აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის აივ-ისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (STI/STD) პრევენციის ლანდშაფტს ქვეყანაში: დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტები, რომლებიც გამოყოფილი იყო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) პროგრამებისთვის, შეწყდება.
აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის (HHS) წარმომადგენლის განცხადებით, გრანტები წყდება იმ მიზეზით, რომ ისინი “არ ასახავს სააგენტოს პრიორიტეტებს“. შემცირება შეეხება კალიფორნიას, კოლორადოს, ილინოისა და მინესოტას შტატებს და გავლენას მოახდენს შტატებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტებზე, უნივერსიტეტებზე, საავადმყოფოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ აივ-ის პრევენციის, სკრინინგის, ზედამხედველობისა და მაღალი რისკის ჯგუფებთან მუშაობის პროგრამებს.
კონკრეტული გრანტები, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია, მოიცავს 1.1 მილიონ დოლარს ლოს-ანჯელესის ოლქში აივ-ის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისთვის; 5.2 მილიონ დოლარს ჩიკაგოში მდებარე Lurie Children’s Hospital-ისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა შავკანიან ცისგენდერ ქალებში პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) გამოყენების ზრდას; და 7 მილიონ დოლარს ჩიკაგო სითისთვის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დისპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე მოსახლეობის კვლევის მიზნით. ეს პროგრამები მიმართული იყო როგორც ადრეული დიაგნოსტიკის გაუმჯობესებისკენ, ისე პრევენციული საშუალებების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ იმ ჯგუფებში, სადაც ინფექციის ტვირთი ისტორიულად უფრო მაღალია.
თეთრი სახლის ადმინისტრაციული და ბიუჯეტის ოფისის (OMB) წარმომადგენელმა ABC News-ს განუცხადა, რომ შემცირებები შეეხება შტატებს, რომლებსაც “თაღლითობისა და არაეფექტური მართვის ისტორია“ აქვთ. თუმცა ამ ბრალდებების კონკრეტული მტკიცებულებები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, ხოლო იმ შტატების გუბერნატორების ოფისებში, რომლებშიც დაფინანსება შეწყდა, განაცხადეს, რომ მათ ოფიციალური შეტყობინება დაფინანსების შეწყვეტის შესახებ არ მიუღიათ. კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ოფისმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ, ხოლო კოლორადოს გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ფედერალურ ადმინისტრაციასთან შტატის ინტერესების დასაცავად.
ეს ნაბიჯი არ არის იზოლირებული შემთხვევა. 2025 წლის მარტში ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) გააუქმა ათობით აივ-თან დაკავშირებული კვლევითი გრანტი, რაც მეცნიერებისა და კვლევითი საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, როგორც ფედერალური მხარდაჭერის შემცირების ტენდენცია აივ-ის მიმართულებით. გასულ წელს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადმინისტრაცია განიხილავდა CDC-ის აივ-ის პრევენციის განყოფილების სრულად გაუქმების გეგმას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საჯაროდ არ გამოცხადებულა.
კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული შემცირებები ხდება აშშ-ში აივ-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი შედეგების მიაღწევის ფონზე. ფედერალური Minority HIV/AIDS Fund-ისა და CDC-ის მონაცემებით, წლიური ახალი ინფექციების რაოდენობა 1980-იანი წლების პიკთან შედარებით ორ მესამედზე მეტად არის შემცირებული. ეს პროგრესი დაკავშირებულია ადრეული დიაგნოსტიკის გაფართოებასთან, ანტირეტროვირუსული თერაპიის ხელმისაწვდომობასთან და პრევენციული საშუალებების, მათ შორის PrEP-ის დანერგვასთან. ბოლო წლებში აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ხანგრძლივი მოქმედების ინექციური PrEP-იც, რომელიც წელიწადში ორჯერ კეთდება და მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს, რაც ექსპერტების შეფასებით პრევენციის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარღვევად ითვლება.
Human Rights Campaign-ის საჯარო პოლიტიკის უფროსი ადვოკატის, მეთიუ როუზის შეფასებით, ფედერალური დაფინანსების შემცირებამ შეიძლება შეაჩეროს ან უკან დააბრუნოს ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი. მისი თქმით, პრევენციული მუშაობა განსაკუთრებით რთულია, რადგან საჭიროებს საზოგადოების ჩართულობას, სტიგმის შემცირებას და მაღალი რისკის ჯგუფებთან მიზანმიმართულ თანამშრომლობას. როუზი ასევე მიუთითებს პარადოქსზე: 2019 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოიწყო პროგრამა “Ending the HIV Epidemic“, რომლის მიზანი იყო 2030 წლისთვის აივ-ის ეპიდემიის დასრულება აშშ-ში. მისი აზრით, მიმდინარე შემცირებები ამ მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის.
ექსპერტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კერძო დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება შეეცადონ შემცირებული დაფინანსების შევსებას, ფედერალური ბიუჯეტის მასშტაბს ისინი ვერ ჩაანაცვლებენ. აივ-ის სფეროში ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იხარჯება კვლევაზე, მკურნალობაზე და პრევენციაზედა და ეს სისტემური მხარდაჭერა ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს ლაბორატორიულ ქსელებს, ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას, მონაცემთა ანალიზს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამებს.
კონტექსტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად საერთო პროგრესისა, აივ-ის გავრცელება კვლავ არათანაბარია. CDC-ის მონაცემებით, ინფექციის ტვირთი არაპროპორციულად მაღალია შავკანიან და ლათინოს მოსახლეობაში, ასევე გეი და ბისექსუალ მამაკაცებში. ბოლო წლებში ასევე დაფიქსირდა, რომ პროგრესი აივ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეულ ჯგუფებში შენელდა, მათ შორის ესპანურენოვან და ლათინოამერიკელ მოსახლეობაში, რაც მიუთითებს, რომ მიზნობრივი და კულტურულად ადაპტირებული პროგრამები კვლავ აუცილებელია.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების გაფრთხილებით, აივ-ის ზედამხედველობისა და პრევენციის დაფინანსების შემცირება არა მხოლოდ კონკრეტულ პროგრამებს დააზარალებს, არამედ შეასუსტებს მონაცემთა შეგროვებისა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის სისტემებს. ზედამხედველობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დროულად გამოვლინდეს ახალი კერები, შეფასდეს პრევენციული ინტერვენციების ეფექტიანობა და განისაზღვროს რესურსების სწორად განაწილება.
მთლიანობაში, მიმდინარე გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიის გრძელვადიან მიმართულებაზე. ერთ მხარეს დგას არგუმენტი ბიუჯეტური პრიორიტეტებისა და მართვის ეფექტიანობის შესახებ; მეორე მხარეს კი – ათწლეულების განმავლობაში ნაშენი ინფრასტრუქტურა და პროგრესი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა აივ-ის გავრცელება და სიკვდილობა. საბოლოო გავლენა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა შტატები, ადგილობრივი მთავრობები და კერძო სექტორი შექმნილი ფინანსური ნაპრალის შევსებას და შეინარჩუნებენ თუ არა უკვე მიღწეულ შედეგებს.




