა, სავარაუდოდ, პესტიციდებით მოწამვლამ გამოიწვია. ეს კვლევა ამატებს ძნელად მოსაპოვებელ მტკიცებულებებს იმ თეორიას, რომლის თანახმად, ბოლო ათწლეულებში მონარქების რიცხოვნობის დრამატული შემცირება ნაწილობრივ პესტიციდებითაა განპირობებული.
2024 წლის იანვარში, მკვლევრებმა გამოზამთრების ადგილის მახლობლად ასობით მკვდარი ან მომაკვდავი პეპელა აღმოაჩინეს. მკვლევრების თქმით, პეპლები კრუნჩხვით იკლაკნებოდნენ ან გროვებად ეყარნენ მკვდრები, რაც ნეიროტოქსიკური პესტიციდებით მოწამვლისთვის დამახასიათებელი ნიშნებია.
10 მწერის შემოწმებამ აჩვენა, რომ თითოეულ მათგანში საშუალოდ შვიდი სახეობის პესტიციდი იყო, ისეთი დოზით, რომელიც მკვლევართა ვარაუდით, ლეტალური იყო. იმის დამტკიცება, რომ პესტიციდები პეპლებს ველურ ბუნებაში კლავს, რთულია, რადგან მათი დახოცვისთანავე პოვნა და შემოწმება ჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ნიმუშების რაოდენობა შეზღუდულია, ავტორების თქმით, ეს აღმოჩენა “მნიშვნელოვან ინფორმაციას” გვაწვდის როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ისე პოპულაციის ზოგად შემცირებაზე.
“ამ ინციდენტმა მოგვცა იშვიათი შესაძლებლობა, რეალურ გარემოში პირდაპირ დაგვეფიქსირებინა პესტიციდების ზემოქმედება და მისი გავლენა მონარქებზე,” – თქვა სტეისი სიბოტიმ, კვლევის წამყვანმა ავტორმა, ენტომოლოგმა და “ქსერქსეს საზოგადოება უხერხემლოთა კონსერვაციისთვის” პესტიციდების პროგრამის სპეციალისტმა.
მან დაამატა: “მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიული კვლევები და პოპულაციის მოდელები აჩვენებს, რომ პესტიციდები საზიანოა მონარქებისთვის, ველურ ბუნებაში, ველურ პოპულაციებზე პესტიციდების გავლენის დაფიქსირება რთულია. ეს კვლევა სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ემსახურება.”
ბოლო ათწლეულებში აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში მონარქი პეპლების პოპულაციის 90%-მდე განადგურდა. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ამის გამომწვევი მიზეზებია პესტიციდები, კლიმატური კრიზისი და ჰაბიტატის დაკარგვა.
პეპლები იპოვეს “Pacific Grove Monarch Sanctuary”-ის (პასიფიკ გროუვის მონარქების ნაკრძალის) მიმდებარედ, რომელიც კალიფორნიის სანაპიროზე მდებარე 400-მდე გამოზამთრების ადგილიდან ერთ-ერთია და გადამწყვეტ როლს ასრულებს მონარქების მიგრაციულ და რეპროდუქციულ ციკლებში. “ქსერქსეს საზოგადოების” მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში პასიფიკ გროუვში დაახლოებით 6,600 პეპელა იზამთრებდა.
მიუხედავად იმისა, რომ შტატის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დახოცვის წყარო ვერ დაადგინა, პესტიციდების ნარჩენები მოსავალზე, გაზონებსა და დეკორატიულ ყვავილებზე მოწამვლის რისკს უქმნის როგორც მონარქის მატლებს, ისე ნექტრით მკვებავ ზრდასრულ პეპლებს. პესტიციდების ჩამონადენი წყლის მცირე ზომის წყაროებში, სადაც პეპლები მასობრივად სვამენ წყალს, ქმნის ისეთი მასობრივი დახოცვის რისკს, როგორიც პასიფიკ გროუვში მოხდა.
ყველა პეპელაში ერთი და იმავე სამი პირეტროიდის მაღალი დონე აღმოჩნდა. პირეტროიდები პესტიციდების კლასია, რომელიც კალიფორნიაში ფართოდ გამოიყენება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე საცხოვრებელ ტერიტორიებზე. საცხოვრებელ ზონებში მათი გამოყენების შესახებ მონაცემები არ აღირიცხება, და სიბოტის თქმით, ყველა ნიმუშში ერთი და იმავე ტიპის პირეტროიდების არსებობა მიუთითებს, რომ წყარო ახლომდებარე საცხოვრებელი ზონიდან მომდინარე დაბინძურებაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
მონარქებში აღმოჩენილი პირეტროიდების ზოგიერთი დონე ცნობილია, როგორც ლეტალური. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დახოცვას, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო რამდენიმე პესტიციდის კომბინირებულმა დონემაც. პესტიციდების კომბინაციებს შეიძლება ჰქონდეს სინერგიული ეფექტი, რაც მათ კიდევ უფრო ტოქსიკურს ხდის.
“გამოსავალი ნაკლები პესტიციდების გამოყენებაა,” – თქვა სიბოტიმ.
“ასეთი თავმოყრის მოვლენები მიგრაციული ციკლის განსაკუთრებით მგრძნობიარე ფაზებში ხდება, ამიტომ ამ პერიოდში პესტიციდებით ზემოქმედების შემცირება აუცილებელია არა მხოლოდ დაუყოვნებელი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, არამედ იმისთვისაც, რომ გაიზარდოს პოპულაციის მომდევნო გაზაფხულზე აღდგენის შანსი და ხელი შეეწყოს მის გრძელვადიან აღდგენას,” – განაცხადა სიბოტიმ.
მონარქი პეპლების, როგორც მნიშვნელოვანი დამმტვერავების, პოპულაციის შემცირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემის ჯანმრთელობასა და მცენარეთა მრავალფეროვნებას, რომლებიც მათზე არიან დამოკიდებული.
მიგრაციის ფენომენი შემთხვევით არ გვიხსენებია. ეს საოცარი ბუნებრივი მოვლენა მეცნიერთა აქტიური შესწავლის საგანია, რის შესახებაც მეტს National Geographic-ის ამ ძალიან საინტერესო სტატიიდან შეიტყობთ:
ასევე დაგაინტერესებთ: https://youtu.be/ozWgBrXYZys?si=5xCLMv8DZ9GMIaB5




