აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი, სიუზან მონარესი, თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ამ მოვლენას პროტესტის ნიშნად სააგენტოს ოთხი სხვა მაღალჩინოსნის გადადგომა მოჰყვა, რაც ჯანდაცვის სისტემაში ვაქცინების პოლიტიკის გამო გამწვავებულ კრიზისზე მიუთითებს.
ხუთშაბათს, “Wall Street Journal”-ში გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში, თავად სიუზან მონარესმა პირველად ისაუბრა მისი გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზებზე. მისი თქმით, მასზე ახორციელებდნენ ზეწოლას, “წინასწარ დაემტკიცებინა” და ავტომატურად მოეწერა ხელი ჯანდაცვის მდივან რობერტ კენედი უმცროსის მიერ შერჩეული ვაქცინების მრჩეველთა პანელის ყველა რეკომენდაციისთვის.
“CDC ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებას ამერიკელი ხალხის წინაშე, თუ მის ლიდერს არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღებისას მტკიცებულებები მოითხოვოს”, – წერს მონარესი და ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს და არა იდეოლოგიას. მან მრჩეველთა კომიტეტების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებასა და მეცნიერების გათავისუფლებას “საბოტაჟი” უწოდა.
მონარესის გათავისუფლების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს: დებრა ჰაური (მთავარი სამედიცინო ოფიცერი), დიმიტრი დასკალაკისი (იმუნიზაციის ცენტრის დირექტორი), დენიელ ჯერნიგანი (ინფექციურ დაავადებათა ცენტრის დირექტორი) და ჯენ ლეიდენი (მონაცემების ოფისის დირექტორი). გადადგომის წერილებში ისინი საუბრობენ დეზინფორმაციის ზრდაზე, მეცნიერებაზე თავდასხმაზე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის “გაპოლიტიკურებაზე”. დებრა ჰაური წერდა, რომ “დეზინფორმაციას ადამიანების სიცოცხლე ეწირება, რისი დემონსტრირებაც იყო აშშ-ში წითელას შემთხვევების 30-წლიანი მაქსიმუმი და ჩვენს სააგენტოზე ძალადობრივი თავდასხმა”.
თავად მონარესიც ეხმაურება CDC-ის შტაბ-ბინაზე მომხდარ სროლას და აღნიშნავს, რომ ეს ინციდენტი, რომელიც გამომძიებლებმა ვაქცინებისადმი უნდობლობას დაუკავშირეს, ხაზს უსვამს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენის სასიცოცხლო აუცილებლობას.
სტატიის ბოლოს მონარესი წერს, რომ ის გაათავისუფლეს მეცნიერების პრინციპების “მტკიცედ დაცვისთვის”. ის ასკვნის მძიმე სიტყვებით: “მე სამსახური დავკარგე. ამერიკის ბავშვებმა შესაძლოა ბევრად მეტი დაკარგონ”




