2025 წლის აგვისტო – ბოლო კვირებში ამერიკის შეერთებულ შტატებში სოციალური ქსელები და საინფორმაციო სააგენტოები უცნაური და შემაშფოთებელი კადრებით აჭრელდა. მოსახლეობა აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც ასახულია მეჭეჭებითა და წყლულებით დაფარული ციყვები და კურდღლები, რომლებსაც სახეზე “რქები“ და „საცეცები“ აქვთ. ეს ცხოველები თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან გადმოვიდნენ, თუმცა რეალობა გაცილებით პროზაულია – ისინი იშვიათი, მაგრამ რეალურად არსებული ვირუსების მსხვერპლნი არიან. ველური ბუნების ექსპერტები მოსახლეობას სიმშვიდისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
მეჭეჭებით დაფარული “ზომბი“ ციყვები

“ვირუსმა მღრღნელებს იერსახე მეჭეჭისმაგვარი კვანძებით დაუმახინჯა.“ ფოტო: Evelyn’s Wildlife Refuge)
ყველაფერი Reddit-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო, რასაც მალევე მოჰყვა მსგავსი შემთხვევების ტალღა მთელი ჩრდილოეთ ამერიკიდან. შემაშფოთებელ ფოტოებზე ჩანს ციყვები, რომელთა სხეული – მათ შორის სახე, თვალები, კიდურები და სასქესო ორგანოებიც კი – დაფარულია უზარმაზარი სიმსივნური კვანძებით, რომლებიც ხშირად სკდება და საიდანაც ჩირქი გადმოდის.
რა იწვევს ამას? ექსპერტების განცხადებით, დამნაშავეა ციყვის ფიბრომატოზი (Squirrel Fibromatosis), იგივე ციყვის ყვავილის (Squirrel Pox) ვირუსი, რომელიც მღრღნელებს მეჭეჭისმაგვარი წანაზარდებით ამახინჯებს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ეპიდემიის გაღვივებას ხელს უწყობს ბაღებში განთავსებული ფრინველების საკვებურები. “ეს იგივეა, რაც ხალხმრავლობა. თუ ვინმე ავადაა და დაავადება ადვილად ვრცელდება, სხვებიც დაინფიცირდებიან”, – აცხადებს ველური ბუნების ბიოლოგი შევენელ ვები. “ერთი დაავადებული ციყვის ნერწყვი საკვებურზე რჩება და ვირუსის გავრცელებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის”.
საშიშია თუ არა ადამიანისთვის? საბედნიეროდ, ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ეს ვირუსი ადამიანებისა და შინაური ცხოველებისთვის საშიში არ არის. მიუხედავად ამისა, ისინი კატეგორიულად გვირჩევენ, არ ვცადოთ ასეთი ციყვის დაჭერა ან მასთან კონტაქტი. უმეტეს შემთხვევაში, ციყვები თავად უმკლავდებიან ვირუსს და გამოჯანმრთელდებიან, თუმცა თუ დაავადება შინაგან ორგანოებამდე აღწევს, ცხოველი განწირულია.
“ფრანკენშტეინის” კურდღლები
ციყვების პარალელურად, კოლორადოს შტატში დაფიქსირდა კურდღლების შემთხვევები, რომლებიც ნამდვილ კოშმარს ჰგავს. ადგილობრივების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს კურდღლები, რომლებსაც თავზე, თვალებისა და პირის გარშემო მუქი ფერის, რქისმაგვარი “საცეცები” აქვთ. ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღწერა, რომ ცხოველს “პირის გარშემო შავი ეკლები ან შავი კბილის ჩხირები” ჰქონდა ჩარჭობილი.

ვირუსით დაავადებული ზოგიერთი კურდღელი შიმშილით იხოცება პირისა და თვალების გარშემო მზარდი “რქების” გამო. ფოტო: Education Images/Universal Images Group via Getty Images)
რა არის ამის მიზეზი? ამ ფენომენის უკან დგას კურდღლის პაპილომავირუსი (CRPV), იგივე შოუპის პაპილომავირუსი. ეს ვირუსი კურდღლის კანზე კერატინის სიმსივნეების ზრდას იწვევს. დროთა განმავლობაში ეს წანაზარდები იზრდება და შავ, მყარ “რქებად” იქცევა. ვირუსი ძირითადად პარაზიტების – რწყილებისა და ტკიპების – ნაკბენით ვრცელდება.
საინტერესოა, რომ სწორედ ეს ვირუსი ითვლება ამერიკული ფოლკლორის პერსონაჟის, “ჯეკალოპის” (Jackalope) – ანტილოპას რქებიანი კურდღლის – შთაგონების წყაროდ.
რა ბედი ეწევათ დაავადებულ კურდღლებს? ციყვებისგან განსხვავებით, კურდღლებისთვის ეს ვირუსი ხშირად სასიკვდილოა. წანაზარდები შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ ცხოველს ხედვაში, კვებასა და სმენაში შეუშალოს ხელი, რაც საბოლოოდ შიმშილით სიკვდილს იწვევს.
საშიშია თუ არა ადამიანისთვის? კურდღლის პაპილომავირუსიც ადამიანისთვის საშიში არ არის, თუმცა კოლორადოს ველური ბუნების სააგენტო (CPW) მაინც მკაცრ გაფრთხილებას იძლევა: მოერიდეთ ნებისმიერ კონტაქტს ასეთ ცხოველთან.
ორივე შემთხვევაში, ექსპერტების მთავარი გზავნილი ერთია: პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია. ეს დაავადებები ველური ბუნების ნაწილია. მთავარი რეკომენდაციაა, დავაკვირდეთ ცხოველებს შორიდან, არ შევეხოთ მათ და არ ვცადოთ მათი დახმარება.
ასევე დაგაიტერესებთ:




