2025 წლის გადასახედიდან, ეს წელი გლობალური ჯანდაცვისთვის დიდი მიღწევებითა და სერიოზული გამოწვევებით გამოირჩეოდა. დაფინანსების მნიშვნელოვანი შემცირებისა და მეცნიერებისა თუ სოლიდარობის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების მიუხედავად, ჯანმო (WHO) განაგრძობდა ლიდერობას და გლობალურ ძალისხმევას თანამედროვეობის უდიდეს ჯანმრთელობის პრობლემებთან საბრძოლველად.
მთავრობების მიერ მსოფლიოში პირველი “პანდემიის შეთანხმების” მიღებითა და სიცოცხლის გადამრჩენელ მედიკამენტებზე წვდომის გაზრდით დაწყებული, კლიმატთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მოგვარებით დამთავრებული – ჯანმომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცებულებების ცენტრალური როლი ჯანდაცვაში და ორგანიზაციის მუდმივი მნიშვნელობა ყველა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ყველგან.
გამარჯვებები დაავადებების კონტროლის კუთხით
მრავალი გამოწვევის ფონზე, 2025 წელს მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს დაავადებების კონტროლისა და აღმოფხვრის მიმართულებით.
დაავადების დედიდან შვილზე გადაცემის აღმოფხვრა
მალდივები გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიაღწია “სამმაგ აღმოფხვრას” – აივ ინფექციის, სიფილისისა და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის კუთხით. ბრაზილიამ ასევე აღმოფხვრა აივ ინფექციის დედიდან შვილზე გადაცემის შემტხვევები, რითაც ის გახდა ამერიკის კონტინენტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, რომელმაც ამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.
ტრაქომის, ძილის დაავადებისა და მდინარის სიბრმავის აღმოფხვრა
ბურუნდიმ, ეგვიპტემ და ფიჯიმ ტრაქომა აღმოფხვრეს, ხოლო გვინეამ და კენიამ – ძილის დაავადება. ნიგერია გახდა პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც მდინარის სიბრმავე (ონქოცერკოზი)ჯუუ09ნ 8რტგვ დაამარცხა. ჯანმოს “გლობალური ანგარიში უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადებების (NTDs) შესახებ” აჩვენებს, რომ 2010 წლიდან 32%-ით შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მკურნალობა სჭირდება, ხოლო 2023 წელს მკურნალობა 867 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობის კლება
ტუბერკულოზით (TB) გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა; ჯანმოს აფრიკისა და ევროპის რეგიონებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაჩვენებელი 46%-ით და 49%-ით დაეცა. თუმცა, 2024 წელს ტუბერკულოზმა 1.2 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, რაც ხაზს უსვამს რისკ-ფაქტორების (აივ ინფექცია, დიაბეტი, თამბაქოს მოწევა და არასრულფასოვანი კვება) მოგვარების საჭიროებას.
პროგრესი მალარიის კონტროლში
2025 წელს საქართველო, სურინამი და აღმოსავლეთ ტიმორი მალარიისგან თავისუფალ ზონებად გამოცხადდა, ხოლო აფრიკის კიდევ 7-მა ქვეყანამ დანერგა მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინები, რაც ბავშვთა გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესია. ჯამში ეს რიცხვი 24 ქვეყანას აღწევს და წლიურად 10 მილიონზე მეტ ბავშვს ფარავს. ახალი საშუალებების ფართო გამოყენებამ (მათ შორის ორკომპონენტიანი ბადეები და ჯანმოს მიერ რეკომენდებული ვაქცინები), 2024 წელს დაახლოებით 170 მილიონი შემთხვევა და 1 მილიონი გარდაცვალება აგვაცილა თავიდან.
ვაქცინაციის პროგრამების გაფართოება
ჯანმოსა და პარტნიორების მხარდაჭერით, ქვეყნები აგრძელებენ ვაქცინაციის პროგრამების გაფართოებას ისეთი დაავადებებისგან დასაცავად, როგორიცაა მენინგიტი, პნევმოკოკური დაავადება, პოლიომიელიტი, როტავირუსი და HPV (ადამიანის პაპილომავირუსი – საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი გამომწვევი). 17 ნოემბერს, საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის მსოფლიო დღეს, ჯანმომ და პარტნიორებმა გამოაცხადეს, რომ 86 მილიონი გოგონა აიცრა HPV-ს წინააღმდეგ. 2025 წელს ქვეყნებმა – მათ შორის ბუტანმა, ბრაზილიამ, ჩინეთმა, ინდონეზიამ, ნიგერიამ, ტაჯიკეთმა, პაკისტანმა და რუანდამ – გააფართოვეს HPV ვაქცინაცია და სკრინინგი, რითაც მსოფლიო მიუახლოვდა საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრას.
