დიფთერია მძიმე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გართულების შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშია. ეს ინფექცია ადამიანებს შორის წვეთოვანი გზით ვრცელდება და ადრე მას “ბავშვობის უბედურებას” უწოდებდნენ. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობდა ბავშვებში და ხშირად სწრაფად ვრცელდებოდა სკოლებში. იმ პერიოდში დიფთერიას აღწერდნენ შემდეგი სიტყვებით: „ინფექცია შემზარავი გზით მოქმედებს, ერთდროულად წამლავს მსხვერპლს და თან ნელ-ნელა ახშობს მას, რადგან ბაქტერიების ფენა ყელში სქელ საცობად გარდაიქმნება“. ეფექტური ვაქცინის შექმნამდე დიფთერიით ათიათასობით ადამიანი იღუპებოდა ყოველწლიურად, თუმცა დღეს ეს დაავადება პრაქტიკულად აღარ არსებობს.
ტეტანუსი, იგივე “ჭვალის დაავადება,” ბაქტერიით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც ორგანიზმში დაბინძურებული ჭრილობებიდან აღწევს. ის ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს და ძლიერი კუნთების სპაზმებს იწვევს, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ტეტანუსი გარემოს დაბინძურებული ნიადაგით, მტვრით ან ნარჩენებით ინფიცირებული ჭრილობიდან ვრცელდება, თუმცა პირიდან პირის გადადება არ ხდება.
ტეტანუსისა და დიფთერიით დაინფიცირების, მათი გართულებებისა და შესაძლო სიკვდილის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება ვაქცინაციაა. ამ ორი ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ ინექციად ტარდება, რაც ზრდის ვაქცინაციის სიხშირის შესრულების ეფექტურობას.
ვაქცინაციის განრიგი
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, ტეტანუსისა და დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა 6-ჯერ კეთდება ბავშვის ცხოვრების განმავლობაში (2, 3, 4, 12 თვის, 5 და 14 წლის ასაკში). 14 წლის შემდეგ, რადგან ვაქცინის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა
განმავლობაში ქვეითდება, რეკომენდებულია ყოველ 10 წელიწადში ერთხელ “ბუსტერ” დოზის გაკეთება.
პოსტ-ექსპოზიციური აცრა
თუ ვაქცინაციის დაახლ. 10-წლიანი ინტერვალის პერიოდში ადამიანი ექვემდებარება პოტენციურად დაბინძურებული წყაროსთან მძიმე ექსპოზიციას (მაგალითად, ღრმა ჭრილობის ან მძიმე დამწვრობის დროს), ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია ტეტანუსის საწინააღმდეგო პოსტ-ექსპოზიციური ვაქცინაციის ჩატარება.
ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება და ხელმისაწვდომია ვაქცინაციის პუნქტებში