წარმოიდგინეთ სადილზე მჯდომი ადამიანი, რომელსაც მეგობრებo სიამაყით გაუმასპინძლდნენ ნადირის ახლადშემწვარ ხორცით. რამდენიმე დღეში ის უკვე მძიმედაა – ცხელება, კუნთების ტკივილი, სისუსტე და სახის შესიება მისთვის უცნაურად სწრაფად ვითარდება. მას პაციენტების რიგი მიჰყვება – თითქმის ყველა ერთნაირი სიმპტომებით. არავინ ფიქრობს, რომ ჩვეულებრივი სუფრა შეიძლება ინფექციური აფეთქების საწყისი იყოს. ასე იწყება ტრიქინელოზის შემთხვევათა უმეტესობა – უხილავი პარაზიტით გადამდები დაავადება, რომელიც ხორცთან ერთად აღწევს ადამიანის ორგანიზმში და მას შიგნიდანვე ანგრევს.
რა არის ტრიქინელოზი?
ტრიქინელოზი პარაზიტული, ინფექციური დაავადებაა, რომელიც 1,5 დან 4,5-მდე მმ-ის ზომის პარაზიტული ჭიის Trichinella spiralis ან Trichinella native-ის ლარვებით ინფიცირებული ხორცის საკვებად მოხმარების შედეგად ვითარდება. ტრიქინელოზით ავადდება როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი 1000-ზე მეტი სახეობის ცხოველი, დაავადების გამოწვევის მიხედვით განსაკუთრებით აქტუალურია ღორი
გადაცემის გზები და დაავადების განვითარება
ტრიქინელოზი ადამიანს გადაეცემა იმ ხორცის მიღებით, რომელიც შეიცავს ტრიქინელას ლარვებს – ძირითადად თერმულად დაუმუშავებელი ან არასაკმარისად მოხარშული ღორის, დათვის, გარეული ღორის, ტახისა ან სხვა მტაცებელი ცხოველის ხორცის მეშვეობით.
მას შემდეგ, რაც ინფიცირებული ხორცი ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ლარვები მიგრირდებიან ნაწლავებში, სადაც მრავლდებიან. ტრიქინელოზს ახასიათებს ორთვიანი ციკლი, რომელშიც ნაწლავური და კუნთოვანი ფაზები ერთმანეთს ენაცვლება. სიმპტომების სიმძიმე ძირითადად დამოკიდებულია ლარვების რაოდენობაზე – რაც მეტი ლარვაა, მით მძიმეა დაავადება.
სიმპტომები და კლინიკური გამოვლინება
ტრიქინელოზის სიმპტომები დამოკიდებულია ლარვების რაოდენობაზე და ადამიანის იმუნურ პასუხზე.
დაწყებით ეტაპზე – ანუ ნაწლავურ ფაზაში – ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:
- გულისრევა
- ფაღარათი
- მუცლის ტკივილი
- მადის დაკარგვა
დაავადების პროგრესირებისას, როცა ლარვები კუნთებში გადადიან, ვითარდება უფრო მწვავე სიმპტომები, როგორიცაა:
- კუნთების ძლიერი ტკივილი
- ცხელება
- თვალის ქვეშ შეშუპება
- თავის ტკივილი
- სუსტი წნევა ან ტკივილი მოძრაობისას
- ჰალუცინაციები
იშვიათად, როცა პარაზიტები აღწევენ გულსა ან ფილტვებში, ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორიცაა გულის კუნთის და თავის ტვინის ანთებას.
უმეტესად, მსუბუქი შემთხვევები თვითგაკურნებადია, თუმცა მძიმე ფორმების მკურნალობა აუცილებელია და მოითხოვს ჰოსპიტალიზაციასა და ანტიპარაზიტულ თერაპიას.
ტრიქინელოზის ისტორია და გლობალური გამოცდილება
ტრიქინელა პირველად აღწერეს 1835 წელს, როდესაც ბრიტანელმა სტუდენტმა ჯეიმს პაჟეტმა და მისმა პროფესორმა რიჩარდ ოუენმა აღმოაჩინეს კუნთში ჩასახლებული უცნობი პარაზიტები.