გლობალური იმუნიზაციის ძალისხმევის შედეგად, 2000-2024 წლებში წითელათი გარდაცვალების მაჩვენებელი 88%-ით შემცირდა; 2000 წლიდან წითელას ვაქცინამ 59 მილიონამდე სიცოცხლე გადაარჩინა. მიუხედავად სიკვდილიანობის კლებისა, წითელას შემთხვევები მსოფლიოში იზრდება – 2024 წელს დაახლოებით 11 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 800 000-ით მეტია 2019 წლის (პანდემიამდე) მაჩვენებელზე. გადაცემის შესაჩერებლად და საზოგადოების დასაცავად ამ ძლიერ გადამდები ვირუსისგან საჭიროა ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის სულ მცირე 95%-ის მოცვა.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ჩვილების 89%-მა მიიღო დიფთერიის, ტეტანუსისა და პოლიომიელიტის (DTP) საწინააღმდეგო სულ მცირე ერთი დოზა, 2024 წელს 20 მილიონი ბავშვი დარჩა აუცილებელი ვაქცინების გარეშე კონფლიქტების, მომარაგების შეფერხებისა და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის ზრდის გამო.
უფრო ჯანსაღი ცხოვრება
ჯანმოს “მსოფლიო ჯანმრთელობის სტატისტიკა 2025”-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ 1.4 მილიარდით მეტი ადამიანი ცხოვრობს უფრო ჯანსაღად თამბაქოს მოხმარების შემცირების, სუფთა ჰაერის, უკეთესი წყლისა და სანიტარიის წყალობით. აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის მაჩვენებლები იკლებს და ნაკლებ ადამიანს სჭირდება მკურნალობა უგულებელყოფილი ტროპიკული დაავადებების გამო.
ამ წარმატებების მიუხედავად, აუცილებელი ჯანდაცვის სერვისებით მოცვისა და საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის კუთხით პროგრესი ჯერ კიდევ ფერხდება. დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა არ მცირდება იმ ტემპით, რაც გლობალური მიზნების მისაღწევადაა საჭირო. ორი ათწლეულის მნიშვნელოვანი მიღწევების შემდეგ, პირველადი ჯანდაცვის არასაკმარისი დაფინანსება და ხარვეზები მომსახურებაში – მათ შორის იმუნიზაციასა და უსაფრთხო მშობიარობაში – წინსვლას აფერხებს.
2025 წელს დაფინანსების შემცირებამ სერიოზულად შეაფერხა ისეთი სერვისები, როგორიცაა დედათა ზრუნვა, ვაქცინაცია, აივ პრევენცია და დაავადებებზე ზედამხედველობა. მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამ შეკვეცებმა 2030 წლისთვის შესაძლოა გამოიწვიოს აივ ინფექციის 4-10 მილიონი ახალი შემთხვევა და 3 მილიონი გარდაცვალება. ფინანსური უკუსვლის მიუხედავად, აივ ინფექციაზე გლობალურმა რეაგირებამ ახალი იმპულსი შეიძინა მას შემდეგ, რაც ჯანმომ პრევენციისთვის წელიწადში ორჯერ გასაკეთებელი საინექციო პრეპარატი “ლენაკაპავირი” დაამტკიცა. ჯანმო ეხმარება ქვეყნებს სიტუაციასთან ადაპტაციაში ხარისხიანი მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური საშუალებების ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერითა და დაბალბიუჯეტიანი აივ-ტესტების რეკომენდაციით.
ჯანმოს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მთავარმა კამპანიამ – “ჯანსაღი დასაწყისი, იმედიანი მომავალი” – მოუწოდა მთავრობებსა და ჯანდაცვის საზოგადოებას, გააძლიერონ ძალისხმევა დედათა და ახალშობილთა პრევენციადი სიკვდილიანობის დასასრულებლად და პრიორიტეტად აქციონ ქალთა გრძელვადიანი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
ქალებსა და ოჯახებს ყველგან სჭირდებათ მაღალი ხარისხის ზრუნვა, რომელიც მათ ფიზიკურად და ემოციურად დაეხმარება მშობიარობამდე, მშობიარობის პროცესში და მის შემდეგ. ჯანდაცვის სისტემები უნდა განვითარდეს, რათა მართონ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობაზე მოქმედი მრავალი პრობლემა. ეს მოიცავს არა მხოლოდ უშუალო სამეანო გართულებებს, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, არაგადამდებ დაავადებებსა და ოჯახის დაგეგმვას. კამპანია ითხოვს ისეთ ინვესტიციებს, რომელთაც შედეგი მოაქვს: დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობაში ჩადებული ყოველი 1 აშშ დოლარი, სავარაუდოდ, 9-20 დოლარის უკუგებას იძლევა.
სამართლიანი ჯანდაცვის სისტემებისკენ
2000 წლიდან მოყოლებული, ქვეყნების უმეტესობამ – მიუხედავად რეგიონისა და შემოსავლის დონისა – პროგრესს მიაღწია ჯანდაცვის სერვისებით მოცვის გაფართოებასა და სამედიცინო ხარჯებთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შემცირებაში, – როგორც ამას ჯანმოსა და მსოფლიო ბანკის 2025 წლის უახლესი ანგარიში იუწყება. ამასთანავე, 2000-2022 წლებში 34%-დან 26%-მდე შემცირდა იმ ადამიანთა წილი, რომლებიც ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდიან ჯანდაცვაში საკუთარი ჯიბიდან გადახდილი დიდი და გამაღატაკებელი თანხების გამო.
უღარიბეს მოსახლეობას კვლავ ყველაზე მძიმე ტვირთი აწევს – 1.6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში ან უფრო ღრმად ეფლობა მასში ჯანდაცვის მიუწვდომელი ხარჯების გამო. ჯანმო მოუწოდებს სიღარიბესა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფთათვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უფასოდ მიწოდებისკენ; ასევე, ჯანდაცვის სისტემებსა და ქრონიკული დაავადებების მართვაში სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდისკენ, რათა შემცირდეს მედიკამენტებსა და სხვა ხარჯებზე საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხები.
ჯანმოს პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოში ჯანდაცვის მუშაკების დეფიციტი 11.1 მილიონს მიაღწევს. თუმცა მსოფლიოში ექთნების რაოდენობა თითქმის 30 მილიონამდე გაიზარდა, ქვეყნებს შორის ამ მხრივ დიდი უთანასწორობაა. საექთნო პერსონალის გაძლიერება და მხარდაჭერა გადამწყვეტია მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაზრდელად ბევრ სფეროში.
ჯანდაცვის დაფინანსების მკვეთრი შემცირების ფონზე, ჯანმომ ქვეყნებს მისცა რეკომენდაციები თვითკმარი და მდგრადი დაფინანსების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ჯანმომ, მსოფლიო ბანკის ჯგუფთან და იაპონიის მთავრობასთან ერთად, ტოკიოში გახსნა “UHC Knowledge Hub” (საყოველთაო ჯანდაცვის ცოდნის ჰაბი). მისი მიზანია პოლიტიკის განმსაზღვრელთა შორის შესაძლებლობების გაძლიერება, ცოდნის გაზიარება და თანამშრომლობა, რათა გაუმჯობესდეს შიდა თუ საერთაშორისო ჯანდაცვის დაფინანსების სამართლიანობა, შესაბამისობა და ეფექტიანობა მათ ქვეყნებში.
ისტორიული ვალდებულება არაგადამდებ დაავადებებთან საბრძოლველად
ეს გამორჩეული წელი იყო არაგადამდები დაავადებებისა (NCDs) და ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალური ადვოკატირებისთვის. არაგადამდები დაავადებები – მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები – სიკვდილიანობის, ავადობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მთავარი მიზეზია. პანდემიასთან დაუკავშირებელი გარდაცვალების შემთხვევების 75%-ზე მეტი არაგადამდებ დაავადებებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდება, ხოლო ნაადრევი სიკვდილიანობის 86% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებმა მიიღეს დღემდე ყველაზე ძლიერი პოლიტიკური დეკლარაცია არაგადამდებ დაავადებებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დეკლარაცია სახავს ახალ ხედვას, რომელიც 2030 წლისთვის ამბიციურ და დაჩქარებულ მიზნებს ეფუძნება: 150 მილიონით ნაკლები თამბაქოს მომხმარებელი, 150 მილიონით მეტი ადამიანი მართული ჰიპერტენზიით და 150 მილიონით მეტი ადამიანი, ვისაც მიუწვდება ხელი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე.
იყო ბევრი წარმატებული მაგალითი: ჯანმომ გამოყო 4 ქვეყანა – ავსტრია, ნორვეგია, ომანი და სინგაპური – სურსათიდან ინდუსტრიული ტრანსცხიმების აღმოფხვრის მცდელობისთვის. ახლა თითქმის 60 ქვეყანას აქვს ტრანსცხიმებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის პოლიტიკა, რაც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს ფარავს.
მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიმსუქნით – ქრონიკული, მორეციდივე დაავადებით, რომელიც ხელს უწყობს არაგადამდებ დაავადებებს და ამძიმებს ინფექციური დაავადებების შედეგებს. ამ მთავარ გამოწვევაზე საპასუხოდ, ჯანმომ გამოსცა პირველი რეკომენდაციები სიმსუქნის მკურნალობისა და წონის კლებისთვის “გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის” (GLP-1) თერაპიის გამოყენების შესახებ.
2010 წლის შემდეგ თამბაქოს თავი დაანება 120 მილიონზე მეტმა ადამიანმა – რაც 27%-იანი კლებაა – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების წყალობით. თუმცა, მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული ადამიანი კვლავ მოიხმარს თამბაქოს, რაც ყოველწლიურად მილიონობით პრევენციად გარდაცვალებას იწვევს. ხოლო თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ელექტრონული სიგარეტების აგრესიული მარკეტინგი ახალგაზრდებში ნიკოტინზე დამოკიდებულების ახალ ტალღას აღვივებს, რაც ათწლეულების პროგრესს საფრთხეს უქმნის.
ჯანმოს “თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია” – რომელმაც წელს 20 წლის იუბილე აღნიშნა – არის ჯანმოს მიერ შემუშავებული პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება. ის ახლა მსოფლიო მოსახლეობის 90%-ზე მეტს ფარავს ისეთი ზომებით, როგორიცაა თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი კანონები, გრაფიკული გამაფრთხილებელი ნიშნები და გადასახადების ზრდა.
ჯანმო ხელმძღვანელობს ინიციატივას “WHO 3 by 35”. ეს არის გაბედული გლობალური მცდელობა, შეამციროს სამი მავნე პროდუქტის – თამბაქოს, ალკოჰოლისა და შაქრიანი სასმელების – მოხმარება გადასახადების გაზრდის გზით, რამაც 2035 წლისთვის შესაძლოა 1 ტრილიონი აშშ დოლარის საბიუჯეტო შემოსავალი მოიტანოს.
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანის უფლებაა
ჯანმო განაგრძობს ფსიქიკური ჯანმრთელობის, როგორც ადამიანის უფლების დაცვას. მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა მათ უმრავლესობას მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება. ახალგაზრდებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სუიციდია. ჯანმო მოუწოდებს ყველას სერვისებში ინვესტირებისკენ, პირველად ჯანდაცვაში მათი ინტეგრაციისკენ და სტიგმის შემცირებისკენ; პარალელურად კი, გლობალურად აფართოებს ინიციატივას “QualityRights”.
საგანგებო სიტუაციებში მყოფი ყოველი მეხუთე ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დგას – თუმცა მათგან ბევრი საერთოდ ვერ იღებს დახმარებას. ჯანმოს მხარდაჭერით, ქვეყნების 71%-ს აქვს კოორდინირებული მექანიზმი, რათა საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანებმა მიიღონ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. ჯანმო აქტიურად უჭერს მხარს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებს 40-ზე მეტ საგანგებო სიტუაციაში. ამისთვის იყენებს 600 სპეციალისტისგან შემდგარ ჯგუფს და გასცემს რეკომენდაციებს პრიორიტეტულ ქმედებებზე, რათა აუცილებელი დახმარება მივიდეს მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
მეცნიერება და სოლიდარობა
ჯანმო ეყრდნობა უახლეს სამეცნიერო მტკიცებულებებს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ახალ თერაპიებზე, დიაგნოსტიკასა და ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. როდესაც გავრცელდა მცდარი მტკიცებები ვაქცინებისა და აუტიზმის კავშირის შესახებ, ჯანმომ შეკრიბა მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ვაქცინაციის დარგში დამოუკიდებელი სამეცნიერო რჩევის მისაღებად. მათმა დასკვნებმა დაადასტურა, რომ ვაქცინებსა და აუტიზმს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს.
2025 წელს ჯანმომ გამოსცა მტკიცებულებებზე დაფუძნებული უახლესი რეკომენდაციები პრაქტიკის გასაუმჯობესებლად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მენინგიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, ორსულთა დიაბეტი, დღენაკლული ბავშვების გადასარჩენად “კენგურუს მეთოდის” გამოყენება, ბავშვებზე მორგებული კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტები და უსაფრთხო სმენა ვიდეოთამაშების დროს. ოქტომბერში ჯანმომ აამოქმედა “გლობალური კლინიკური კვლევების ფორუმი” ეთიკური და ინკლუზიური კვლევების წასახალისებლად.