მე-19 საუკუნის ბოლომდე ტრიქინელოზი მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პრობლემად იქცა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში – განსაკუთრებით ღორის ხორცის ფართო მოხმარებისა და ხორცის არასაკმარისი სითბური დამუშავების ფონზე.
აშშ-ში, 1940-იან წლებში წლიურად ათასობით შემთხვევა ფიქსირდებოდა. შემდეგ წლებში, საკვების უსაფრთხოების რეგულაციებმა, ხორცის ვეტერინარულმა კონტროლმა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებამ შემთხვევების რიცხვი მკვეთრად შეამცირა.
ტრიქინელოზის ეპიდემიური აფეთქებები დღემდე ფიქსირდება სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც გარეული ცხოველების ხორცი პოპულარულია ან ხორცის კონტროლი არასათანადოა. ის რჩება როგორც საკვები გზით გადამდები ინფექციის კლასიკური მაგალითი, რომლისგანაც არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის – მით უმეტეს, თუ საზოგადოებრივი ცნობიერება და კონტროლის მექანიზმები სუსტია.
ტრიქინელოზის ეპიდაფეთქებები საქართველოში
21-ე საუკუნის დასაწყისში ტრიქინელოზი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვები გზით გადამდებ ინფექციად ითვლებოდა საქართველოში. შემთხვევების 90%-ზე მეტი მოდიოდა ზამთრის პირველ თვეებზე — იანვარსა და თებერვალზე — რაც ღორის ხორცის დაკვლის ტრადიციულ პერიოდს ემთხვევა.
ადრეულ ეპიდაფეთქებებს ხშირად იწვევდა ნანადირევი ცხოველების, განსაკუთრებით კი დათვის ინვაზირებული ხორცის საკვებად გამოყენება. საინტერესოა, რომ 2008-2009 წლებში ქვეყანაში არ ყოფილა ეპიდაფეთქება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება აფრიკული ღორის ჭირის გავრცელებასა და შედეგად ღორების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას.
შემთხვევები კვლავ გამოჩნდა მომდევნო წლებში, თუმცა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში ტრიქინელოზის შემთხვევები არ აღრიცხულა. ამის შესაძლო მიზეზებიაა, როგორც ვეტერინარული ზედამხედველობის შესუსტება, ასევე სოციალური თავყრილობებისა და დიდი სუფრების შემცირება.
2023 წელს დაფიქსირდა — ოფიციალურად დარეგისტრირდა 10 შემთხხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ის გვახსენებს, რომ ტრიქინელოზი კვლავ აქტუალური საფრთხეა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ვეტერინარული კონტროლი და საზოგადოებრივი ცნობიერება არასაკმარისია.

ბოლო სიტყვა – რა უნდა ვქნათ?
დასკვნა
ტრიქინელოზი დღესაც არ არის სრულად დაძლეული, მთელი მსოფლიოს ირგვლივ ყოველწლიურად 10 000 მეტი შემთხვევა აღირიცხება— არც საერთაშორისო მასშტაბით და არც საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია, ინფექციის ბუნებიდან გამომდინარე, ის შეიძლება კვლავ დაბრუნდეს იქ, სადაც საკვების უსაფრთხოება, ვეტერინარული კონტროლი სუსტია და სათანადოდ არ ხორციელდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ გარეული ცხოველების ხორცის დაუმუშავებლად მოხმარება, ან არაჰიგიენურ პირობებში დაკვლა და ხორცის შენახვა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში შედეგების მიზეზი გახდეს. ტრიქინელოზის თავიდან აცილება შესაძლებელია მარტივი ნაბიჯებით: ხორცის სათანადო სითბური დამუშავება, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და მოსახლეობის ინფორმირება.
დღეს, როცა საკვების გლობალური ჯაჭვი უფრო და უფრო რთული ხდება, ტრიქინელოზის მსგავსი „დავიწყებული“ დაავადებების მონიტორინგი და პრევენცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საქართველოს აქვს შესაძლებლობა — და პასუხისმგებლობაც — გააძლიეროს პროფილაქტიკური ზომები და დაიცვას თავისი მოსახლეობა ამ მძიმე, მაგრამ თავიდან აცილებადი ინფექციისგან
სტატია მომზადებულია gowell.ge-სთვის.
წყაროები: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, WHO, CDC, WOAH