სწრაფად განვითარებადი ციფრული ტექნოლოგიები და ჯანდაცვის ინოვაციები ცვლის სამედიცინო მომსახურების მიწოდების, მართვისა და შეფასების გზებს. ჯანმო ხელს უწყობს თავსებადობისა და მონაცემთა გაზიარების სტანდარტების დანერგვას და კრებს წამყვან ექსპერტებს, რათა ქვეყნებს მისცენ რჩევები ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
ჯანმოს ღრმად სწამს ციფრული ადვოკატირების ძალის და უზრუნველყოფს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ზუსტ და გასაგებ ინფორმაციაზე, რაც მათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ჯანმოს სოციალური მედიის საზოგადოება უკვე 82 მილიონ ადამიანს ითვლის, ჩვენს ვებგვერდს კი დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. მადლობას ვუხდით ჩვენს აუდიტორიას სანდო სამეცნიერო ინფორმაციისა და სიცოცხლის გადამრჩენელი რჩევების გაზიარებისა და გავრცელებისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე დამტკიცებული “ტრადიციული მედიცინის გლობალური სტრატეგია 2025–2034” მიზნად ისახავს მყარი მტკიცებულებების შეგროვებას ტრადიციული მედიცინის უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტიანობის შესახებ, რათა მოხდეს მისი ინტეგრირება ჯანდაცვის სისტემებში. ტრადიციული მედიცინის მეორე გლობალურმა სამიტმა, რომელიც ინდოეთის მთავრობასთან ერთად ჩატარდა, გააერთიანა უძველესი ცოდნა და უახლესი მტკიცებულებები თუ ინოვაციები, რათა მივიღოთ უფრო უსაფრთხო, გონივრული და მდგრადი გადაწყვეტილებები ჯანდაცვაში.
უწყვეტი განათლება ჯანდაცვაში
ფუნქციონირების პირველი სრული წლის განმავლობაში, ჯანმოს აკადემიამ გააფართოვა მოქმედების არეალი და “ჯანმოს აკადემიის ონლაინ სწავლების პლატფორმაზე” 20-ზე მეტ ენაზე 250-ზე მეტი კურსი გახადა ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი კურსი – “QualityRights ფსიქიკურ ჯანმრთელობაში” – 17 ენაზეა ხელმისაწვდომი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი გლობალური წვდომა და გავლენა.
მიღწევებს შორისაა 16 ფრანგულენოვანი ქვეყნის ექსპერტების გადამზადება ციფრული ჯანდაცვის ეროვნულ დაგეგმვაში და “პირველადი ჯანდაცვის გლობალური ლიდერობის” კურსის გაშვება, რომელშიც 77 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჯანმოს აკადემიის ხარისხის სტანდარტები უზრუნველყოფს, რომ სასწავლო შეთავაზებები იცავდეს ჯანმოს ღირებულებებს, პრინციპებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს; ამასთან, ხელს უწყობდეს თანასწორობას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას.
ოქტომბერში ჯანმოს აკადემიის პლატფორმაზე, როგორც გამოყოფილი სასწავლო სივრცე, განახლდა “წყნარი ოკეანის ჯანდაცვის ღია სწავლების ქსელი”.
ურბანული ჯანმრთელობა და კლიმატური ქმედებები
4.4 მილიარდზე მეტი ადამიანი – მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი – ურბანულ დასახლებებში ცხოვრობს და პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის 70%-მდე გაიზრდება. ქალაქები ჯანმრთელობის ისეთი რისკების წინა ხაზზეა, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, არაუსაფრთხო ტრანსპორტი, ცუდი საცხოვრებელი პირობები და კლიმატური საფრთხეები. ურბანული ჯანმრთელობის დაგეგმვის ახალ სახელმძღვანელოში ჯანმო მთავრობებს პრაქტიკულ რჩევებს აძლევს უფრო ჯანსაღი და მდგრადი ქალაქის ცხოვრებისთვის.
“Lancet Countdown 2025”-მა გაგვაფრთხილა, რომ კლიმატის ცვლილებაზე უმოქმედობა მილიონობით ადამიანს კლავს და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული კლიმატური პოლიტიკისკენ მოგვიწოდა. ჯანმო მხარს უჭერს სუფთა ჰაერს, გამძლე ჯანდაცვის სისტემებსა და მდგრად გადაწყვეტილებებს ადამიანებისა და პლანეტის დასაცავად. ბრაზილიაში გამართულ COP30-ზე, ჯანმომ წარმოადგინა მტკიცებულებები კლიმატის ცვლილების გავლენაზე ჯანმრთელობაზე და დაუყოვნებლივი მოქმედებისკენ მოუწოდა სწრაფად დათბობად სამყაროში ჯანმრთელობის დასაცავად.
ჯანმომ და ბრაზილიამ გამოაქვეყნეს მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც აჩვენებს, როგორ გაამწვავა კლიმატის ცვლილებამ გლობალური ჯანდაცვის კრიზისი; უკიდურესი სიცხე წელიწადში 540 000-ზე მეტ სიკვდილს იწვევს, ხოლო ყოველი 12 საავადმყოფოდან 1 კლიმატთან დაკავშირებული დახურვის რისკის ქვეშაა. ახლახან ამოქმედებულ “ბელემის ჯანდაცვის სამოქმედო გეგმაზე” დაყრდნობით, ანგარიში ხაზს უსვამს ერთმანეთთან გადაჯაჭვულ რისკებს – ტემპერატურის მატებიდან დაწყებული, სუსტი ჯანდაცვის სისტემებითა და ღრმა უთანასწორობით დამთავრებული; ხოლო თანმხლები ანგარიში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნავს. ერთობლივად, ისინი “ბელემის გეგმას” მტკიცებულებებად და პრაქტიკულ გზებად აქცევენ, რითაც COP30 გადამწყვეტ მომენტად ფიქსირდება – როცა მსოფლიოს უკვე ჰქონდა ინსტრუმენტები, რათა სამეცნიერო გაფრთხილებები რეალურ ქმედებად ექცია.
ისტორიული ნაბიჯი: პანდემიის შეთანხმება
2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიაზე ქვეყნების მიერ პირველი “პანდემიის შეთანხმების” მიღება იყო. ჯანდაცვის საერთაშორისო წესებში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, ეს უმნიშვნელოვანესი შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ მომავალი პანდემიის საფრთხისას მსოფლიოში ხალხი უკეთ იყოს დაცული.
შეთანხმება ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და მყარი დასტურია იმისა, რომ ერთად მუშაობით უფრო ძლიერები და დაცულები ვართ. ის ხელს უწყობს ვაქცინებზე, მედიკამენტებსა და დიაგნოსტიკურ საშუალებებზე უფრო სამართლიან ხელმისაწვდომობას. ის ასევე გზას უხსნის პათოგენების გაზიარების სისტემის შექმნას კვლევებისა და მზადყოფნის გასაუმჯობესებლად; ეს წინადადება 2026 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაზე წარდგება.
“ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ჯანმოს პანდემიის შეთანხმების მიღება იყო – ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს მრავალმხრივ თანამშრომლობას, როდესაც ქვეყნები დაყოფას ერთად მუშაობას ამჯობინებენ.”
დოქტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი
კრიზისების შეჩერება მათ დაწყებამდე
ჯანმოს პანდემიისა და ეპიდემიის დაზვერვის ჰაბი ბერლინში აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, რათა დაეხმაროს ქვეყნებს ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადებაში. მისი უახლესი მიღწევაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების გლობალური ადრეული გამოვლენისთვის განკუთვნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმის განახლებული ვერსიის გაშვება; ეს არის სისტემა – “ეპიდემიური დაზვერვა ღია წყაროებიდან”.
ეს სისტემა, რომელსაც 110-ზე მეტი ქვეყანა და 30 ორგანიზაცია თუ ქსელი იყენებს, საშუალებას აძლევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფებს, სწრაფად ამოიცნონ ჯანმრთელობის ახალი საფრთხეები და თვალყური ადევნონ მიმდინარე მოვლენებს – იქნება ეს კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება, თუ ახალი და ხელახლა აღმოცენებული პათოგენები. 2025 წელს ჯანმომ დაფიქსირებული 1.2 მილიონი სიგნალიდან დაახლოებით 500 ჯანმრთელობის საფრთხე შეაფასა და გადაამოწმა. ჯანმო თანამშრომლობდა ქვეყნებთან ამ მოვლენებიდან 450-ზე რეაგირებისთვის, რითაც თავიდან აიცილა დაავადების გავრცელება და გადაარჩინა სიცოცხლეები.
რეაგირებისთვის ქვეყნების უკეთ მოსამზადებლად, ჯანმო კრებს მეცნიერებს, მკვლევრებსა და ტექნიკურ ექსპერტებს, რათა დააჩქაროს ტესტების, სამკურნალო საშუალებებისა და ვაქცინების შექმნა. ერთი კონკრეტული მაგალითია “WHO BioHub” (ბიოჰაბი) – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ქვეყნები ერთმანეთს უზიარებენ ეპიდემიური და პანდემიური პოტენციალის მქონე ბიოლოგიურ მასალებს კვლევების წინ წასაწევად და საგანგებო სიტუაციებისთვის მოსამზადებლად. წელს ბიოჰაბმა თავის კოლექციას MERS-ისა და ოროპუჩეს ვირუსები დაამატა.
ამის შესავსებად, “ეპიდემიების კვლევისა და განვითარების გეგმამ” (R&D Blueprint) გააერთიანა გლობალური ექსპერტიზა, რათა პრიორიტეტული გაეხადა კვლევები და ამოევსო მზადყოფნის ხარვეზები მაღალი რისკის პათოგენებისთვის, მათ შორის ფრინველის გრიპის, რიფტის ველის ცხელების, ოროპუჩეს დაავადებისა და ებოლას მიმართულებით.
ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციებზე განგაშისა და რეაგირების ახალი ეროვნული ჩარჩო ეხმარება ქვეყნებს, აღმოაჩინონ აფეთქებები 7 დღის განმავლობაში და დაასრულონ ადრეული რეაგირების ქმედებები 14 დღეში.
“პოლარისის წვრთნები” – გლობალური სიმულაცია, რომელშიც 15 ქვეყანა მონაწილეობდა – ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ეს იყო ჯანმოს გუნდების მიერ მართული დაახლოებით 50 სიმულაციური წვრთნიდან მხოლოდ ერთ-ერთი. ეს წვრთნები ეხმარება ჯანმოსა და პარტნიორებს სისტემების შემოწმებასა და გაუმჯობესებაში, რათა კრიზისის დროს მათ უფრო გამართულად იმუშაონ.
წელს ასევე ძალაში შევიდა ცვლილებები “ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებში”, რაც მოიცავს განგაშის ახალი დონის – “პანდემიური საგანგებო სიტუაციის” შემოღებას უფრო ძლიერი თანამშრომლობის ასამოქმედებლად. უახლესი ცვლილებები წარმოადგენს განახლებულ გლობალურ ვალდებულებას თანამშრომლობისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების დროს, რაც COVID-19-ის პანდემიის შედეგად მიღებულ მძიმე გაკვეთილებს ეფუძნება.
სწრაფი რეაგირება აფეთქებებზე
როდესაც 2025 წლის იანვარში უგანდაში სუდანის ვირუსული დაავადება გაჩნდა, ჯანმომ ოთხ დღეში უზრუნველყო ახალი კანდიდატი ვაქცინის კლინიკური კვლევის დაწყება – რაც ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია აფეთქებების ისტორიაში. ჯანმო ასევე დაეხმარა მთავრობებსა და პარტნიორებს ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკასა და ეთიოპიაში მარბურგის ვირუსული დაავადების აფეთქებებზე რეაგირებაში.
4 სექტემბერს კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ებოლას აფეთქება გამოაცხადა. 112 ექსპერტისა და წინა ხაზზე მომუშავე პირის სწრაფმა მობილიზებამ, 150 ტონაზე მეტი სამედიცინო მარაგისა და აღჭურვილობის გაგზავნამ და 47 000-ზე მეტი ადამიანის ვაქცინაციამ შესაძლებელი გახადა აფეთქების წარმატებით შეკავება 6 კვირაში. აფეთქების დროს პირველად ამოქმედდა ინოვაციური სამკურნალო განყოფილება, რომელიც ჯანმომ მსოფლიო სასურსათო პროგრამასა და პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტთა მოვლა.
მეორე დღეს, 5 სექტემბერს, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა, რომ mpox-ის (მაიმუნის ყვავილი) შემთხვევების მატება აღარ წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობას. 1.1 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გადანაწილდა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის დასაცავად აფრიკის 11 ქვეყანაში, სადაც mpox-ით გლობალური ინფიცირების 80% ფიქსირდებოდა.
სიცოცხლის გადამრჩენელი დახმარება
კატასტროფებმა მსოფლიოს მრავალ კუთხეში იმოქმედა ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჯანმომ მიაწოდა მედიკამენტები, დაეხმარა საავადმყოფოებს მუშაობის გაგრძელებაში, ჩაერთო ვაქცინაციის კამპანიებში და იზრუნა, რომ ხალხს კვლავ ჰქონოდა წვდომა ჩვეულებრივ სამედიცინო სერვისებზე – რადგან ბავშვები მაინც უნდა დაიბადონ, გულის შეტევები თავიდან უნდა ავიცილოთ, დიაბეტს კი მკურნალობა სჭირდება საგანგებო სიტუაციების დროსაც კი.
წელს ჯანმოს საგანგებო სიტუაციების ფონდიდან სწრაფად გამოიყო 29 მილიონი აშშ დოლარი 30 ქვეყანაში კრიზისებზე რეაგირებისთვის.
2025 წლის განმავლობაში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის უკიდურესად რთული პირობების მიუხედავად, ჯანმო განაგრძობდა სიცოცხლის გადამრჩენელი დახმარების მიწოდებას მსოფლიოს ყველაზე მიუწვდომელ და სახიფათო ადგილებში. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით აუცილებელი სერვისების შესანარჩუნებლად, იმუნიზაციის აღსადგენად, ტრავმების სამართავად და სხვა სერვისების მისაწოდებლად; მათ შორის იყო დედათა ზრუნვა და აუცილებელი მედიკამენტები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, დიაბეტის) მქონე ადამიანებისთვის. ჯანმოს მხარდაჭერით მოქმედმა საგანგებო სამედიცინო ჯგუფებმა უმძიმეს პირობებში 1.6 მილიონი კონსულტაცია გასწიეს.
მიანმარში მომხდარი მიწისძვრების საპასუხოდ, პაციენტების ნაკადით გადატვირთული საავადმყოფოების დასახმარებლად ჯანმომ 170 ტონა მედიკამენტი, სამედიცინო აღჭურვილობა და კარავი გაგზავნა. ასევე, ჯანმომ კოორდინაცია გაუწია ადგილზე 20-ზე მეტი საგანგებო სამედიცინო ჯგუფის მუშაობას.
კონფლიქტმა გაანადგურა ჯანდაცვის სერვისები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ღაზაში, ჰაიტიზე, სირიაში, სუდანსა და უკრაინაში. 17 დეკემბრის მონაცემებით, წლის განმავლობაში დაფიქსირდა ჯანდაცვაზე (დაწესებულებებზე, პერსონალზე, პაციენტებზე, მარაგებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებზე) თავდასხმის 1283 შემთხვევა, რასაც ჯანდაცვის მუშაკებსა და პაციენტებს შორის 1980 გარდაცვალება და 1163 დაზიანება მოჰყვა.
ღაზაში, 2023 წლის ოქტომბერში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ჯანმომ საავადმყოფოებს, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და პარტნიორებს 2500 ტონაზე მეტი სამედიცინო მარაგი და 18 მილიონი ლიტრი საწვავი მიაწოდა. ჯანმომ ასევე კოორდინაცია გაუწია “ჯანდაცვის კლასტერის” 80-ზე მეტ პარტნიორს, რომლებმაც ღაზაში 15 მილიონამდე სამედიცინო კონსულტაცია გასწიეს. ორგანიზაციამ პრიორიტეტად დაისახა კრიტიკული სერვისების აღდგენა – საავადმყოფოების რეაბილიტაცია (36 საავადმყოფოდან დაახლოებით ნახევრისთვის ნაწილობრივი ფუნქციონირების შენარჩუნება), საგანგებო სამედიცინო ჯგუფების გაგზავნა და 8000-ზე მეტი მძიმე პაციენტის სამედიცინო ევაკუაციის მხარდაჭერა 30 ქვეყანაში. 2025 წლის ოქტომბრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნარჩუნდება, თუმცა ჯანდაცვის საჭიროებები კვლავ უზარმაზარია. ჯანმო მხარს უჭერს ჯანდაცვის სისტემის რეკონსტრუქციასა და აღდგენას, რის ფარგლებშიც 27 სამედიცინო დაწესებულება ხელახლა გაიხსნა.
“აფეთქებებზე განგაშისა და რეაგირების გლობალურმა ქსელმა” (GOARN) 25 წლის იუბილე აღნიშნა. 300-ზე მეტი ინსტიტუციის გამაერთიანებელმა ქსელმა წელს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მხარდასაჭერად 160-ზე მეტი ექსპერტი გაგზავნა, რითაც კრიტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიტანა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო.
მომავლისკენ
ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე განსახილველად მზადდება ჯანმოს პანდემიის შეთანხმების დანართი “პანდემიურ წვდომასა და სარგებლის გაზიარებაზე”, ხოლო გაეროს გენერალური ასამბლეა პანდემიის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე შეხვედრას მართავს – 2026 წელს ქვეყნებს ეძლევათ ისტორიული შანსი, გააძლიერონ გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოება. ეს შესაძლებელია ვაქცინებსა და სხვა სამედიცინო ინოვაციებზე წვდომის სამართლიანი, სწრაფი და გლობალურად შეთანხმებული სისტემის შექმნით.
როდესაც ჯანმო 2026 წელს მუშაობის მეთოთხმეტე ზოგადი პროგრამით იწყებს, ორგანიზაცია ერთგული რჩება 1948 წელს განსაზღვრული ხედვის: ჯანმრთელობის უმაღლესი შესაძლო სტანდარტი – არა როგორც პრივილეგია ზოგიერთისთვის, არამედ როგორც უფლება ყველასთვის.




